|
2023-03-14 12:04:10, 745 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - „ფრანკლინის კლუბი“ უცხოური გავლენის აგენტია - სტუდენტებისა და მოსწავლეების რეკრუტირებას ახორციელებს
„ფრანკლინის კლუბი" არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც ასეულობით ათასი ლარით ფინანსდება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძემ ცოტა ხნის წინ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქციებზე ძალადობრივი აქტები "რადიკალური ოპოზიციის ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული". "გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, ჩვენ მოგვცა ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებების გაშიფვრის შესაძლებლობაც. სწორედ ამ დაჯგუფებების მეშვეობით იყო ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ. თავად „ნაცმოძრაობასთან", „გირჩი - მეტი თავისუფლებასთან", „სირცხვილიასთან" და „დროასთან" ერთად, გასულ კვირაში გამოიკვეთა „ფრანკლინის კლუბის" აქტიურობა. „ფრანკლინის კლუბი" არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც ასეულობით ათასი ლარით ფინანსდება. მისი მხარდამჭერია ამერიკული ორგანიზაცია „ატლას ნეთვორქი", რომელიც წარსულში არაძალადობრივ და ძალადობრივ პროტესტს აორგანიზებდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ასევე აქტიურად მუშაობდა „ბრექსიტზე", ანუ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოყოფაზე. „ფრანკლინის კლუბი" პოლიტიკური აქტივიზმისთვის ახორციელებს როგორც სტუდენტების, ისე არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეების რეკრუტირებას. სტუდენტების მობილიზაცია წარმოებს არსებითად ორი უნივერსიტეტის ბაზაზე. ესენია - კახა ბენდუქიძის მიერ თავის დროზე 1 ლარად მითვისებული „თავისუფალი უნივერსიტეტი" და გიული ალასანიას მიერ ასევე 1 ლარად მითვისებული „საქართველოს უნივერსიტეტი". აქტივობებისათვის „ფრანკლინის კლუბი" აქტიურად იყენებს „საქართველოს უნივერსიტეტის" ინფრასტრუქტურას. კლუბის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ორივე ზემოაღნიშნული უნივერსიტეტის რექტორები, ვატო ლეჟავა და კონსტანტინე თოფურია, აგრეთვე სხვა რეაქციონერი ნაციონალები, როგორებიც არიან ლევან რამიშვილი, გია ნოდია და სხვები. „ფრანკლინის კლუბში" ტრენინგებს ატარებენ ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მშვენიერაძე, გიორგი მელაძე და ოპოზიციის სხვა ექსტრემისტი ლიდერები, რომლებიც მსმენელებს რევოლუციურ გეგმებზე დაუფარავად ესაუბრებიან. გასულ კვირაში არსებითად სწორედ რადიკალური ოპოზიციის ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული ძალადობრივი აქტები, რომლებიც სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ განხორციელდა. ექსტრემისტული აქტივობები ძირითადად ხორციელდებოდა ჯინ შარპისა და პიტერ აკერმანის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების შესაბამისად. მათ შორის, სწორედ ამ სახელმძღვანელოებშია აღწერილი ისეთი სიმბოლური აქტები, როგორიცაა წყლის ჭავლთან დროშიანი მომიტინგის დაპირისპირება, სპეცრაზმელებთან ყვავილების მიტანა და ა.შ." - განაცხადა კობახიძემ. მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, აქციების პარალელურად, სკოლებსა და უნივერსიტეტებში "ფაშისტური კამპანიის" წარმოება მიმდინარეობდა. "განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფაშისტური კამპანია, რომელიც უნივერსიტეტებსა და სკოლებში წარმოებდა. დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც კი, როგორიცაა სკოლის პედაგოგების მიერ საკუთარი მცირეწლოვანი მოსწავლეების მშობლების მოღალატეებად მოხსენიება, რაც ფაშიზმისა და ბოლშევიზმის უმძიმესი გამოხატულებაა. აგრეთვე დაფიქსირდა კამპანია საუნივერსიტეტო სასწავლო პროცესიდან პროფესორების ჩამოშორების მოთხოვნით. ამგვარი კამპანია საქართველოში ბოლოს წარმოებდა ზუსტად ერთი საუკუნის წინ ახალგაზრდა ბოლშევიკების მიერ, რომლებმაც საწინააღმდეგო შეხედულების მქონე პროფესორები (მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ივანე ჯავახიშვილი) უნივერსიტეტიდან გააძევეს. შემაშფოთებელი იყო ნაციონალი ლექტორების მიერ სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოყენება, რაც აკადემიური ეთიკის უხეში დარღვევაა. შეგახსენებთ, რომ ნაციონალი ლექტორები თავად შლიდნენ სასწავლო პროცესს, სტუდენტებს აქციებში მონაწილეობის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნიშნების მომატებას და ა.შ. უნივერსიტეტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაც ნაციონალური მოძრაობის უცვლელი ხელწერაა. დასასრულს, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს არაფერი ქონდა საერთო რუსულ კანონთან. ამგვარი კანონები დიდი ხანია მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ისრაელში. ამჟამად, აქტიურად განიხილება ანალოგიური კანონების მიღება ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციისა და მისი მფარველების მიერ წარმოებული კამპანია ე.წ. რუსული კანონის შესახებ თავიდან ბოლომდე სიცრუეზე იყო დაფუძნებული. ათასობით ადამიანს გააპროტესტებინეს წაუკითხავი კანონი, რომელიც ენჯეოების დაფინანსების შესახებ მათივე ინფორმირებას ისახავდა ერთადერთ მიზნად. ეს იყო ერთგვარი „საუკუნის პიარ-თაღლითობა", რომლის მთავარი მიზანი ძალადობრივი გზით ხელისუფლების გადატრიალება იყო. ეს გეგმა ჩავარდა, რადგან მას დაუპირისპირდა ჰუმანური, მაგრამ ძლიერი სახელმწიფო სისტემა, რომელიც დგას და კვლავაც მყარად იდგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სადარაჯოზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)