|
2023-03-08 12:21:44, 923 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მნიშვნელოვანია, ყველამ, ვინც გუშინ უხეშად არღვევდა კანონს და ძალადობდა, კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყველა, ვინც გუშინ “უხეშად არღვევდა კანონს და ძალადობდა”, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი. მშვიდობიანი მოქალაქეების პროტესტს “უცხოური აგენტების” კანონპროექტზე, ირაკლი კობახიძე ისევ ოპოზიციასა და მედიასაშუალებების პროვოკაციად აფასებს. “გუშინ თბილისში განვითარდა მოვლენები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, უსიამოვნო სანახავი იყო ჩვენი თანამოქალაქეების უდიდესი უმრავლესობისთვის. რადიკალურმა ოპოზიციამ და მისმა მედიასაშუალებებმა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი დაარწმუნეს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ამერიკული კანონი იყო რუსული, რამაც გუშინ ადამიანების გულწრფელი ვნებათაღელვა გამოიწვია. თუმცა, როგორც ყოველთვის, რადიკალურმა ოპოზიციამ სცადა, ეს გულწრფელი ვნებათაღელვა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და დავალებების აღსრულებისთვის გამოეყენებინა. მნიშვნელოვანია, ყველამ, ვინც გუშინ უხეშად არღვევდა კანონს და ძალადობდა, კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი. გამოვთქვამთ გულისტკივილს თითოეული მშვიდობიანი მომიტინგის გამო, რომელმაც გუშინ თუნდაც უმნიშვნელო დაზიანება მიიღო. მადლობას ვუხდით თითოეულ პოლიციელს და სამართალდამცავს გუშინდელი მოთმინებისთვის და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტით მოქმედებისთვის”,- განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით გუშინ, 7 მარტს მიიღეს. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, 13 წავიდა. პროტესტის ნიშნად, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია გამართეს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენა და აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია". კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ორივე საკომიტეტო მოსმენა აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)