20:41 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-15 13:10:09, 617 ნახვა

პოლიტიკა
NDI - ხმების მოსყიდვის, ამომრჩევლებზე, კანდიდატებსა და ჟურნალისტებზე დაშინების ბრალდებებმა საარჩევნო პროცესი დააზიანა

არჩევნები მეტწილად კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა ამომრჩევლებისა და კანდიდატების შევიწროების შესახებ წუხილები კვლავ აქტუალურია, – ამის შესახებ ამერიკის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი, რომელიც საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს.

NDI-ის ანალიზის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კონკურენტული და ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, საარჩევნო გარემოს, განსაკუთრებით კი პოლიტიკური გარემოს, ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. 

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილი ხანგრძლივი პოლიტიკური ჩიხის კონტექსტში გაიმართა.

„ბევრი ამ პროცესს პარტიების დემოკრატიული ორიენტაციის ლაკმუსის ტესტად განიხილავდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, როგორც წესი, მოქალაქეები ადგილობრივ საჭიროებებსა და მმართველობაზე ფოკუსირდებიან, გასულ წელს განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის მმართველი პარტიის მიერ ხმების 43 პროცენტზე ნაკლების მიღების შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადების პერსპექტივამ, პოლიტიკური ფსონები ყველა მხარისთვის გაზარდა. უხეშმა რიტორიკამ და შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა მხოლოდ გააღრმავა ისედაც პოლარიზებული პოლიტიკური პროცესები, ხოლო ეროვნული დონის საკითხებზე ფოკუსირებამ ადგილობრივი დონის საჭიროებები დაჩრდილა. საზოგადოების სკეპტიციზმზე პასუხისმგებლობა სრულიად პოლიტიკურ სპექტრს ეკისრება, რადგან, როგორც ჩანს, საზოგადოების საჭიროებები პარტიულ ინტერესებს შეეწირა“, – აღნიშნულია NDI-ის შეფასებაში.

ამასთანავე, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ხმების მოსყიდვისა და ამომრჩევლებსა, ჟურნალისტებსა და კანდიდატებზე ზეწოლისა და დაშინების შესახებ ბრალდებებმა საარჩევნო პროცესი დააზიანა.

„ასევე, აღსანიშნავია გარკვეული გაუმჯობესება საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის მიმართულებით, როგორიცაა, მაგალითად, ცესკო-ს სხდომებისა და პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების შესარჩევი გასაუბრებების ონლაინგაშუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის დონეზე არსებული მონაცემების უფრო ხელმისაწვდომ ფორმატში გამოქვეყნება. თუმცა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ხმების მოსყიდვისა და ამომრჩევლებს, კანდიდატებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მათი დაშინების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა პროცესი დააზიანა. ისევე, როგორც წინა წლებში, პარტიული რესურსების დისბალანსმა, კამპანიების დაფინანსების არასაკმარის ზედამხედველობასთან და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებულ უპირატესობებთან ერთად, ხელი შეუწყო არათანაბარპოლიტიკურ ველს. გაფართოებული პოლიტიკური წარმომადგენლობის, გაზრდილი გამჭვირვალობისა და საჩივრების წარდგენის პროცესის გაუმჯობესების მიუხედავად, ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების პოლიტიკური ნეიტრალიტეტში კვლავ ეჭვი შეაქვთ", – ვკითხულობთ ანგარიშში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics