20:54 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-24 13:45:14, 409 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ქვეყნის დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება

გრძელდება შანტაჟის და მუქარის პოლიტიკა იმისთვის, რომ საქართველომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები არ მიიღოს. დახარჯული ასეულობით მილიონის მიუხედავად კი, აგენტურა იმდენად უსუსურია, რომ მხოლოდ გარე აქტორების მოქმედებების იმედზე რჩება და ხარობს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძის განცხადებით, "უპრეცედენტო და ამავდროულად კომიკურია, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს კანონის მიღებისთვის სანქციას უწესებდე".

მისივე თქმით, "ქვეყნის დამოუკიდებლობა ვიზაზე არ იყიდება". 

"მხოლოდ ბოლო სამი დღის განმავლობაში: საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრის დროს ევროკომისრის მხრიდან ჩვენი მისამართით იყო მინიშნება სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებაზე; საფრანგეთმა მიიღო კანონი უცხოური ჩარევის პრევენციის შესახებ; გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატოს წევრ თურქეთშიც ინიცირდება ანალოგიური სფეროს რეგულირების კანონპროექტი; აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაგვიანონსა სანქციები მათ ქვეყანაში მოქმედ კანონზე გაცილებით ლოიალური კანონის მხარდაჭერისთვის. 

წესით, შეფასებასაც კი აღარ საჭიროებს ეს მოცემულობა, თუმცა ძალიან მოკლედ: 

1. გრძელდება შანტაჟის და მუქარის პოლიტიკა იმისთვის, რომ საქართველომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები არ მიიღოს. დახარჯული ასეულობით მილიონის მიუხედავად კი, აგენტურა იმდენად უსუსურია, რომ მხოლოდ გარე აქტორების მოქმედებების იმედზე რჩება და ხარობს.

2. უპრეცედენტო და ამავდროულად კომიკურია, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს თავისი შეხედულებისამებრ კანონის მიღებისთვის სანქციას უწესებდე. 

3. ოჯახის წევრებზე პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე საბჭოთა კავშირმაც კი უარი თქვა მის დაშლამდე რამდენიმე ათეული წლით ადრე…

4. ქვეყნის დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება. ამისთვის ვიზაზე უარი კი არა, სიკვდილზე წავსულვართ ქართველები, რომლებიც როგორც ჩანს, ვერა და ვერ გაგვიცნეს! ქართველები, რომლებიც არასდროს დავთმობთ საკუთარ მამულს, ენას, სარწმუნოებას, ტრადიციებს, ღირსებას, სამართლიანობას და ასე გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები! საბოლოო ჯამში, ყველას მოუწევს, ელაპარაკოს ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ და არა გარედან დანიშნულ ხელისუფლებას! 

საქართველო ამას შეძლებს!" - წერს მდინარაძე.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა შემოაქვს. როგორც სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის 23 მაისით დათარიღებულ განცხადებაშია აღნიშნული, სავიზო შეზღუდვა გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილეები საქართველოში დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ოფიციალური განცხადების თანახმად, შეზღუდვა შეეხებათ იმ პირებსაც, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე, ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით. 

ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე მიუთითა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ განხილვასაც იწყებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics