00:50 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 16:59:19, 567 ნახვა

პოლიტიკა
რატომ ისჯებიან ტყიბულელები? - ჩაფიძის ემოციური განცხადება თუ ირიბი აღიარება, რომ პროცესებს ივანიშვილი აკონტროლებს

ბატონო ბიძინა რატომ ისჯებიან ტყიბულელები? - ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილისადმი მიმართულმა ელისო ჩაფიძის ამ შეკითხვამ კითხვის ნიშნები გააჩინა.

ხომ არ არის ეს უმრავლესობის წევრის მხრიდან იმის აღიარება, რომ პოლიტიკური პროცესები ბიძინა ივანიშვილის კარნახით მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსი“ მმართველი გუნდის წევრებსა და პოლიტიკის სპეციალისტებს ესაუბრა.

თავად ელისო ჩაფიძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ტყიბულელების პრობლემით ხელისუფლების შიგნით არაერთხელ ისაუბრა. კონსულტაცია ბიძინა ივანიშვილთანაც ჰქონდა, თუმცა შედეგი ვერ დადგა, ამიტომ გადაწყვიტა ყოფილი პრემიერისთვის საჯაროდ მიემართა. ჩაფიძე აქვე დასძენს, რომ კოალიციის ლიდერი მისთვის დღესაც ბიძინა ივანიშვილია და მიიჩნევს, რომ პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ მას შეუძლია.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ელისო ჩაფიძემ განცხადება ემოციურ ნიადაგზე გააკეთა. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კი აცხადებს, რომ საარჩევნო წელია და პოლიტიკოსების განცხადებები აქეთკენ არის მიმართული. ხუხაშვილის აზრით, ჩაფიძის განცხადება სწორედ იმის ირიბი აღიარება იყო, რომ პოლიტიკური პროცესები ბიძინა ივანიშვილის კარნახით მიმდინარეობს.

„მე მინდა პარლამენტის ეს მაღალი ტრიბუნა გამოვიყენო იმისათვის, რომ მივმართო ჩვენი გუნდის ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვლს და ვკითხო მას, რის გამო ისჯებიან ტყიბულელები?! მე მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას, ჩემი გუნდის წარმომადგენლებს. ისინი ვერ იტყვიან, რომ მე ეს საკითხები არ მაქვს დაყენებული. მივმართავ კანონპროექტის ავტორებს, ბატონ ირაკლი ტრიპოლსკის, ბატონ გიორგი ჟორჟოლიანს, ბატონ გია ვოლსკის და ჩემი გუნდის ყველა წევრს, რომ მე არ წავიდე დღეს მარტო  ტყიბულელ მეშახტეებთან. ჩვენ ვერ გავექცევით საკუთარ წილ პასუხისმგებლობას“, - ეს განცხადება ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

უფრო კონკრეტულად, ამ თემაზე სასაუბროდ „ექსპრესნიუსი“ ელისო ჩაფიძეს დაუკავშირდა.  დეპუტატის თქმით, მეშახტეები ადმინისტრაციისგან ხელფასის მომატებას და ჰუმანურ მიდგომას მოითხოვენ. დეპუტატის განცხადებით, ხელისუფლებას იმიტომ მიმართა, რომ ტყიბული მაღალმთიანი ზონაში შედიოდა, მაგრამ ახალ კანონპროექტში კანონპროექტის ავტორებმა ტყიბული მაღალმთიანი რეგიონების ნუსხიდან ამოიღო.

„ახალ კანონპროექტში ტყიბულს საერთოდ ხაზი გადაუსვეს და არცერთი დასახლებული პუნქტი ან სოფელი ამ ნუსხაში არ არის შეტანილი. ეს არის სრული უსამართლობა. ძალიან დიდი ხანია ხელისუფლების შიგნით ვმუშაობ ამ თემაზე, მაგრამ ხდება ერთი სამინისტროდან მეორე სამინისტროში გადამისამართება...“, - განუცხადა ჩაფიძემ „ექსპრესნიუსს“.

კითხვაზე, ჰქონია თუ არა ამ თემაზე კონსულტაცია ბიძინა ივანიშვილთან აცხადებს, რომ „რა თქმა უნდა“.

„მათ შორის უმრავლესობის ფორმატშიც დავაყენე ეს საკითხი და წერილობითი ფორმითაც ვაცნობე ივანიშვილს. პასუხი დღემდე არ მიმიღია, პასუხი იქნება მოქმედება. ყველა რესურსი ამოვწურე გუნდის შიგნით, რომ პრობლემები გადავწყვიტო, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება რომ საჯაროდ ვისაუბრო ამ თემაზე“, - დასძენს დეპუტატი.

ჩვენს კითხვაზე ხომ არ არის ეს იმის აღიარება მმართველი გუნდის მხრიდან, რომ პროცესები ბიძინა ივანიშვილის კარნახით იმართება ჩაფიძე პასუხობს, რომ ის გუნდის ლიდერად ბიძინა ივანიშვილს თვლის.

„მე პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შეთავაზების საფუძველზე წავედი. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ მე პოლიტიკაში არ წავსულვარ გია ჟორჟოლიანის, ვოლსკის ან ტრიპოლსკის შემოთავაზების საფუძველზე. არ ვაპირებ, რომ მათ მივმართო ჩემი პრობლემების გადასაწყვეტად. მე მივმართე იმ ადამიანს ვის მიმართაც ძალიან კეთილგანწყობილი ვარ. დღესაც მაქვს მისი იმედი. ერთადერთი მას შეუძლია აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა.

მე ბიძინა ივანიშვილს ჩემი გუნდის ლიდერად ვთვლი. სხვა ადამიანებს მივმართე ტყიბულის პრობლემების გადასაჭრელად, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, ამიტომ მივმართე ბიძინა ივანიშვილს“, - გვითხრა ელისო ჩაფიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, რომ ჩაფიძისთვის პასუხის გაცემა მედიის საშუალებით მართებულად არ მიაჩნია.

„მაგრამ ჩაფიძის განცხადება გაჟღერდა საზოგადოების საყურადღებოდ, ამიტომ მას თქვენი სააგენტოს მეშვეობით ვუპასუხებ: ელისო ჩაფიძე საკმაოდ კარგი მაჟორიტარი დეპუტატია თავისი რაიონისათვის და ამავე დროს ყველა რესურსი გააჩნია პრობლემის მოსაგვარებლად. კანონში არის რაღაც ხარვეზი და შეუძლია, რომ ამ ხარვეზის გამოსწორებაზე იფიქროს. თუ საკანონმდებლო ხარვეზზეა საუბარი, მეც მზად ვარ მას მხარში ამოვუდგე და გამოვასწოროთ საკანონმდებლო ხარვეზი“, - აცხადებს გია ვოლსკი.

კითხვაზე ჩაფიძის განცხადება ხომ არ იყო იმის აღიარება, რომ პოლიტიკურ პროცესებზე ბიძინა ივანიშვილი გავლენას ახდენს, პასუხობს რომ „ის ასე არ ფიქრობს“.

„ეს განცხადება მე სხვანაირად აღვიქვი. თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის გარშემო შემოვიკრიბეთ გუნდი. ივანიშვილი ჩვენი თანამებრძოლია და ამიტომ მიმართა. ვფიქრობ, რომ ეს ემოციურ ნიადგაზე გაკეთებული განცხადება იყო.

ბიძინა ივანიშვილი არის კაცი, რომლის ლიდერობითაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ივანიშვილისადმი ელისოს პატივისცემა აბსოლუტურად კარგად მესმის. ელისოსაც, თქვენც, საზოგადოებასაც მინდა შევახსენო, რომ კანონშემოქმედებით პროცესში დღეს დეპუტატს გაცილებით მეტი რესურსი აქვს, ვიდრე  ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ნელ-ნელა საარჩევნო კამპანია იწყება და განაცხადებების დიდი ნაწილი ამ მიზნით იქნება ნაკარნახევი.

„ჩვენ შევდივართ საარჩევნო კამპანიაში და ვინ რას აცხადებს და რა მოტივაციით ამ ყველაფრის განჭვრეტა ძნელია. სამწუხაროდ მე ყველაფერს თვალს ვერ მივადევნებ. ფაქტია, რომ რაღაც პრობლემასთან გვაქვს საქმე. რა ტიპის პრობლემაა გუნდის შიგნით ამის თქმა მე არ შემიძლია.

ყველას აქვს თავისი პოლიტიკური გეგმები და ახლა პოლიტიკოსები ამ გეგმებიდან გამომდინარე აკეთებენ ამა თუ იმ განცხადებებს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ჩაფიძის გუშინდელი განცხადება ირიბად ნიშნავს იმას, რომ პროცესები ბიძინა ივანიშვილის კარნახით მიმდინარეობს.

რა თქმა უნდა ეს ირიბად ნიშნავს იმას, რომ პროცესები ბიძინა ივანიშვილის კარნახით მიმდინარეობს. ბუნებრივია ამ განცხადებამ ბევრი კითხვა გააჩინა. აქამდე ხელისუფლება, მათ შორის ელისო ჩაფიძეც ლაპარაკობდა იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფერში არ ერევა, მაგრამ ამ დროს ასეთი განცხადება კეთდება პარლამენტის ტრიბუნიდან. ბუნებრივია ეს გარკვეულ უხერხულ შეგრძნებებს იწვევს“, - განუცხადა გია ხუხაშვილმა „ექსპრესნიუსს“.

იაგო ნაცვლიშვილი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics