01:19 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-31 11:53:34, 1563 ნახვა

მსოფლიო
რა მოხდა 2022 წელს - მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები „ექსპრესნიუსის“ ობიექტივში

2022 წელი მსოფლიოში განვითარებული მოვლენების მიხედვით განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. დედამიწის მოსახლეობა არაერთი სამთავრობო ცვლილების, ტრიუმფალური დაბრუნებისა და ტრაგიკული დასასრულის მოწმე გახდა. ამ წელს ლაიტმოტივად უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი გასდევდა, თუმცა აღნიშნულის გარდა, 2022-მა წელმა თავი ევროპასა და აზიაში რამდენიმე შეიარაღებული კონფლიქტითა და სხვადასხვა ქვეყნებს შორის მზარდი დაძაბულობითაც დაგვამახსოვრა. როგორ ვითარდებოდა მოვლენები მთელი წლის განმავლობაში - „ექსპრესნიუსი“ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მომხდარ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტებსა და ცვლილებებზე გიამბობთ:

                რუსეთი უკრაინაში შეიჭრა - „Русский военный корабль, иди на хуй“!

24 თებერვლის დილის საათებში, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ორი დღით ადრე, 22 თებერვალს მოსკოვმა ცნო მის მიერ მხარდაჭერილი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და უკრაინაში შეჭრას, აღნიშნული რეგიონების დაცვის საბაბით, „სამხედრო ოპერაცია“ უწოდა.

რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის დედაქალაქ კიევის დაბომბვას სხვდასხვა მიმართულებიდან სახმელეთო შეჭრაც მოჰყვა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა.

24 თებერვლიდან მოყოლებული, რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. ინტენსიურად იბომბება ქალაქები - სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სტრატეგიული ობიექტები.

30 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის 4 რეგიონის - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ანექსიას მოაწერა ხელი. კრემლში ოფიციალური ცერემონიის გამართვას წინ ოთხივე რეგიონში ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება უძღოდა.  23-27 სექტემბერს გამართულ „რეფერენდუმებს“ უკრაინამ და დასავლეთმა უკანონო უწოდეს და მისი შედეგები არ აღიარეს.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის დაწყებიდან 6 884 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10 947 დაშავდა. რაც შეეხება რუსეთის დანაკარგებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.

არეულობა ყაზახეთში - მთავრობა გადადგა, არჩევნებში ისევ ნაზარბაევის „მემკვიდრემ“ გაიმარჯვა  


 

2 იანვარს, ყაზახეთში, მანგისთაუს ოლქში საწვავის ფასის გაძვირების გამო საპროტესტო აქციები დაიწყო. საპროტესტო ტალღამ მალევე ქალაქები აქთაუ, ალმათი და დედაქალაქი ნურ-სულთანიც მოიცვა. საწვავის ფასების დაწევის მოთხოვნას მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დაემატა და მთელ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. შესაბამისი ბრძანება ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 5 იანვარს, გამთენიისას გამოსცა.

თოყაევმა დაძაბულობის ზრდის ფონზე, სიტუაციასთან გამკლავებისთვის დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა. ОДКБ-მ, "სამშვიდობო მისიის" ფარგლებში, ყაზახეთში ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო და 6 იანვრიდან ქვეყანაში რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებით შევიდა.

ნოემბერში, ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში კვლავ ყასიმ-ჟომართ თოყაევმა გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ თოყაევმა ქვეყნის მმართველობა 2019 წელს გადაიბარა მას შემდეგ, რაც ყაზახეთის პირველი და იქამდე ერთადერთი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობიდან გადადგა.

                       „საბედისწერო სიტყვით გამოსვლა“ - იაპონიაში შინძო აბე მოკლეს

ივლისის დასაწყისში, იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე მოკლეს. აბეს ქალაქ ნარაში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, 41 წლის მამაკაცმა, იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების ყოფილმა წევრმა, ტეძუია იამაგამიმ ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა. 67 წლის ყოფილი პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შინძო აბე იაპონიის პრემიერ-მინისტრის პოსტს ყველაზე ხანგრძლივი ვადით - ჯერ 2006 წელს, შემდეგ კი, 2012-დან 2020 წლამდე იკავებდა.

                          დიდ ბრიტანეთში დედოფალი მეფემ, ტრასი კი სუნაკმა შეცვალა      

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გადადგა. ჯონსონმა დაუნინგ სტრიტზე, პრემიერ-მინისტრისა და „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოსტის დატოვების შესახებ, ივლისის დასაწყისში გამოაცხადა.

ჯონსონი მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ლიზ ტრასმა შეცვალა, თუმცა ოქტომბრის ბოლოს, მისი 45-დღიანი მმართველობაც დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ტრასი პრემიერ-მინისტრის პოსტს დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე პერიოდით იკავებდა.

ტრასის გადადგომის შემდეგ, „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის პოსტი ყოფილმა ფინანასთა მინისტრმა, რიში სუნაკმა დაიკავა. ბუკინგემის სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ, სუნაკი დიდი ბრიტანეთის პირველი აზიური წარმოშობის და ორი საუკუნის განმავლობაში, ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა.

პრემიერ-მინისტრების ცვლილების გარდა, დიდ ბრიტანეთში ცვლილება სამეფო ოჯახშიც მოხდა. სექტემბრის დასაწყისში, შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ელისაბედ მეორე ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა და მონარქის რანგში 70 წელი გაატარა. დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს მონარქი უელსის ყოფილი პრინცი, 73 წლის ჩარლზი გახდა.

პელოსი ტაივანში ჩავიდა - ჩინეთმა აშშ-ს კუნძულის ირგვლივ სამხედრო ძალის დემონსტრირებით უპასუხა

აგვისტოს დასაწყისში, ჩინეთსა და ტაივანს, ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ყველაფერი კი, ტაივანში შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტით დაიწყო. ბოლო 25 წლის განმავლობაში, პირველი ამერიკელი მაღალჩინოსნის კუნძულზე ჩასვლას ჩინეთმა „სრული ფარსი“ უწოდა და აშშ „დემოკრატიის საფარქვეშ ჩინეთის სუვერენიტეტის შელახვაში“ დაადანაშაულა.

ჩინეთი ოფიციალური განცხადებებით არ შემოფარგლულა, ქვეყანამ პელოსის ვიზიტის პასუხად, 4-7 აგვისტოს, ტაივანის ირგვლივ ექვს ლოკაციაზე საზღვაო და საჰაერო სამხედრო წვრთნები დააანონსა და გარკვეული სავაჭრო შეზღუდვებიც დააწესა. ჩინეთის მიერ ძალის დემონსტრირებას ტაივანის სამხედრო თვითმფრინავებისა და სარაკეტო სისტემების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა მოჰყვა.

ტაივანი ჩინეთს გამოეყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც 1949 წელს ნაციონალისტური სამთავრობო ძალებისა და კომუნისტურის პარტიის ბრძოლაში, ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა. შედეგად, მაო ძედუნმა პეკინზე კონტროლი დაამყარა, ნაციონალისტურმა პარტიამ, ჩან კაიშის ხელმძღვანელობით კი, ტაივანს შეაფარა თავი და ჩინეთის რესპუბლიკა გამოაცხადა.

          ბრძოლა ისლამური რევოლუციის შედეგებთან - ირანი საპროტესტო ტალღამ მოიცვა

ირანი საპროტესტო აქციებმა მოიცვა მას შემდეგ, რაც ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინი გარდაიცვალა. ამინი 13 სექტემბერს, ოჯახთან ერთად გადაადგილებისას, ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევისთვის დააპატიმრეს, რასაც მისი კომაში ჩავარდნა და 16 სექტემბერს გარდაცვალება მოჰყვა. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ნადა ალ-ნაშიფის ცნობით, პოლიციელებმა იზოლატორში ამინი ხელკეტებით სცემეს და თავი მანქანაზე არტყმევინეს. პოლიციამ ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ 22 წლის ქალს "მოულოდნელი გულის შეტევა დაემართა".

მაჰსა ამინის სიკვდილს დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის ბევრ სხვა რაიონში ხალხმრავალი დემონსტრაციები მოჰყვა. თავდაპირველად, პროტესტი ჰიჯაბის ტარებასთან დაკავშირებულ კანონებს ეხებოდა, შემდეგ კი, აქტივისტები ირანის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, თეირანმა ათასობით აქტივისტი დააკავა, ასობით ადამიანი პოლიციის მიერ ძალადობას ემსხვერპლა, ათობით მომიტინგეს კი, სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ კანონი, რომლის დარღვევაშიც ე.წ. მორალის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ამინი დაადანაშაულა, ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ მიიღეს.

                   პროლოგი თუ ეპილოგი - ბაქოსა და ერევანს შორის შეტაკებები განახლდა

13 სექტემბერს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტი განახლდა - 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ე.წ. 44-დღიანი ომის შემდეგ, ორი ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ გაუხსნეს ცეცხლი ერთმანეთს. სომხეთი აცხადებდა, რომ შეტაკებების დროს 200-მდე სამხედრო დაკარგა, ბაქომ კი, 80 დაღუპული ჯარისკაცის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. 15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწია, თუმცა აღნიშნულის შემდეგ, ორმა ქვეყანამ ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში არაერთხელ დაადანაშაულა.

ეთნიკურმა სომხებმა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა 1990-იანი წლების დასაწყისში გამოაცხადეს. 2020 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ, რეგიონის ნაწილი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

პრეზიდენტობიდან პატიმრობამდე და პირიქით - ბრაზილიაში ბოლსონარო ლულა და სილვამ შეცვალა

ბრაზილიაში, 30 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, მემარცხენე ლუის ინასიო და სილვამ გაიმარჯვა. 77 წლის სილვამ მოქმედი პრეზიდენტი, ულტრა-მემარჯვენე, 67 წლის ჟაირ ბოლსონარო დაამარცხა.

8-წლიანი პრეზიდენტობისა და 9-წლიანი პატიმრობის მისჯის შემდეგ, ეს განსაცვიფრებელი დაბრუნება იყო იმ პოლიტიკოსისთვის, რომელმაც 2018 წელს ჩატარებულ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში, ციხეში ყოფნის გამო, მონაწილეობა ვერ მიიღო.

ლუის ინასიო ლულა და სილვა, რომელსაც 5 წაყენებული ბრალდებიდან მხოლოდ ერთი - კორუფციის ბრალდება დაუმტკიცდა, 2016 წლის მარტის დასაწყისში დააკავეს, 2017 წლის ივლისში კი გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს. სილვამ ციხეში 580 დღე გაატარა, მის მიმართ წაყენებული ბრალდების ანულირების შემდეგ კი, პოლიტიკურ ბრძოლას დაუბრუნდა.

პარტიის ლიდერობიდან ქვეყნის მმართველობამდე - იტალიას პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

იტალიას პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, ულტრამემარჯვენე მთავრობა ჰყავს. პარტია „იტალიის ძმების“ ლიდერმა, ჯორჯია მელონიმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი ოქტომბრის ბოლოს ჩაიბარა. მანამდე მას, იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ კოალიციური მთავრობის ფორმირების უფლებამოსილება მისცა.

მელონიმ მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბა, პარტიების - „ლიგისა“ და „წინ იტალიის“ წარმომადგენლები მატეო სალივანი და ანტონიო ტაიანი კი, ვიცე-პრემიერებად დანიშნა. „ჩვენი მთავრობის პირობებში, იტალია არასდროს იქნება დასავლეთის სუსტი რგოლი“, - განაცხადა მელონიმ, რომლის პარტიამაც სექტემბერში გამართულ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა.

      „ლიკუდმა“ ქნესეთში 64 ადგილი მოიპოვა - ნეთანიაჰუ ისრაელის მთავრობაში დაბრუნდა

ისრაელში, ნოემბრის დასაწყისში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიამ გაიმარჯვა. „ლიკუდმა“ და მათმა პარტნიორებმა, ულტრამემარჯვენე და რელიგიურმა ძალებმა, ისრაელის 120-ადგილიან ქნესეთში 64 ადგილი მოიპოვეს.

ამრიგად, 73 წლის ნეთანიაჰუ, თანამდებობის დატოვებიდან 14 თვის შემდეგ, ისრაელის მთავრობაში დაბრუნდა. გამარჯვების შემდეგ მან პირობა დადო, რომ ჩამოაყალიბებს ისეთ მთავრობას, რომელიც გამონაკლისის გარეშე, ისრაელის ყველა მოქალაქეზე იზრუნებს. აღსანიშნავია, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ პრემიერ-მინისტრის პოსტს გასულ წელს, ქვეყნის სათავეში 12-წლიანი უწყვეტი ყოფნის შემდეგ ჩამოსცილდა.

         „დემოკრატები“ VS „რესპუბლიკელები“ - აშშ-ში შუალედური არჩევნები გაიმართა

ამერიკის შეერთებულ შტატებში 8 ნოემბერს შუალედური არჩევნები ჩატარდა. მოქალაქეებმა სენატის 35, წარმომადგენელთა პალატის ყველა - 435 წევრი და 30-ზე მეტ შტატში გუბერნატორი აირჩიეს.

კონგრესის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, „რესპუბლიკურმა პარტიამ“, დიდი მოლოდინების მიუხედავად, კონგრესის ზედა პალატაში, უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო - სენატზე კონტროლი „დემოკრატებმა“ შეინარჩუნეს.

რაც შეეხება კონგრესის ქვედა პალატას, „რესპუბლიკელებმა“ წარმომადგენელთა პალატაში  უმრავლესობის შესაქმენლად საჭირო ადგილები მოიპოვეს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შუალედურ არჩევნებს დემოკრატიისთვის კარგი დღე უწოდა და თქვა, რომ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, „შვებით ამოისუნთქა“. ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ „გიგანტურ წითელ ტალღას“ (წითელში „რესპუბლიკური პარტია იგულისხმება) არ გადაუვლია.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics