15:32 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-09 18:35:18, 800 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობამ ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას - დიპლომატების ღია წერილი საქართველოს

ღრმად გვაღელვებს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები, მათ შორის, ხელისუფლების მიერ წამყვანი ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინაში შეჭრასა და მისი ლიდერის დაპატიმრების შესახებ, - ამის შესახებ აღნიშნულია უცხოელი პოლიტიკოსების, ყოფილი ელჩებისა და ანალიტიკოსების მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ წერილში სათაურით,  „საქართველოს მეგობრების ღია წერილი მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით“.

როგორც წერილშია აღნიშნული, საქართველოში არსებული ერთპარტიული პარლამენტი არ არის ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანი.

„ჩვენ, ხელმომწერნი, თავს საქართველოს მეგობრებად ვთვლით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში აღფრთოვანებული ვართ საქართველოს ისტორიის დროს შექმნილი გასაჭირის დროს ქართველი ხალხის მიერ გამოჩენილი გამძლეობით, მათი მოწოდებით, შეინარჩუნონ საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს და პოზიტიურ ნაბიჯებს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. არ გვერიდება კონსტრუქციული კრიტიკაც.

ღრმად გვაღელვებს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება წამყვანი ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინაში შეჭრასა და მისი ლიდერის დაპატიმრების შესახებ. მისი არ გათავისუფლება შეუძლებელს გახდის ბოლო არჩევნების შემდეგ შექმნილი ჩიხიდან გამოსვლას, რამაც გამოიწვია ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირება. ერთპარტიული პარლამენტი არ არის ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანი. მიმდინარე მოვლენები არამხოლოდ აფერხებს პროგრესს უსაფრთხოების, ეკონომიკისა და გლობალური პანდემიის დროს ჯანდაცვის საკითხების გადაწყვეტაში, არამედ, აგრეთვე, აზიანებს საქართველოს, რეგიონში სტაბილური როგორც პარტნიორისა და ევრო-ატლანტიკური ღირებულებებისადმი ერთგული ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსა და რეპუტაციას. მხოლოდ მოსკოვში არიან კმაყოფილნი მიმდინარე მოვლენებით.

ჩვენ ჩამოვდივართ იმ ქვეყნებიდან, რომელთა დემოკრატიასაც ექმნება პრობლემები მაღალი პოლიტიკური დაძაბულობისა და პოლარიზაციის მომენტებში. ჩვენ ყველას გვესმის, რომ საქართველოში დემოკრატიის მშენებლობა მიმდინარეობს, მაგრამ ეს პროცესი არ შეიძლება მოიცავდეს პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას. არჩეულმა მთავრობებმა უნდა შეასრულონ თავიანთი ამომრჩევლის მისწრაფებები, თავიანთი დრო და ყურადღება გაამახვილონ იმ პოლიტიკის განხორციელებაზე, რომელზეც ისინი აწარმოებენ კამპანიას. არჩეულ ოპოზიციურ პოლიტიკოსებს უფლება აქვთ განიხილონ თავიანთი პრეტენზიები საარჩევნო დარღვევების შესახებ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მათ, გამოიყენონ ევროკავშირისა და სხვა პოტენციური შუამავლების ყველა შესაძლებლობა, რათა შეძლონ საქართველოს მთავრობასთან კეთილსინდისიერი მოლაპარაკება.

ყველა მხარემ მხარი უნდა დაუჭიროს თავისი ქვეყნის წინსვლას დავის მშვიდობიანი საშუალებებით და იურიდიული გზით მოგვარებას. მათი საერთო მიზანი უნდა იყოს შეიქმნას მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც ასახავს ყველა ამომრჩეველის ნებას და შესაბამისად, მას აქვს სრული ნდობა ქართველი ხალხის მიერ“, - აღნიშნულია წერილში.

წერილის ავტორების განცხადებით, მთავრობამ, როგორც ხელმძღვანელმა ძალამ, ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას.

„საქართველომ დემოკრატიის წინა ტესტებს გაუძლო. წარსულში არსებულ კრიტიკულ მომენტებში, მისმა ლიდერებმა უკან დაიხიეს და არ გადადგეს უკიდურესი ნაბიჯები. საქართველო ამჟამად არის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტში, რასაც ზოგიერთი აღწერს, როგორც „ეგზისტენციალური“. მთავრობამ, როგორც ხელმძღვანელმა ძალამ, ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას. ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის შუამავლობის ძალისხმევას, რომლის მიზანიც კომპრომისის მიღწევაა, რასაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. უახლესი მოვლენები სიტუაციას კიდევ უფრო სასწრაფოს ხდის. დრო არსებითად მნიშვნელოვანია!

საქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი საერთაშორისო აქტივი მისდამი კეთილგანწყობა იყო, რომელიც მან რთულად მოიპოვა. მაგრამ - გლობალური პრიორიტეტების აუცილებლობის, ეკონომიკური არეულობის და გლობალური პანდემიის დესტრუქციული შედეგების დროს - კეთილგანწყობა უსასრულო არ არის. დაკარგვის შემთხვევაში, მისი დაბრუნება ძნელი იქნება.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს, ნუ გაფლანგავენ ეს კეთილგანწყობა და გამოავლინონ თავიანთი ერთგულება დემოკრატიის, დიალოგისა და ადამიანის უფლებების პატივისცემისადმი“, - აღნიშნულია წერილში.

წერილის ავტორების განცხადებით, ისინი, როგორც საქართველოს მეგობრები, მზად არიან, დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა ერთადერთი ხანგრძლივი გადაწყვეტა, შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის ძალისხმევით იმისთვის, რომ გადაარჩინონ ქართული დემოკრატია და მისი ინსტიტუციები.

აღნიშნულ წერილს ხელს აწერენ: იან ბონდი - ევროპული რეფორმების ცენტრი; მეთიუ ბრაიზა -  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში; კერი კავანაუ - კენტუკის უნივერსიტეტის წარმომადგენელი; ლუკ კოფი - მემკვიდრეობის ფონდი; სვანტე კორნელი - ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭო; უილიამ კორტნი - აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში; ლარი დაიმონდი - სტენფორდის უნივერსიტეტი; პიერ ეკლუნდი - ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში; ფრენსის ფუკუიამა - სტენფორდის უნივერსიტეტი; ალექსანდრა ჰოლ ჰოლი - გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩი საქართველოში; გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი - ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური; გლენ ჰოვარდი - ჯეიმსთაუნის ფონდი; ტომას ჰენდრიკ ილვესი - ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი; ჯონათან კაცი - აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდი; იან კელი - ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი და აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში; ლორა თორნტონი - დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტი და NDI Georgia-ს ყოფილი დირექტორი; კურტ ვოლკერი - აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში; კენეტ იალოვიცი - აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში და სხვები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics