03:49 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-12 16:35:19, 409 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიები - არალეგიტიმურ პარლამენტს პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება არ გააჩნია - პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი რჩება

არალეგიტიმურ პარლამენტს არ გააჩნია პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება, ამდენად სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში,- ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ.

განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ გააცნო, ასევე აღნიშნულია, რომ შექმნილი უმძიმესი კრიზისიდან მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი ახალი და სამართლიანი არჩევნებია.

„ჩვენ, 26 ოქტომბერს გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები არ ვცნობთ და არ ვაღიარებთ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, მის არცერთ შტოს, რადგან ივანიშვილმა არჩევნების ნაცვლად, კონსტიტუციური გადატრიალება მოაწყო საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ. ივანიშვილმა პროპაგანდით დაპირებული მშვიდობის მაგიერ, ღია რეპრესიები, ტერორი და წამება დაუპირისპირა საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ევროპულ და დემოკრატიულ არჩევანს. მისმა ბანდფორმირებებმა 500-მდე ადამიანი პოლიტპატიმრად აქცია, რომელთაგანაც 400-მდე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. პასუხად ქართველი ხალხი აგრძელებს მტკიცე, უწყვეტ და უპრეცედენტოდ მასშტაბურ პროტესტს მთელ საქართველოში, რაც გამარჯვების მთავარი წინაპირობაა.

მთელი ცივილიზებული სამყარო, საქართველოს ლეგიტიმური პოლიტიკური სპექტრი და მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა მოვითხოვთ, საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის მებრძოლი პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. რეჟიმის არცერთი მსხვერპლი არ დარჩება სათანადო ზრუნვის, ხოლო არცერთი მოძალადე უმკაცრესი სასჯელის გარეშე. ყველა პირი, რომელიც ძალადობს მშვიდობიან დემონსტრანტებზე, პასუხის აგებს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში განსაკუთრებული ზეწოლისა და ძალადობის ობიექტი გახდა თავისუფალი მედია. მადლობას გიხდით და სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ ჟურნალისტებსა და მედიის სხვა წარმომადგენლებს.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი არის საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად, სახელმწიფოს ლეგიტიმური წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილია. არ ვცნობთ 14 დეკემბერს, ივანიშვილის მიერ მიტაცებულ ე.წ. პარლამენტში, რომელსაც არ აქვს არც საერთაშორისო და არც ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ლეგიტიმაცია, ჩანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. არალეგიტიმურ პარლამენტს არ გააჩნია პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება, ამდენად სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში.

შექმნილი უმძიმესი კრიზისიდან არსებობს მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი - ახალი და სამართლიანი არჩევნები, სადაც თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფოს ბედს გადაწყვეტენ. ვაფასებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების თანადგომას და ველით შემდგომ ქმედით და მკვეთრ ნაბიჯებს“, - ნათქვამია სამი ოპოზიციური პარტიის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics