16:15 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 17:31:33, 435 ნახვა

პოლიტიკა
მინისტრთა კაბინეტი კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებას უარყოფს

მინისტრთა კაბინეტის წევრები კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფენ. კოალიციაში განხეთქილების შესახებ ეჭვი განსაკუთრებით მას შემდეგ გაღრმავდა, რაც  მედიით უმრავლესობის წევრის გოგი თოფაძის განცხადება გავრცელდა, სადაც ის საკუთარი გუნდის წევრს, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს საგარეჯოს მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებაში სდებს ბრალს.

„არანაირი დაპირისპირება კოალიაში არ არის. არც მწვავე, არც რბილი დაპირისპირება არ არის, თუმცა, ზოგჯერ კოალიციის შიგნით გამოითქმება აზრები, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, მისაღები არ არის ხოლმე, ვგულისხმობ გოგი თოფაძის პარლამენტში გამოსვლის ერთ ნაწილს“, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა  სოზარ  სუბარმა.

კოალიციაში დაპირისპირების ნიშნებს  ვერც  ფინანსთა მინისტრი ხედავს:

„მე ვერ ვხედავ დაპირისპირების ნიშნებს, ამის საშიშროებას ვერ ვხედავ. კოალიცია მუშაობს. ის, რომ შეიძლება კოალიციის შიგნით არის განსხვავებული აზრი, სულაც არ ნიშნავს, რომ კოალიციაში დაპირისპირებაა“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კოალიციაში შესაძლო განხეთქილებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრიც უარყოფს, თუმცა თამარ სანიკიძე ფიქრობს, რომ პოლიტიკოსის მიერ მწვავე განცხადების გაკეთებამდე, ცოტა მეტი დაფიქრებაა საჭირო:

„არავითარი განხეთქილება კოალიციაში არ არსებობს, ამას ნებისმიერი კოალიციის წევრი დაგიდასტურებთ. რაც შეეხება ასეთ რეპლიკებს, ალბათ, ცოტა მეტი უნდა დავფიქრდეთ, სანამ რამეს ვიტყვით. არ არის ნამდვილად კორექტული და შესაძლოა, ასეთმა რეპლიკამ საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გააჩინა და სწორედ ამიტომ გვმართებს, უფრო მეტად მოზომილები ვიყოთ, როცა ერთმანეთს მივმართავთ“, - განაცხადა სანიკიძემ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს საკუთარი „მწარე გამოცდილებიდან“ გამომდინარე, დეპუტატ გოგი თოფაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბარი უჭირს და ამბობს, რომ დაწერილს მოსმენილი ურჩევნია. ზაქარეიშვილი ირწმუნება, რომ კოალიციაში საქმიანი ურთიერთობებია და აქცენტს არჩევნებისთვის მზადებაზე აკეთებს:

„კოალიციაში საკმაოდ საქმიანი ურთიერთობებია, ყველა ვემზადებით არჩევნებისთვის.  ჩემი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, გამიჭირდება ვაკეთო კომენტარები იმაზე, რაც თვითონ არ მომისმენია. მითუმეეტს, როცა მე  არ მეხება. თამამად შემიძლია გითხრათ, როგორც რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრის განწყობა, რომ არანაირი სხვა რამ მოსაზრებები არ არსებობს გარდა იმისა, რომ, კოალიციურად უნდა მივიდეთ არჩევნებზე“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი კი  აცხადებს, რომ დეპუტატ გოგი თოფაძეს პირადად ესაუბრა და ის საგარეჯოს მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებაში თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის დადანაშაულებას უარყოფს:

„მე პირადად ვესაუბრე ბატონ გოგის და მან თქვა, რომ არ ადასტურებს ამ ინფორმაციას, რომ მას ასეთი რამ არ უთქვამს.  იმედი მაქვს, თუ თქვენც მიმართავთ მას,  ის საჯაროდაც დაადასტურებს ამ ფაქტს. ყოველშემთხვევაში იმას, რაც მან მე მითხრა. მე ვიღებ რა ბატონი გოგის ამ პასუხს, ჩემი პასუხი ასეთია, რაც არ ყოფილა, იმაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

შეგახსენებთ, გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” ვებგვერდზე გოგი თოფაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის ამბობს:

„წესით და რიგით, ხიდაშელმა, მინისტრის კაბინეტში კი არა, დაკითხვებზე უნდა იაროს, რადგან შარშან, ოქტომბერში, საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და ამ საქმისთვის თავდაცვის სამინისტროს რესურსი გამოიყენა; ესეც არ იკმარა და ბიულეტენების დათვლაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ამ უმსგავსობის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც განათავსა. დღემდე ვერ გამიგია, რასთან გვაქვს საქმე: სიბრიყვესთან თუ თავხედობასთან. ხიდაშელმა თავისი უკანონო ქმედებით მთელ კოალიციას თავი მოსჭრა და ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა“, - აღნიშნავს გამოცემასთან საუბრისას გოგი თოფაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics