02:12 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-13 14:12:01, 836 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო - იმედია, რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის შესახებ კანონი, მომავალში დესტრუქციებს თავიდან აგვარიდებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იოსებ სტალინი გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმასთან და მმართველი გუნდის მიერ დაინფიცირებული კანონის შესახებ, რომელიც რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას გულისხმობს განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ხატზე საღებავის შესხმის ფაქტი ეკლესიის დარბევის ერთგვარი სახეა და იმეორებს ბოლშევიკური წარსულის გამოცდილებას. 

"კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პოზიციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპატრიარქო ტაძარში ხატზე საღებავის შესხმის ფაქტი არის ეკლესიის დარბევის ერთგვარი სახე და იმეორებს ბოლშევიკური წარსულის გამოცდილებას. მისი სათანადოდ (ვანდალიზმად და ღვთისმსახურების ხელის შეშლად) არშეფასება სახიფათო პრეცედენტია მსგავსი ქმედებების წახალისებისთვის.

ეს ყოველივე მორწმუნეთა სამართლიან აღშფოთებას იწვევს, თუმცა მნიშვნელოვანია, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით წარიმართოს და არ მოხდეს მისი პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, რის მცდელობებსაც დღეს ნაწილობრივ ვხედავთ.

სამწუხაროდ, ისევ გვიწევს გამეორება, რომ საერთაშორისო და უფლებადამცავი ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან დუმილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში ქრისტიანული ტრადიციების დაცვის აუცილებლობის შესახებ მათ მიერ არაერთგზის დეკლარირებულ განცხადებებს.

იმედია, რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის შესახებ კანონი, რომელიც დააანონსა სახელმწიფომ, ამგვარ დესტრუქციებს თავიდან აგვარიდებს მომავალში, ამ კანონში მკაფიო უნდა იყოს რელიგიური ორგანიზაციის განსაზღვრება. აღსანიშნავია, რომ ამგვარი რეგულაციის საჭიროების შესახებ ჯერ კიდევ სამი წლის წინ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა.

ადგილი ჰქონდა კანონიკასთან შეუსაბამო ფრაგმენტის შემცველი ხატის საპატრიარქო ტაძარში განთავსებას, რისი არდაშვებაც, პირველ რიგში, ამ ტაძრის მსახურთა პასუხისმგებლობა იყო და ასეთი ფაქტის გამოვლენის შემდეგ ხატის კანონიკაში მოყვანაზე,ბუნებრივია, საპატრიარქომ იზრუნა. სწორედ ეს აისახა საპატრიარქოს განცხადებაში. ამიტომ ამ გადაწყვეტილების გამო საპატრიარქოს სამსახურზე ან მის თანამშრომელზე უსამართლო თავდასხმა (როგორც არ უნდა იყოს შეფუთული), რისი მომსწრენიც გავხდით, უშუალოდ საპატრიარქოს და პატრიარქის მოწინააღმდეგე ძალების სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯია.

ასევე აღვნიშნავთ, რომ საეკლესიო სწავლების მიხედვით, სიწმინდეთა შეურაცხყოფა წარმოადგენს ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვას - მკრეხელობას, რომლის ჩამდენ პირსაც სინანულის საჯაროდ გამოთქმამდე ყოველგვარ საეკლესიო ღვთისმსახურებაში თანაზიარება ეკრძალება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია - "სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ". საპატრიარქო მიმართავს შემომწირველებს, ცვლილება ხატში ან თავად შეიტანონ, ან ამას ეკლესია გააკეთებს.

10 იანვარს, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია დააინიცირებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდება.

თავდაპირველად წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის შესახებ ინფორმაცია დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. 6 იანვარს, ჭიღლაძემ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ხატის ფოტოები და ამბობდა, რომ ის თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული და მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი იყო გამოსახული.

აღნიშნულის შემდეგ, ხატის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა, გიორგი კანდელაკმაც გაავრცელა.

მოგვიანებით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატი სამებას მათ შესწირეს.

9 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამების ტაძარში განთავსებულ წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.

ამის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში აქტივისტმა, ნატა ფერაძემ გაავრცელა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

საქართველოს საპატრიარქომ კი, სამებაში მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის გარეშე დაშვება 2 დღით შეზღუდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics