12:19 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-09 14:02:48, 928 ნახვა

პოლიტიკა
NGO-ები სამოქმედო გეგმაზე - ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ რეკომენდაციებს არ ეხმიანება

მიგვაჩნია, რომ სამოქმედო გეგმის დამტკიცება დადებითი ნაბიჯია და ამან ხელი უნდა შეუწყოს მთავრობის მეტ ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას, თუმცა წარმოდგენილი გეგმა არ შემუშავდა სათანადო ჩართულობით, ხოლო მისი შინაარსი არაერთი მიმართულებით საჭიროებს დაზუსტებას, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად მთავრობის გეგმის დამტკიცებას ეხმაურებიან.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამოქმედო გეგმის შემუშავება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელმაც უნდა გააჩინოს სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა სამუშაო პროცესების მიმართ.

„2023 წლის 14 დეკემბერს, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ევროკომისიამ ქვეყანას განუსაზღვრა 9 პრიორიტეტული ნაბიჯი რეფორმებისთვის, რომლის შესრულების შემდეგაც გაიხსნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები. ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტული ნაბიჯის შესასრულებლად საქართველოს მთავრობამ სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც მხოლოდ 25 დეკემბერს გამოქვეყნდა, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი ჯერ კიდევ 27 ნოემბერს იყო დამტკიცებული ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ.

სამოქმედო გეგმის შემუშავება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელმაც უნდა გააჩინოს სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა სამუშაო პროცესების მიმართ. თუმცა, სამოქმედო გეგმის შემუშავების და დამტკიცების პროცესში მინიმალურადაც არ ყოფილან ჩართულები სამოქალაქო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები. საგულისხმოა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ევროკომისიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მართალია, სამოქმედო გეგმა გამოქვეყნებამდე გადაეგზავნა ევროკომისიას, მაგრამ საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, რა ტიპის კომუნიკაცია/უკუკავშირი იყო ევროკომისიის მხრიდან და გაითვალისწინა თუ არა კომისიის რეკომენდაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ქართულმა მხარემ. ეს საკითხი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ მთავრობამ ევროკომისიას უკვე დამტკიცებული დოკუმენტი გაუგზავნა.

ნიშანდობლივია, რომ ინსტიტუციურად სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია მთავრობის მიერ, მაშინ როცა მასში გაწერილი არაერთი ღონისძიება/მოქმედება პარლამენტის მანდატის ქვეშ ექცევა (ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომებს მართალია, ესწრება საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი, თუმცა სათათბირო ხმის უფლების გარეშე). სამოქმედო გეგმის ამგვარი გზით შემუშავება/დამტკიცება უგულებელყოფს ბალანსს სახელისუფლებო შტოებს შორის და აკნინებს პარლამენტის როლს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის პროცესში. მიგვაჩნია, რომ სამოქმედო გეგმა პარლამენტის მიერ თუ არა, მინიმუმ მისი აქტიური ჩართულობით უნდა შემუშავებულიყო, თუმცა საზოგადოებისთვის უცნობია, რამდენად აქტიურად იყო საკანონმდებლო ორგანო ჩართული სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

რაც შეეხება დოკუმენტის შინაარსს - გვესმის, რომ სამოქმედო გეგმა ვერ იქნება სრულად დეტალიზებული და დაწვრილებით ვერ განსაზღვრავს თითოეული მიმართულებით დაგეგმილ ყველა ნაბიჯს. თუმცა, ამავდროულად, ის უნდა ქმნიდეს კონკრეტულ ჩარჩოებსა და მოლოდინებს როგორც პროცესზე, ისე შინაარსზე. ამ კუთხით სამოქმედო გეგმის დოკუმენტი საკმაოდ ზოგადია და არ შეიცავს არსებულ თუ სამიზნე ინდიკატორებს და შინაარსობრივად სრულყოფილად არ ეხმიანება ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ რეკომენდაციებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში მისი პოლიტიკა/მიდგომები ეფუძნებოდეს თანამონაწილეობას, დიალოგსა და ღიაობას. ამავდროულად, ხელისუფლებამ უნდა აღიაროს ცალკეული მიმართულებებით არსებული გამოწვევები/პრობლემები და გადადგას რეალური ნაბიჯები მათზე საპასუხოდ ევროკომისიის, ვენეციის კომისიისა და ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 25 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმის დოკუმენტი გამოაქვეყნა.

14 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. საბჭომ ასევე გადაწყვიტა, რომ ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც ქვეყანა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს.

ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია ევროპული საბჭოსთვის 8 ნოემბერს გასცა. საქართველომ ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2022 წელს მიმართა. გასული წლის 3 მარტს, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics