|
2016-02-26 16:00:53, 743 ნახვა
პოლიტიკა
სანდრო ბრეგაძე: „რესპუბლიკელებს“ ირაკლი ღარიბაშვილთან მწვავე დაპირისპირება ჰქონდათ, იგი აიძულეს გადამდგარიყო (ინტერვიუ)
დაიშლება თუ არა კოალიცია „ქართულ ოცნება“ არ ვიცი, მაგრამ გუნდში კოალიციის დაშლაზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილმა მოადგილემ სანდრო ბრეგაძემ განაცხადა. ბრეგაძის განცხადებით, ის თანამდებობიდან „რესპუბლიკურ“ პარტიასთან დაპირისპირების გამო გაათავისუფლეს. მისი თქმით, კოალიციის უმეტესობა, მათ შორის მინისტრთა კაბინეტშიც „რესპუბლიკური“ პარტიის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი. უფრო მეტიც, აცხადებს, რომ „რესპუბლიკელებს“ ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან მწვავე დაპირისპირება ჰქონდა. მინისტრის ყოფილი მოადგილის განცხადებით, ღარიბაშვილის წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ეს გახდა. სანდრო ბრეგაძის მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობა საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია, ექს-პრემიერი აიძულეს, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. რატომ დატოვა თანამდებობა, რა ხდება კოალიციაში და რა გეგმები აქვს სამომავლოდ, - ამ საკითხებზე „ექსპრესნიუსი“ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილ მოადგილეს სანდრო ბრეგაძეს ესაუბრა. მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ გაიძულეს თანამდებობა დაგეტოვებინათ, შემდეგ უკვე მწვავე განცხადება „რესპუბლიკელების“ მისამართით გააკეთეთ. „რესპუბლიკელებმა“ გაიძულეს თანამდებობის დატოვება? ამ საკითხის ინიციატორები სწორედ „რესპუბლიკელები“ იყვნენ. ანუ ამის მცდელობა აქამდეც ყოფილა? პირდაპირი მითითება თუ ყოფილა, რომ ეს ნაბიჯი გადაგედგათ? რა თქმა უნდა. ჩემი მუშაობით „რესპუბლიკელები“ და სხვა „ლიბერანტური“ იდეოლოგიის მქონე ადამიანები ჩვენი მუშაობით აღფრთოვანებული არ იყვნენ. ეს ბუნებრივიცაა, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული იდეოლოგია. ეს ვითარება დაახლოებით ნახევარი წლის წინ განსაკუთრებით გამწვავდა. მას შემდეგ რაც ორგანიზაციის „იდენტობას“ ხელმძღვანელმა ირაკლი ვაჭარაძემ სოციალურ ქსელში სრულიად ამორალური და ამაზრზენი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს ნომერ პირველ მტრად მოიხსენია და მისი დაპატიმრება მოითხოვა. ამ თემაზე მე საკმაოდ მძაფრი რეაქცია მქონდა და სერიოზულად დავუპირისპირდი ყველა იმ ადამიანს, ვინც საქართველოს სულიერ ლიდერს ილია მეორეს და საერთოდ რელიგიას მიაყენებდა შეურაცხყოფას. ანუ გუნდში განხეთქილების მიზეზი ვაჭარაძის პოსტი გახდა? დიახ, ეს იყო ერთ-ერთი მაპროვოცირებელი. რის გამოც გარკვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩემი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს, ამას მხარი „რესპუბლიკურმა პარტიამაც“ დაუჭირა, კერძოდ თინათინ ხიდაშელმა და დავით ზურაბიშვილმა. მაშინ მთავრობის ხდომაზე ხიდაშელმა ჩემი გადაყენების საკითხი დააყენა. ეს საკითხი მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წაუყენა, ღარიბაშვილმა მაშინ „რესპუბლიკელების“ ამ მოთხოვნას სათანადო პასუხი გასცა და მათ ამ თემაზე საუბარი აუკრძალა. ამ ნახევარი წლის განმავლობაში „რესპუბლიკელები“ მის მიერ კონტროლირებადი არასამთავრობოების სახელით მუდმივად ითხოვდნენ ჩემი თანამდებობიდან გადაყენებას. ამბობთ, რომ მუდმივად ითხოვდნენ თქვენი თანამდებობიდან გადაყენებას, თუმცა თქვენი არ ტოვებდით მინისტრის მოადგილის პოსტს, ახლა რა მოხდა, რამ გაიძულათ რომ გადამდგარიყავით? ახლა ჩვენ მთელი სიმწვავით დავაყენეთ საკითხი, რომ განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილება, რათა კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ამ ჩანაწერით ფაქტობრივად სამუდამოდ აიკრძალება ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინება. ამის შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა დაპირისპირება. მთავრობის სხდომაზე ხიდაშელმა კიდევ ერთხელ დააყენა ჩემი გადაყენების საკითხი, ფაქტობრივად მან პრემიერ-მინისტრი კუთხეში მიაყენა, შანტაჟის გზით. იმუქრებოდნენ, რომ თუ მე არ გადამაყენებდნენ, მაშინ „რესპუბლიკელები“ კოალიციას დატოვებდნენ. გიორგი კვირიკაშვილმა ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა „რესპუბლიკელთა“ ამ შანტაჟს. საბოლოოდ ჩემს წინაშე დადგა საკითხი, ან აღარ უნდა მომეთხოვა კონსტიტუციაში სექსულური უმცირესობების ქორწინების ამკრძალავი ჩანაწერის გაკეთება, ან მე უნდა დამეტოვებინა თანამდებობა. ეს საკითხი კონკრეტულად ვინ დაგიყენათ? როგორც გითხარით, ეს მომდინარეობდა „რესპუბლიკელების“ მხრიდან, მაგრამ ჩემთან ეს საკითხი სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძემ დააყენა. დუმბაძემ მითხრა, რომ თუ მე არ გავჩერდებოდი და უარს არ ვიტყოდი ამ მოთხოვნაზე, მაშინ 15 წუთში უნდა დამეწერა გადადგომის მოთხოვნა, ან იძულებული იყო ჩემი გათავისუფლების ბრძანება დაეწერა. მე დავინახე, რომ ძალიან რთულ ვითარებაში ჩადგა პრემიერ-მინისტრი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მინისტრები... მე ყველანი გავათავისუფლე ამ ტვირთისგან გადავდგი ვაჟკაცური ნაბიჯი და ჩემი ნებით გადავდექი. ამით ვაჩვენე მაგალითი, რომ თანამდებობა და სკამი არაფერს ნიშნავს იმ დიდ იდეასთან, რასაც ეროვნული იდეა ჰქვია. ახსენეთ, რომ თქვენს გადადგომას რამდენიმე მინისტრი უპირისპირდებოდა. ვინ იყვნენ ეს მინისტრები? იცით რა? ისინი თანამდებობებზე რჩებიან, ამიტომ მე ვერ ჩავაყენებ მათ უხერხულ პოზიციაში. როდესაც თინა ხიდაშელის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთეთ, „რესპუბლიკელმა“ დავით ბერძენიშვილმა გიპასუხათ, რომელმაც თქვა რომ იდეური აზრთა სხვადასხვაობა წლებია რაც თქვენს შორისაა ჯერ კიდევ იმ დროიდან როდესაც თქვენ „აღორძინების“ აქტივისტი იყავით და „რესპუბლიკელები“ გიპირისპირდებოდნენ... მას ახლო ისტორიით დაუწყია საუბარი. ჩვენი იდეური დაპირისპირება ჯერ კიდევ იმ დროიდან დაიწყო, როდესაც „რესპუბლიკელთა“ ლიდერები საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ბრძოლაში იყვნენ ჩართულები. მაშინ „რესპუბლიკელები“ კიტოვანის გვერდით იმყოფებოდნენ. ჩვენ გავერთიანდით მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. ჩვენ არ გავერთიანებულვართ იმისთვის, რომ ან