პერსონალური სანქციები იმის დასტურია, რომ არჩევნების მიტაცება, საქართველოს მოქალაქეების წამება და მათ წინააღმდეგ მძიმე უფლებადარღვევების ჩადენა არავის შერჩება,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, სანქციები ამერიკის შეერთებული შტატებისა მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობასა და მხარდაჭერას ადასტურებს.
„დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ 20 მოძალადე წარმომადგენელს და მათ ოჯახის წევრებს. ეს პერსონალური სანქციები არის დასტური იმისა, რომ არავის შერჩება არჩევნების მიტაცება, ქართველი ხალხის ნების გაყალბება, საქართველოს მოქალაქეების წამება და მათ წინააღმდეგ მძიმე უფლებადარღვევის ჩადენა.
პერსონალური სანქციები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ასევე არის, პირველ რიგში, მხარდაჭერის და სოლიდარობის დადასტურება საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მე-15 დღეა უწყვეტად, პრინციპულად და ერთიანად, როგორც თბილისში ასევე საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებში აპროტესტებენ მოძალადე ხელისუფლებას და მის არა ქართულ, არამედ რუსეთის სასარგებლო პოლიტიკას, რომელმაც გააჩერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი.
ამ წუთებშიც, თბილისის ქუჩები სავსეა საქართველოს მოქალაქეებით, რომელთა პროტესტის ხმაც ესმით არა მარტო საქართველოში, არამედ ესმის ცივილიზებულ დასავლეთს. რა თქმა უნდა, ეს არის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერის აქტი, ჩვენ ასევე ველოდებით, რომ პრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაციისგან სანქციები საწყისი ნაბიჯია და ველოდებით, რომ კიდევ უფრო ხისტი ნაბიჯები გადაიდგმება. ასევე გვაქვს სრული მოლოდინი იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ახალი ადმინისტრაცია, ასევე იქნება ქართველი ხალხის მხარდამჭერი და სოლიდარული საქართველოში დემოკრატიის მიმართ. ეს ეფუძნება იმ ფაქტებს, რომელიც სახეზეა, იმ ორპარტიულ მხარდაჭერას, რომელიც არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველი ხალხის მიმართ, „მეგობარ აქტს“, რომლის მიღებასაც ჩვენ ძალიან მალე ველით.
ასევე, ვნახეთ მოქაალქეების მხრიდან პეტიცია პრეზიდენტ ტრამპის სახელზე, მიმართვა, რომელსაც უფრო და უფრო მეტი მოქალაქე უერთდება საქართველოში. დარწმუნებული ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში კიდევ უფრო ხისტი გახდება დამოკიდებულება რუსეთის მსახური, ავტოკრატიული რეჟიმის მიმართ.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, საქართველოში დადგება დღე, როდესაც რეჟიმს მოუწევს პასუხი აგოს რეფორმირებული, სამართლიანი და დამოუკდიებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე, ყველა იმ დანაულისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს საქართველოს მოქალაქეების და სახელმწიფოს წინააღმდეგ.
გამოსავალი, შექმნილი უმწვავესი კრიზისიდან, არის ერთადერთი - დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლება ყველა იმ პირისა, რომელიც ტყვედ ჰყავს აყვანილი რუსეთის მსახურ ხელისუფლებას, იმ პატრიოტი ადამიანებისა, რომელთაც ბრალი ედებათ ქვეყნის სიყვარულში და მეორე, ახალი სამართლიანი არჩევნების დანიშვნა. სხვა გამოსავალი რეჟიმს არ დარჩენია.
სანქციები და სხვა საერთაშორისო პოზიციონირება ადასტურებს, რომ მათ არ აქვთ ლეგიტიმაცია, მათ არავინ აღიარებს ლეგიტიმურ ხელისუფლებად. ერთადერთი რაც მათ რჩებათ, არის ის რომ ახალი, სამართლიანი არჩევნები დაინიშნოს, რომლითაც ქართველი ხალხი თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში გადაწყვეტს თავისი ქვეყნის ბედს“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.