21:16 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-14 16:47:42, 1177 ნახვა

პოლიტიკა
EU-ის სამიტის გადაწყვეტილების პროექტი - საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება, უკრაინა-მოლდოვასთან კი მოლაპარაკებების დაწყება

ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება უკრაინასთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან, ასევე საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციით გათვალისწინებული ნაბიჯები, - ამის შესახებ ევროკავშირის სამიტის დასკვნების უახლეს პროექტშია აღნიშნული, რომელიც "ნეტგაზეთმა" მოიპოვა.

"ნეტგაზეთის" ცნობით, გამომდინარე იქიდან, რომ კონსენსუსი ჯერ მიღწეული არ არის, სამიტის დასრულებამდე ტექსტი შეიძლება შეიცვალოს. ამ დროისთვის არსებული პროექტი გაფართოების ნაწილში კი შემდეგნაირია:

"ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება უკრაინასთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან. ევროპული საბჭო იწვევს საბჭოს, მიიღოს შესაბამისი მოლაპარაკებების ჩარჩოები მას შემდეგ, რაც გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, რომლებიც მითითებულია კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციებში;

ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციით გათვალისწინებული ნაბიჯები;

ევროპული საბჭო მზადაა, დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მას შემდეგ, რაც მიიღწევა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელი ხარისხი;

ევროკავშირი მზად არის, დაასრულოს ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ეტაპი, როგორც კი ჩრდილოეთ მაკედონია დაასრულებს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ევროპული საბჭო მოუწოდებს ჩრდილოეთ მაკედონიას, დააჩქაროს ამ ცვლილებების დასრულება", - აღნიშნულია დასკვნაში.

დასკვნის პროექტში ასევე წერია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომლებიც მათ წინაშე დადგა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად.

შეგახსენებთ, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო გაფართოების პაკეტზე მსჯელობს. გაფართოების პაკეტი, რომელიც 10 ქვეყანას ეხება, მათ შორის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ასევე უკრაინასა და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას მოიცავს. 

8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 9 დათქმით გასცა:

  • ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციასა და ჩარევასთან ბრძოლა;
  • ევროკავშირის საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის გაუმჯობესება;
  • პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის შემდგომი განხილვა, მათ შორის, პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საკანონმდებლო მუშაობა უფრო ინკლუზიური გზით, განსაკუთრებით, საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;
  • თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმის დასრულება, მათ შორის, არჩევნებამდე მუშაობის დაწყება ელექტორატის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად;
  • საპარლამენტო კონტროლის დანერგვის გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკის და კომუნიკაციების კომისიის მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
  • ჰოლისტური და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დანერგვა და დასრულება. მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის სამსახურის სრულფასოვანი რეფორმის განხორციელება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებით და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესით;
  • ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიურ პროცესით. კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის საქმეების ეფექტური გამოძიების ძლიერი გამოცდილების დაგროვება;
  • მიმდინარე სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;
  • ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის განხორციელებით, ასევე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები მოწყვლადი ჯგუფების, მედია-პროფესიონალებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მიმართ საფრთხისშემცველ შემთხვევებზე და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში მათი ჩართულობისა და თავისუფლად მოქმედების უზრუნველყოფა.

ამასთან, გუშინ, 13 დეკემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინის, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics