|
2022-07-01 17:06:25, 792 ნახვა
პოლიტიკა
რა რეფორმების გატარებას გეგმავს ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის მისაღებად? - კობახიძის განცხადება
მმართველი გუნდი უზრუნველყოფს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას სათანადო დროში და სათანადო ხარისხით შემდეგი გეგმის შესაბამისად, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რა რეფორმების გატარებას გეგმავს ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის მისაღებად? ირაკლი კობახიძის განცხადებას სრულად გთავაზობთ: "პუნქტი 1. პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება დათქმების პირველი პუნქტი უნდა განვიხილოთ როგორც ერთგვარი საფუძველი დანარჩენი 11 პუნქტის ეფექტიანად შესასრულებლად. პოლიტიკური პოლარიზაცია არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რომლის პირობებში პოლიტიკური დისკუსია, ნაცვლად სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხებისა, საზოგადოებისთვის მეორეხარისხოვან თემებზეა გადატანილი, რომლებსაც სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტისთვის ვიწროპოლიტიკური დატვირთვა აქვს. ამ მოცემულობის შესაცვლელად, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია შემცირდეს რადიკალური დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის და გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას ამ თვალსაზრისით. ანალოგიურად, ოპოზიციამ მომდევნო 6 თვის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს იმგვარი რიტორიკისგან, რომელიც ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციის არაღიარებას გულისხმობს. იგივე ეხება მედიასაც, რომელიც ეუთო-ოდირის დასკვნის თანახმად, საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მაპოლარიზებელ კამპანიაში უშუალოდ არის ჩართული. დეპოლარიზაციის კუთხით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და მათ სამართლიან და ჯანსაღ დამოკიდებულებას მაპოლარიზებელი ქმედებების მიმართ. პუნქტი 2. სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირება, საპარლამენტო ზედამხედველობა, საარჩევნო კანონმდებლობა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც უზრუნველყოფს საპარლამენტო ზედამხედველობის სფეროში პარლამენტის რეგლამენტის აღსრულების ყოვლისმომცველ შეფასებას და მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად. შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არა უგვიანეს 21 სექტემბრისა და მიიღება არა უგვიანეს 1 ნოემბრისა. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება საარჩევნო კოდექსის რევიზიის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან პარლამენტარები ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიიდან, აგრეთვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მომზადდება ცვლილებები საქართველოს საარჩევნო კოდექსში, რომელშიც სათანადოდ იქნება ასახული ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არა უგვიანეს 21 სექტემბრისა და პარლამენტის მიერ მიიღება არა უგვიანეს 13 დეკემბრისა. მეორე მოსმენით მიღებამდე, კანონპროექტი დასკვნისთვის გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო-ოდირს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან უკვე შექმნილია სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი. აღნიშნული სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში აქტიურად განაახლებს მუშაობას და სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე, მოამზადებს როგორც სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას, ისე შესაბამისი კანონპროექტების პაკეტს. სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მომზადდება და გამოქვეყნდება 1 ოქტომბრამდე, რის საფუძველზეც საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება და საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება 1 ნოემბრამდე. კანონპროექტი ინიცირებისთანავე დასკვნისთვის გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო-ოდირს. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა დაიწყება ვენეციის კომისიიდან და ეუთო-ოდირიდან დასკვნების მიღებისთანავე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა შესარჩევ კონკურსს საქართველოს პარლამენტი გამოაცხადებს არა უგვიანეს 30 სექტემბრისა, ხოლო კენჭისყრა საბჭოს წევრთა ასარჩევად ჩატარდება არა უგვიანეს 15 ნოემბრისა. შეგახსენებთ, რომ საბჭოს წევრთა ასარჩევად საჭიროა 90 პარლამენტის წევრის ხმა. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის დათქმის შესაბამისად მათი არჩევის უზრუნველყოფა როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობაა. პუნქტი 4. ანტიკორუფციული ღონისძიებები საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს ანტიკორუფციული ფუნქციების კონსოლიდაციის კონცეფციას და წინადადებებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების უზრუნველსაყოფად. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან პარლამენტის წევრები ყველა საპარლამენტო პარტიიდან, აგრეთვე მთავრობის ადმინისტრაციის, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არა უგვიანეს 19 ოქტომბრისა, ხოლო პარლამენტის მიერ მიიღება 1 დეკემბრამდე. პუნქტი 5. დეოლიგარქიზაცია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფი იმუშავებს დეოლიგარქიის კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა და პარლამენტის მიერ მიიღება არა უგვიანეს 29 ნოემბრისა. პუნქტი 6. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და სამართალდამცავი ორგანოების ზედამხედველობა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შევლენ პარლამენტის წევრები ყველა საპარლამენტო პარტიიდან, აგრეთვე პროკურატურის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. პუნქტი 7-8. სათანადო მედიაგარემოს უზრუნველყოფა, ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირება პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, საქართველოს პროკურატურასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს ინფორმაციის საჯაროობას ყველა შესაბამისი საქმის გამოძიების შესახებ. პუნქტი 9. გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის და გენდერული თანასწორობის საბჭო წარმართავენ აქტიურ სამუშაო პროცესს, რათა მომზადდეს საკანონმდებლო წინადადებები გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კიდევ უფრო ეფექტიანი ბრძოლის უზრუნველსაყოფად. პუნქტი 10. გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირის პირობების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ეფექტიან ჩართულობას. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება ჩართულობის ეფექტიანი მექანიზმების შენარჩუნება ევროკავშირის პირობებზე მუშაობის დასრულების შემდეგაც. პუნქტი 11. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისწინება ქართული სასამართლოს მიერ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის აღსრულების პროცედურების გათვალისწინებით, შესაბამის კანონპროექტს მოამზადებს და პარლამენტს ინიციატივის წესით წარუდგენს 1 სექტემბრამდე. კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს და მიიღებს არა უგვიანეს 18 ოქტომბრისა. პუნქტი 12. სახალხო დამცველის არჩევა საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციას 1 სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახალხო დამცველის პოზიციაზე იმგვარი პირის წარდგენა, რომელიც იქნება თანაბრად მისაღები უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის და შესაბამისად, მაღალი ლეგიტიმაციით იქნება არჩეული. კენჭისყრა სახალხო დამცველის ასარჩევად შედგება არა უგვიანეს 1 დეკემბრისა. შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის არჩევა საჭიროებს სულ მცირე 90 პარლამენტის წევრის მხარდაჭერას. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის დათქმის შესაბამისად მისი არჩევის უზრუნველყოფა თანაბრად არის როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობა.
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)