|
2023-12-31 10:56:48, 1690 ნახვა
საზოგადოება
ცნობილი ადამიანები, რომლებიც 2023 წელს გარდაიცვალნენ
2023 წელს საქართველოსა და მსოფლიოს ბევრი ცნობილი ადამიანი დააკლდა, მათ შორის ყველასთვის საყვარელი მწერლები, მსახიობები, მომღერლები, რეჟისორები, მუსიკოსები თუ სხვა სფეროში წარმატებული ადამიანები. წლის ბოლოს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ადამიანებს, რომლებიც 2023 წელს გარდაიცვალნენ.
2023 წლის 12 დეკემბერს, 66 წლის ასაკში მწერალი ზურაბ ქარუმიძე გარდაიცვალა. ზურაბ ქარუმიძეს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემიები - 2018 წელს ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ რომანისთვის „მოგზაურობა ევროპაში“; 2010 წელს პრემია „საბა“ წიგნისთვის „ჯაზის ცხოვრება“. გარდა ამისა, ქარუმიძეს ეკუთვნის ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანი Dagny or a Love Feast-ი. აღსანიშნავია ასევე, რომ ქარუმიძე საქართველოში გამოცემულ ინგლისურენოვან ჟურნალებსაც რედაქტორობდა.
2023 წლის 17 დეკემბერს, 89 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა. ოთარ იოსელიანმა გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „აკვარელი“; „აპრილი“; „გიორგობისთვე“, რომლისთვისაც მან კანის კინოფესტივალის სპეციალური კინოპრესის ჯილდო და ჟორჟ სადულის პრიზი დაიმსახურა საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის. გარდა ამისა იოსელიანი ისეთი ფილმების რეჟისორია, როგორებიცაა: „იყო შაშვი მგალობელი“; „პასტორალი“; „ბასკთა ქვეყანაში“ „მთვარის რჩეულნი“; „პეპლებზე ნადირობა“; „ყაჩაღები“; „მშვიდობით მწვანე მდელო“ ; „ძველი ქართული სიმღერა“; „თუჯი“ და „საპოვნელა“.
2023 წლის 12 იანვარს, 54 წლის ასაკში ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და როკ-ენ-როლის მეფედ მიჩნეული ელვის პრესლის ერთადერთი შვილი ლიზა მერი პრესლი გარდაიცვალა. კარიერის განმავლობაში, ლიზა მერი პრესლიმ სამი სტუდიური ალბომი გამოუშვა და ძველი ჩანაწერების გამოყენებით მამასთან, ელვის პრესლისთან დუეტი ჩაწერა.
2023 წლის 28 იანვარს, 64 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი ლიზა ლორინგი გარდაიცვალა. მაყურებელი ლორინგს უენსდეი ადამსის როლით იცნობდა. ლიზა ლორინგი 1964-1966 წლებში თამაშობდა სიტკომში ადამსების ოჯახი. მოგვიანებით, მსახიობმა მხოლოდ რამდენიმე სატელევიზიო პროექტში ითამაშა და კარიერა დაასრულა.
2023 წლის 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე. კიკაბიძე ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის - „ორერას“, წევრი იყო. წარმატებული მუსიკალური კარიერის პარალელურად, მონაწილეობდა ქართულ კინოფილმებში, რომელთა შორისაა: „არ დაიდარდო“; „მიმინო“ და „ვერის უბნის მელოდიები“.
2023 წლის 3 თებერვალს. 98 წლის ასაკში კინოსა და თეატრის ქართველი მსახიობი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა. ჯემალ ღაღანიძე რუსთაველის თეატრში დადგმულ არაერთ წარმატებულ სპექტაკლში მონაწილეობდა, რომელთა შორისა: „ჰამლეტი“; „კავკასიურ ცარცის წრე“, „რიჩარდ III“ და „მაკბეთი“. გარდა ამისა, ჯემალ ღაღანიძემ ასევე ითამაშა ფილმებში - „ფეოლა“; „ნერგები“; „ნატვრის ხე“ და სხვ.
2023 წლის 5 აპრილს, 78 წლის ასაკში სპორტული კომენტატორი, ჟურნალისტი და მწვრთნელი ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა. ჯამლეტ ხუხაშვილი 1963 წლიდან სპორტული კომენტატორი იყო. სხვადასხვა წლებში მუშაობდა მწვრთნელად. 1980-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიასა და რადიოში. 1994 წლიდან იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობაში. 1990 წლიდან კლუბ „მაქაბის“ პრეზიდენტი. მოგვიანებით მუშაობდა ტელეკომპანია „იმედში“. იყო სპორტული რადიოს, „ჯაკოს“ გენერალური დირექტორი.
2023 წლის 19 აპრილს, 25 წლის ასაკში მუსიკოსი და ბოიბენდ ASTRO-ის წევრი Moonbin-ი გარდაიცვალა. Moonbin-ი, რომლის ნამდვილი სახელი მუნ ბინია, ბენდ ASTRO-ისა და მისი ქვეჯგუფის, Moonbin & Sanha-ის, ცნობილი სახე იყო. ამასთან, სანამ 2016 წელს პოპულარული K-pop ჯგუფის წევრი გახდებოდა, იგი სამსახიობო და სამოდელო საქმიანობასაც ეწეოდა.
2023 წლის 28 აპრილს, 79 წლის ასაკში ამერიკელი ტელეწამყვანი, რეალითი შოუს ავტორი და პოლიტიკოსი ჯერი სპრინგერი გარდაიცვალა. ჯერი სპრინგერი 1968 წელს მონაწილეობდა რობერტ კენედის საარჩევნო კამპანიაში. 1970 წელს კონგრესის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ 1974 წელს ცინცინატის საკრებულოს წევრი გახდა, ხოლო 1977-1978 წლებში იკავებდა ცინცინატის მერის თანამდებობას. გარდა ამისა, 1982 წელს დაიწყო მუშაობა ტელევიზიაში, NBC-ის ეთერში მიჰყავდა პოლიტიკური გადაცემა. 1991 წლის 30 სექტემბერს ეთერში გამოდის ჯერი სპრინგერის შოუს პირველი ეპიზოდი. თავდაპირველად გადაცემა სერიოზულ პოლიტიკურ შოუდ იგეგმებოდა, მოგვიანებით წამყვანის და ახალი პროდიუსერის გადაწყვეტილებით, თოქ-შოუს ფორმატი შეეცვალა და გადაცემამ უდიდესი რეიტინგით ისარგებლა. 20 წლის განმავლობაში ეთერში 4 000-ზე მეტი ეპიზოდი გამოვიდა. სპრინგერს ასევე შესრულებული აქვს ეპიზოდური როლები ფილმებსა და სერიალებში: Austin Powers, Kissing A Fool, Domino, Sharknado 3, X-Files.
2023 წლის 24 მაისს, 83 წლის ასაკში ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი და „როკ-ენ-როლის დედოფლად“ მიჩნეული ტინა ტერნერი გარდაიცვალა. 100 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით მომღერალი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შემსრულებლად მიიჩნევა. ტინა ტერნერს გრემის 12 ჯილდო აქვს მიღებული.
2023 წლის 17 ივლისს, 88 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი, ანსამბლ „სუხიშვილების“ ყოფილი მოცეკვავე ომარ მხეიძე გარდაიცვალა. ომარ მხეიძე 1953 წლიდან საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი იყო, 1954 წლიდან კი საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე, სადაც 30 წლის განმავლობაში იდგა სცენაზე.
2023 წლის 21 ივლისს, 96 წლის ასაკში ამერიკული სცენის ლეგენდარული მომღერალი ტონი ბენეტი გარდაიცვალა. 80-წლიანი კარიერის განმავლობაში ბენეტმა ასობით კომპოზიცია შეასრულა, მეგობრობდა ბობ ჰოუპთან და ფრენკ სინატრასთან, გამოჩნდა სიმპსონების ეპიზოდში, კარიერის მიწურულს კი ლედი გაგასთან ერთად დუეტების ორი ალბომი გამოსცა. 20 გრემის გარდა, ბენეტი გინესის რეკორდსმენიც არის. ის ყველაზე ასაკოვანი მომღერალია, რომელმაც ახალი ალბომი გამოსცა, ჩაწერის მომენტში ბენეტი 95 წლის იყო.
2023 წლის 24 ივლისს, 74 წლის ასაკში ჩარლი ჩაპლინის შვილი, მსახიობი ჯოზეფინ ჩაპლინი გარდაიცვალა. ჯოზეფინ ჩაპლინმა პირველი როლი ჯერ კიდევ 3 წლის ასაკში, მამის ფილმში „რამპის ჩირაღდნები“ შეასრულა. ცხოვრების განმავლობაში ნათამაშები აქვს 20-დე ფილმსა და სერიალში. საყოველთაო ცნობადობა პიერ პაოლო პაზოლინის „კენტერბერიულ მოთხრობებში“ შესრულებულმა როლმა მოუტანა. გარდა ამისა, შესრულებული აქვს როლები ფილმებსა და სერიალებში: Escape to the Sun, Nuits Rouges, Docteur Francoise Gailland, Jack the Ripper, Hemingway, Le Masque.
2023 წლის 25 ივლისს, 41 წლის ასაკში მსახიობი ლევან დობორჯგინიძე გარდაიცვალა. ლევან დობორჯგინიძე მაყურებელმა “გასეირნება ყარაბაღში“ შესრულებული მთავარი როლით გაიცნო. მსახიობმა ტრილოგიის მეორე და მესამე ნაწილებშიც ითამაშა. გარდა ამისა, შესრულებული აქვს როლები ფილმებში „სუბორდინაცია“ და „მედიატორი“.
2023 წლის 17 აგვისტოს, 81 წლის ასაკში თეატრისა და კინოს მსახიობი, რეჟისორი და მწერალი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა. 1963 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში თამაშობდა. შესრულებული აქვს როლები სპექტაკლებში „ყვარყვარე თუთაბერი“; „ვეფხისტყაოსანი“; „ოიდიპოს მეფე“ და „რიჩარდ III“. გარდა ამისა შესრულებული აქვს როლები ფილმებში - „ჩემი მეგობარი ნოდარი“; „ფერისცვალება“; „დათა თუთაშხია“; „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“; „გასეირნება ყარაბაღში“; „შანტრაპა“. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის, ხელოვნების ქურუმის წოდებები. არის შოთა რუსთაველისა და დავით კლდიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიების მფლობელი.
2023 წლის 22 აგვისტოს, 80 წლის ასაკში ლეგენდარული იტალიელი პოპ-მუსიკოსი ტოტო კუტუნიო გარდაიცვალა. ტოტო კუტუნიომ 1990 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსი მოიგო. მისი 1983 წელს გამოშვებული სიმღერა L'Italiano კი მსოფლიო ჰიტიც გახდა. კუტუნიო ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ იტალიელ მუსიკოსად ითვლება; მის სახელზე 100 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერია.
2023 წლის 28 სექტემბერს, 82 წლის ასაკში ირლანდიელი თეატრისა და კინოს მსახიობი, ჰარი პოტერის ფილმებში ალბუს დამბლდორის როლის შემსრულებელი მაიკლ გემბონი გარდაიცვალა. გემბონმა თეატრში თამაში 1960-იან წლებში, ლოურენს ოლივიეს ხელმძღვანელობით National Theatre-ში დაიწყო. პირველი ჯილდოები და აღიარება 1980-იან წლებში შესრულებულმა თეატრალურმა და სატელევიზიო როლებმა მოუტანა. ამ პერიოდში გემბონმა თავისი პირველი BAFTA და თეატრალური ჯილდო Olivier Awards მოიპოვა. მსოფლიო ცნობადობა მსახიობს ჰარი პოტერის ფილმებში შესრულებულმა პროფესორ ალბუს დამბლდორის როლმა მოუტანა. ჯადოქრის როლი გემბონმა 8-დან 6 ფილმში შეასრულა. თავდაპირველად დამბლდორის როლს რიჩარდ ჰარისი ასრულებდა, რომელიც 2002 წელს გარდაიცვალა. კარიერის განმავლობაში სერ მაიკლ გემბონს მიღებული აქვს 4 BAFTA-ს ჯილდო, ორი ემის ნომინაცია, ერთ ოქროს გლობუსის ნომინაცია, კინომსახიობთა გილდიის ორი ჯილდო. 1992 წელს გემბონი რაინდად აკურთხეს.
2023 წლის 28 ოქტომბერს, 91 წლის ასაკში ქართველი მსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა. თენგიზ არჩვაძემ ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა და არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე, თენგიზ არჩვაძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. 1967-1973 წლებში იგი მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრშიც. მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: თბილისის საპატიო მოქალაქე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, პრემია „საგურამო“, ღირსების ორდენი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.
2023 წლის 28 ოქტომბერს, 63 წლის ასაკში ცნობილი კანადელ-ამერიკელი მსახიობი მეთიუ პერი, რომელსაც მსოფლიო Friends-ში შესრულებული ჩენდლერ ბინგის როლით იცნობდა, გარდაიცვალა. NBC-ის ამ პოპულარული სიტკომის გარდა, პერი მონაწილეობდა სხვა არაერთ სერიალში, ფილმსა და სპექტაკლში. მსახიობის გარდაცვალების მოულოდნელ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც მისი ფანების, ასევე კოლეგების მხრიდან.
2023 წლის 29 ნოემბერს, 100 წლის ასაკში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი და თანამედროვე პოლიტოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა. ჰენრი კისინჯერმა 1973 წელს ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში. აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის პარალელურად, იგი ბევრს წერდა დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგზე.
2023 წლის 2 დეკემბერს, 93 წლის ასაკში სახალხო არტისტი, სოპრანო მედეა ამირანაშვილი გარდაიცვალა. მედეა ამირანაშვილის დებიუტი 1954 წელს ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე შედგა, რის შემდეგაც ამ თეატრის წამყვანი სოლისტი იყო. 1981 წლიდან იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი; 1991 წლიდან ქ. ქუთაისის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1997 წელს ღირსების ორდენი, 1971 წელს კი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია გადაეცა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|























ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)