მე გადავსულიყავი „რესპუბლიკელების“ იდეებზე, ან ისინი გადმოსულიყვნენ ჩემს იდეებზე. ახლა მიმაჩნია, რომ ყველა პარტიამ ცალ-ცალკე იყარონ კენჭი და ყველამ თავისი ავტორიტეტის შესაბამისად მოიპოვონ ხმები პარლამენტში ადგილები. გუნდში დაპირისპირება ამ თემაზეც არის? გუნდში აბსოლუტურად ყველა საუბრობს იმაზე, რომ ყველამ ცალ-ცალკე იყაროს კენჭი. ანუ კოალიციის დაშლაზე საუბარი აქტიურად მიდის? დაიშლება თუ არა კოალიცია ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ ამაზე აქტიური საუბარი, რომ მიმდინარეობს, ამას გიდასტურებთ. დავით ბერძენიშვილმა ისიც თქვა, რომ თუ მაგარი ბიჭი იყო სანდრო ბრეგაძე, მაშინ რატომ გადადგაო... რას უპასუხებთ? მე ფაქტობრივად მომხსნეს თანამდებობიდან. მისგან მაგარ ბიჭობაზე საუბარი ცოტა უხერხულია. ვიმეორებ, მე არ მაქვს მათთან პიროვნული დაპირისპირება. პიროვნულ შეურაცხყოფას არ ვაპირებ, მათგან განსხვავებით. ეს იქნება მორალური სიმდაბლის გამოხატულება. როცა გეუბნებიან წადიო, უნდა წახვიდე. „რესპუბლიკელებს“ ყველა ეუბნება წადიო, მაგრამ მაინც არ მიდიან. ვინ ეუბნებათ, დაასახელეთ კონკრეტული გვარები... ძალიან ზოგადად საუბრობთ... მთელი კოალიცია. გვარები მე რატომ უნდა დავასახელო, თუ საჭიროდ ჩათვლიან თავად იტყვიან. ყველა ეუბნება წადიო, ესენი კი პატარა ბავშვებივით იხვეწებიან დაგვტოვეთო. „რესპუბლიკელებს“ კოალიციის ძალიან ბევრ პოლიტიკოსთან პიროვნული დაპირისპირება აქვთ. ჰქონდათ თუ არა მათ დაპირისპირება ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან? დიახ, ძალიან მწვავე დაპირისპირება ჰქონდათ. ამას ხომ არ შეეწირა ღარიბაშვილის პრემიერობა? არ ვიცი ამ საკითხის გამო გადააყენეს თუ არა ბატონი ირაკლი, მაგრამ ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ „რესპუბლიკელებთან“ ძალიან მწვავე დაპირისპირება ჰქონდა. ახსენეთ გადააყენესო და გადააყენეს? მასაც ის პირობები შეუქმნეს, რომ წასულიყო. ისევე, როგორც მე. „რესპუბლიკელებთან“ დაპირისპირება მხოლოდ ლგბტ ადამიანების საკითხზე გქონდათ თუ იყო სხვა საკითხებიც, მაგალითად რელიგიური უმცირესობების თემა. ცნობილია, რომ „რესპუბლიკელები“ მხარს უჭერენ მეჩეთების მშენებლობას. ესეც ხომ არ გამხდარა გუნდში დაპირისპირების მიზეზი? პირდაპირ გეტყვით, მე არ მინდა წარმოვჩნდე უმცირესობების მლანძღველ ადამიანად. პირიქით, მე მინდა რომ ყველანაირ უმცირესობას ჰქონდეთ განვითარებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების საშუალება, მაგრამ როდესაც გარედან ანგაჟირებული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ ქვეყანას მოახვიონ გარყვნილების პროპაგანდა, ცდილობენ თუნდაც ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანთა დაკანონებას, მაშინ მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ასევე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ილია მეორის მიმართ წარმოებულ აღვირახსნილ კამპანიაზე, ასევე ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენლის და მითუმეტეს მათ სულიერ ლიდერზე წარმოებულ კამპანიაზე. ვინაიდან მიმაჩნია, რომ სადაც იწყება ლანძღვა-გინება და ცილისწამება იქ მთავრდება ტოლერანტობა. აქედან გამომდინარე მე დავუპირისპირდები იმ ათეისტების იდეებს, რომლებიც მართლმადიდებლობასა და ჩვენს ეროვნულობას უპირისპირდებიან. მე მათ ქართველთმოძულეებს ვეძახი. ესენი არიან: გიგი თევზაძე, გია ნოდია, ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური, ნინია კაკაბაძე, გოგი გვახარია და სხვები, ასევე „რესპუბლიკელებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ყველას ლიდერი არის გიგა ბოკერია. შესაძლოა თქვენთვის მოულოდნელობაც იყოს, მაგრამ ფაქტი ესაა, რომ „რესპუბლიკელებს“, განსაკუთრებით ასეთ სენსიტიურ საკითხებში მართავს გიგა ბოკერია. ბოკერია არის თინა ხიდაშელის, დავით ზურბიშვილისა და ძმები ბერძენიშვილების უახლოესი მეგობარი. დღემდე აქვთ კონტაქტები და დღემდე ერთობლივი ძალისხმევით აწარმოებენ ბრძოლას ქართული ეროვნულობის წინააღმდეგ. ძალიან სერიოზული ბრალდებაა. თინა ხიდაშელი ალბათ დაგადანაშაულებთ ცილისწამებაში. თუ გაქვთ ამის დამადასტურებელი ფაქტები? ამის თაობაზე საკმაოდ სერიოზული, გადამოწმებული ინფორმაცია მაქვს. უფრო მეტიც, ამის შესახებ ინფორმაცია არა მარტო მე არამედ, მინისტრთა კაბინეტის წევრებსაც ჰქონდათ. მაგრამ ეს არის ინფორმაცია და არა ფაქტები. ჩვენ არ დავდევთ ადამიანებს, არ ვიღებთ ფარულად. მინისტრთა კაბინეტის წევრებიდან ვის აქვს ეს ინფორმაცია? არ მინდა ვინმე უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო ამიტომ კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. დეპუტატმა სოსო ჯაჭვილნმა პარლამენტში რელიგიური გრძნობების შესახებ კანონპროექტი ჰქონდა შეტანილი, თუმცა მან კანონპროექტი გაიწვია. რა ინფორმაციას ფლობთ ამასთან დაკავსირებით, ხომ არ აიძულეს ის რომ კანონპროექტი უკან გაეწვია? კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ როდესაც დეპუტატს პარლამენტში შეაქვს კანონპროექტი და მის დასამტკიცებლად იბრძვის და უცებ ის უკან იწვევს კანონპროექტს ეს ცალსახად იძულებაა. ხშირ შემთხვევაში იძულება არის შანტაჟის გზა, ზოგჯერ ცილისწამება... აქამდე ყოფილა მსგავსი პრეცენდენტი? ამ კონკრეტულ საკითხზე კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ. რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, მე ვუფრთხილდები ჩემი კოლეგებს იმიჯს, ამიტომ ამ საკითხზე დამატებითი შეფასებების გაკეთებას ვერ დავიწყებ. რას აპირებთ სამომავლოდ? ჩემი იდეების განხორციელებაზე უარს არ ვიტყვი. შეიკრიბება ორგანიზაცია „ეროვნულები“ და გამგეობის წევრებთან ერთად დავსახავ სტრატეგიას. ერთი რამე ცალსახად შემიძლია გითხრათ, რა პროვოკაციებიც და ცილისწამებაც არ უნდა იყოს. ჩვენ მივაღწევთ იმ მიზანს, რა მიზანიც არის ეროვნული ქართული სახელმწიფოს შექმნა. ჩვენ არ დავუშვებთ საქართველოში ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინების დაკანონებას. აპირებთ ამ ბრძოლაში პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას? რა თქმა უნდა. პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის გარეშე პოლიტიკაში ყოფნა წარმოუდგენელია. ვითანამშრომლებ ყველასთან „რესპუბლიკელებისა“ და „ნაციონალურ მოძრაობის“ გარდა. იაგო ნაცვლიშვილი
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)