|
2020-12-31 04:34:33, 1896 ნახვა
პოლიტიკა
2020 წელი მსოფლიოში და რეგიონში ეპოქალური ცვლილებების ფონზე
2020 წელი გამორჩეული იყო კატაკლიზმებით, მოვლენებით და შემთხვევებით, რომელიც ისტორიაში თავის კვალს დატოვებს. რეზიუმეს სახით შეიძლება ითქვას, რომ წელიწადი არ ყოფილა მარტივი, შესაძლოა, მკითხველმა გაიფიქროს, საკმარისია, უბედური წელიწადის დასარული დადგა. შესაძლოა საქართველოსთან ერთად მსოფლიო, არასოდეს არ ყოფილა ასეთი უმწეო და ყველას პირველი რაც გვახსენდება კორონავირუსია. თუმცა ამ წელს იყო მოვლენები, რომელმაც ისტორიის სხვა შეცვალა, მაგალითად მოძრაობა "შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია" ამ მოძრაობის ფარგლებში, მრავალი ისტორიული ფიგურის დამსახურების გადახედვა მოხდა. თუმცა ყველაფერს ქრონოლოგიურად მიყვეთ.
ერთი წლის წინ, 2020 ტრაგედიით დაიწყო, 8 იანვარს თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებას ბორდზე მყოფი ყველა, 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან უკრაინის, ირანის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ავღანეთის და გერმანიის მოქალაქეები.უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა, "უნებლიედ, ადამიანური შეცდომის გამო" ჩამოაგდეს. ამის შესახებ განცხადება ირანის სამხედრო ძალებმა ადგილობრივ მედიაში გააკეთეს. განცხადებაში წერია, რომ თვითმფრინავმა იმ ადგილას გაიფრინა, რომელიც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ეკუთვნოდა. ირანის სამხედრო ძალების თქმით, სამხედროებში პასუხისმგებელი პირები სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარსდგებიან და პასუხს აგებენ. ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელი რევოლუციური გვარდია დაიცვა. "ჩვენი მტრები მოხარულები იყვნენ რომ გუშაგების, შეიარაღებული ძალების და ჩვენი სისტემის ძირის გამოთხრისთვის მიზეზი ნახეს," - თქვა ხამენეიმ.
ტრაგედიას წინ უძღოდა, ირანის გენერალი ყასემ სოლეიმანის მკვლელობა, რომელიც 3 იანვარს იქნა მოკლული ბაღდადში აშშ-ის საჰაერო დარტყმის შედეგად. ვაშინგტონი სოლეიმანის „ნომერ პირველ ტერორისტს“ უწოდებდა და პასუხისმგებლად მიიჩნედა ასობით ამერიკელი სამხედროს სიკვდილისთვის. სოლეიმანის დაკრძალვა გადაიდო მას შემდეგ, რაც ირანის ქალაქ ქერმანში, დაკრძალვისას მომხდარ ჭყლეტაში 40 ადამიანი დაიღუპა, 48 დაშავდა. სოლეიმანი „ქუდსის“ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შემადგენლობაში შედიოდა. „ქუდსის“ ამოცანა იყო ირანის გავლენის გავრცელება სხვა ქვეყნებზე. იმპიჩმენტის შემდეგ რესპუბლიკელების გამართლებული ტრამპი
აშშ-ის სენატში გამართულ სასამართლო პროცესზე სენატორებმა ტრამპი საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში წაყენებულ ორივე მუხლში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისათვის ხელის შეშლაში უდანაშაულოდ ცნეს. მათ პრეზიდენტისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირეს. კონგრესისათვის ხელის შეშლაში ტრამპი დამნაშავედ მიიჩნია ყველა დემოკრატმა სენატორმა (47 ხმა), ხოლო უდანაშაულოდ ყველა რესპუბლიკელმა სენატორმა (53 ხმა). რაც შეეხება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, აქ დემოკრატ სენატორებს შუერთდა რესპუბლიკელი სენატორი მიტ რომნიც, თუმცა 48 ხმა მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი ტრამპისათვის უფლებამოსილების შესაჩერებლად. ამისათვის სენატის 2/3-ის მხარდაჭერა იყო საჭირო. ამით ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დასრულდა. ის მესამე პრეზიდენტი გახდა აშშ-ის ისტორიაში, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა, ხოლო სენატმა გაამართლა. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი 18 დეკემბერს გამოუცხადა. პირველი ბრალდების საფუძველზე იმპიჩმენტს მხარი 230-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 197. მეორე ბრალდების საფუძველზე იმპიჩმენტის მომხრე იყო 229 კონგრესმენი, წინააღმდეგი 198. იმპიჩმენტის მხარდამჭერებს შორის იყო თითქმის ყველა დემოკრატი კანონმდებელი, ხოლო რესპუბლიკელემბა მას მხარი არ დაუჭირეს. საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა სკანდალი დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ივლისში შემდგარ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით. თეთრ სახლში გამოსვლისას ტრამპმა იმპიჩმენტის პროცესს უწოდა „ბოროტება“ და „ბინძური პოლიციელების“, „მატყუარებისა“ და „მაბეზღარების“ საქმე. მისი სიტყვებით, ის, რის გადატანაც მოუხდა მას იმპიჩმენტის საკითხის განხილვის დროს, „არ გადაუტანია არცერთ პრეზიდენტს“. „ჩვენ ჯოჯოხეთი გამოვიარეთ“, დასძინა ტრამპმა და გაიმეორა, რომ უკრაინასთან მიმართებით არავითარი კანონი არ დაურღვევია თავის პოლიტიკურ ოპონენტთან, ჯო ბაიდენთან დაკავშირებით. ჰარვი ვაინშტაინს სასჯელი
11 მარტს ნიუ-იორკის სასამართლომ 23 წლით პატიმრობა მიუსაჯა ყოფილ კინოპროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინს, რომელიც მანამდე ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ დამნაშავედ ცნო სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურებაში. ერთ დროს ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერი, 67 წლის ვაინშტაინი, სასამართლოზე კვლავ ინვალიდის ეტლით მივიდა. მან პირველად მიმართა სასამართლოს და განაცხადა, რომ ღრმად განიცდის ჩადენილს და აბსოლუტურად გაოგნებულია მომხდარით. პროკურორებმა კი მოითხოვეს მაქსიმალური სანქცია ვაინშტაინის მიერ ქალების მიმართ მრავალი წლის მანძილზე ჩადენილი ძალადობის გამო. ჰარვი ვაინშტაინი, დამნაშავედ იქნა ცნობილი სექსუალურ ძალადობაში ასისტენტის, მიმი ჰეილის მიმართ 2006 წელს და ერთ დროს მსახიობობის მოსურნე ქალის, გაუპატიურებაში 2013 წელს. 2017 წლის ოქტომბერში, 20-ზე მეტმა მსახიობმა ქალმა, მათ შორის ანჯელინა ჯოლიმ და გვინეტ პელტროუმ ჰარვი ვაინშტაინი დაადანაშაულეს სექსუალურ შევიწროებაში. ცარიელი ტაძრები
ისტორიაში პირველად რომის პაპმა სააღდგომო მესა წმინდა პეტრეს ბაზილიკის ცარიელ ტაძარში აღავლინა. იყავით სიცოცხლის მაცნეები სიკვდილის ჟამს, – ასე მიმართა რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს კათოლიკური აღდგომის დადგომისას. მოძრაობა შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია
46 წლის ფლოიდი მინეაპოლისში, პოლიციამ დააკავა. პოლიციელს მის კისერზე ფეხი, თითქმის 9 წუთის განმავლობაში ედო. ფლოდი ამბობდა, რომ ვეღარ სუნთქავდა, თუმცა პოლიციელმა მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია და მამაკაცი გარდაიცვალა. 46 წლის ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა, ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ანტი-რასისტული საპროტესტო ტალღა გამოიწვია. ასეთი დიდი პროტესტი ამერიკაში 1960-იანი წლების შემდეგ არ უნახავთ. პოლიციის სისასტიკის თაობაზე გამართულმა პროტესტებმა კონფედერატების ძეგლების და მემორიალების მოცილებაზე დებატების პროვოცირება გამოიწვია. ეს ძეგლები ზოგიერთისთვის სიძულვილის და მონობის სიმბოლო, სხვებისთვის კი სამხრეთის პატივსაცემი კულტურული მემკვიდრეობაა.„შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია - გლობალური ქსელის ფონდი“ - ჯგუფმა, რომელიც მოძრაობას მხარს უჭერს, 12 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსები შეაგროვა იმისთვის, რომ ინსტიტუციური რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ორგანიზაციებს მხარი დაუჭიროს. ფონდი აცხადებს, რომ ამ თანხებიდან 6 მილიონი უშუალოდ იმ ადამიანთა მხარდასაჭერად იქნება განკუთვნილი, რომლებიც ადგილობრივ დონეზე იბრძვიან. დამატებით 6.5 მილიონი დოლარი კი მათთან დაკავშირებული ჯგუფებისა და ორგანიზაციებისთვის. ფონდის მმართველმა დირექტორმა კეილი სქეილსმა „ასოშეიტედ პრესთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ეს ცვლილებები „შავკანიანთათვის ძალაუფლების მშენებლობის პროცესში წყალგამყოფი, გარდამტეხი მნიშვნელობის იქნება“. ვაშინგტონის მერმა პროტესტის შემდეგ თეთრი სახლის სიახლოვეს მდებარე ორკვარტლიან ტერიტორიას სახელიც კი გადაარქვა და მას „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია მოედანი“ უწოდა. მოძრაობის წარმატება და საკითხისადმი მეტი ყურადღების დათმობა შესამჩნევია არაერთ საზოგადოებრივ ცვლილებაში. ბევრი გამოცემის შემდეგ, "ასოშეიტედ პრესმა" წესი შეცვალა და ამიერიდან შავკანიანთა თემის მოხსენიებისას, სიტყვა შავი დიდი ასოთი დაიწერება. "ასოშეიტედ პრესის" წერის სტილსა თუ სტანდარტს არაერთი მედიასაშუალება მისდევს, ისინი განმარტავენ, რომ ამ ტერმინმა აფრო-ამერიკული საზოგადოების, მათი თემის საერთო სოციალურ-კულტურული იდენტობა უნდა გამოხატოს და არა მხოლოდ კანის ფერი. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ კი 4 ყოფილი სპიკერის პორტრეტების პალატიდან გატანის ბრძანება გასცა. პელოსიმ თქვა, რომ პალატის კედლებზე არაა იმ ადამიანების დიდების ადგილი, ვინც შეუწყნარებლობასა და რასიზმს ემხრობოდა. აია სოფია - მუზეუმი მეჩეთად
10 ივლისს თურქეთის სასამართლოს მიერ აია სოფიას, 6 საუკუნის ძეგლისთვის, მუზეუმის სტატუსის გაუქმების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, აია სოფიას კარი ღვთისმსახურებისთვის გაიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებით უკვე მომზადებული იყო საფუძველი, რომ ტაძარი კვლავ მეჩეთად გადაკეთებულიყო. ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი მოკლე კომენტარით გამოეხმაურა თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას წმინდა სოფიის ტაძრისათვის მეჩეთის სტატუსის დაბრუნებას. „თურქეთის სახელმწიფო საბჭოს და პრეზიდენტ ერდოანის გადაწყვეტილება ამ ძეგლის რელიგიის საქმეთა პრეზიდიუმის დაქვემდებარებაში გადაცემის თაობაზე სამწუხაროა“, - ნათქვამია ჯოზეფ ბორელის განცხადებაში. ევროკავშირში აღნიშნეს, რომ აია სოფიას ტაძარს აქვს ძლიერი სიმბოლური, ისტორიული და საკაცობრიო ღირებულება, ხოლო თურქეთი, როგორც ცივილიზებული ალიანსის წევრი, ვალდებულია ხელი შეუწყოს რელიაგიათა და კულტურათა შორის დიალოგს, ტოლერანტულობას და თანაარსებობას. 1934 წელს, ქემალ ათათურქის მმართველობის დროს, აია სოფიას მუზეუმის სტატუსი მიანიჭეს. სასამართლოს 10 ივლისის გადაწყვეტილებით, ათათურქის დროინდელი დადგენილება უკანონოდ გამოცხადდა. ეს შეესაბამებოდა ერდოანს კურსს, რომ მსოფლიო კულტურის საგანძურის ნიმუში, მიუხედავად საერთაშორისო, აშშ-ისა და მართლმადიდებელ ლიდერთა მხრიდან კრიტიკისა, მეჩეთად გადაკეთებულიყო. აია სოფიას 1985 წლის შემდეგ იუნესკო იცავს. ბეირუთის ტრაგედია
კოშმარული აფეთქება ბეირუთის პორტის მე-12 ანგარში შედუღების სამუშაოებმა გამოიწვია, ამონიუმის გვარჯილას აფეთქებას მეზობლად, პიროტექნიკით სავსე ანგარის აფეთქებაც მოჰყვა, რამაც საბოლოო სურათი კიდევ უფრო შემზარავი გახადა.ამონიუმის გვარჯილა (ნიტრატი), რომლის მეგა აფეთქებამ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტი და მიმდებარე უბნები მთლიანად დაანგრია, 130-ზე მეტი ადამიანი მოკლა, 5000-მდე დაასახიჩრა, 300 000 უსახლკაროდ დატოვა, საქართველოს უმსხვილეს მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიქატების ქიმიურ საწარმო რუსთავის „აზოტშია“ წარმოებული. 3000-მდე ტონა ამონიუმის გვარჯილას გადასაზიდად, 2013 წლის 23 სექტემბერს ბათუმის პორტში მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი რუსული მშრალტვირთმზიდი Rhosus შემოვიდა. გემის კაპიტანი რუსეთის მოქალაქე ბორის პროკოშევი ამტკიცებს, რომ გრეშუჩკინს ამ ტვირთის გადასაზიდად ერთი მილიონი დოლარი გადაუხადეს. (თავად პროკოშევი ბათუმში გემზე ტვირთის გადატვირთვას არ დასწრებია, მან Rhosus უკვე სტამბოლში ჩაიბარა, როცა გემის ეკიპაჟი შეიცვალა) ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ბეირუთში, მოუწოდა მოსახლეობას დარჩნენ სახლში და არ გამოვიდნენ გარეთ, ვინაიდან აფეთქების შემდეგ გავრცელდა ცნობები ტოქსიკური გაზების არსებობაზე ჰაერში. ბელორუსი და ლუკაშენკო
საპრეზიდენტო არჩევნები და არეულობა ბელარუსში. ხმის მიცემის პირველადი შედეგები, აქციები და დაკავებები. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23%-მა დაუჭირა მხარი, მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ციხანოვსკაიას კი 9,9%-აქვს. არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 84,23% შეადგინა. საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარდა. სოციალურ მედიაში ონლაინ, პირდაპირ ეთერში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანდა, როგორ აკავებდნენ დემონსტრანტებს პოლიციელები სხვადასხვა ტერიტორიაზე. პოლიციასთან შეტაკებები მინსკის გარდა, სხვა რამდენიმე ქალაქშიც გაიმართა. თუმცა გასულ ღამეს, წინა დღეებთან და ღამეებთან შედარებით ბევრად ნაკლები დემონსტრანტი შეიკრიბა. მანამდე ათეულობით ათასი ადამიანი აპროტესტებდა არჩევნების შედეგებს და იმას, რომ ამ შედეგების თანახმად, პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა 26-წლიანი მმართველობის შემდეგ, კვლავ ხელისუფლებაში უნდა დარჩეს. თუმცა ზოგიერთი მოსაზრებით, ეს ოპოზიციისა და დემონსტრანტების სტრატეგიის ნაწილია, რათა უსაფრთხოების სამსახურებიც სხვადასხვა ლოკაციაზე გაიფანტოს. ამავე დროს, ინტერნეტის შეზღუდვა მოქალაქეებს ინფორმაციის გავრცლებასა და შეკრების ორგანიზებაში ხელს უშლის. აშშ-ს სანქციები ასევე უშიშროების ორგანოებსაც შეეხება, რომლებიც მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში გამართულ აქციების ძალადობრივი მეთოდებით დაშლაში მონაწილეობდნენ. პუტინის ნოვიჩოკი
20 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა. ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ პოლიტიკოსი მოწამლეს. ალექსეი ნავალნი ბერლინში 22 აგვისტოს ჩაიყვანეს. ნავალნის მომხრეებმა გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ აგროვებენ ისინი ფრთხილად წყლის ბოთლებს სასტუმროს ოთახში მას მერე, რაც გაიგეს, რომ ნავალნი ავად გახდა თვითმფრინავში, მოსკოვისკენ მიმავალი. მათი თქმით, გერმანელმა მკვლევრებმა ერთ-ერთ ბოთლზე ნერვული აგენტის, „ნოვიჩოკის“, კვალს მიაგნეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ნავალნი სასტუმროში მოწამლეს და არა აეროპორტში, როგორც ადრე ფიქრობდნენ. 2018 წელს ორმაგი აგენტის, სერგი სკრიპალის, მოწამვლამდე რამდენიმე კვირით ადრე რუსეთის სამხედრო დაზვერვას მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტთან, რომელიც კოორდინაციას უწევდა ქიმიასა და ნანოტექნოლოგიებში სპეციალიზებულ მეცნიერებს. ამის შესახებ ნათქვამია რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის, Bellingcat-ის, Der Spiegel-ის, და The Insider-ის, ერთობლივი გამოძიების შედეგად მოპოვებული ღია ინფორმაციებით, მათ შორის ბილინგების ნომრებით. გამოძიებამ უჩვენა, რომ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის თუ სხვა მომწამვლელ ნივთიერებებზე მუშაობა რუსეთში არ შეწყვეტილა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და ის დღემდე გრძელდება საბჭოთა პერიოდში ამ საქმით დაკავებული სამხედრო პროფილის შესაბამისი სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენელთა ხელმძღვანელობით. როგორც ირკვევა, წამყვან როლს ამ საქმიანობაში თამაშობს მოსკოვში განლაგებული სამეცნიერო ცენტრი „სიგნალი“, ოფიციალურად საექსპერტო კონტროლით დაკავებული ინსტიტუტი. საშიში შხამების შექმნის პროგრამის განხორციელებაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს ასევე სანკტ-პეტერბურგში მდებარე სამხედრო მედიცინის კვლევითი ინსტიტუტი. მისი ხელმძღვანელი, სერგეი ჩეპური, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლამდე არცთუ ისე დიდი ხნით ადრე ხშირ კონტაქტში იყო „სიგნალის“ ხელმძღვანელებსა და მეცნიერებთან, ასევე სამხედრო დაზვერვის მაღალი რანგის ოფიცრებთან. თავის მხრივ, ინსტიტუტი, რომელსაც სათავეში უდგას ჩეპური, მჭიდროდ თანამშრომლობს სანკტ-პეტერბურგში მოქმედ კიროვის სახელობის სამხედრო აკადემიასთან. სწორედ ამ აკადემიის კურსდამთავრებულია სოლსბერიში მომხდარი მოწამვლის მთავარი მოქმედი პირი, სამხედრო ექიმი ალექსანდრ მიშკინი. ირკვევა, რომ ჩეპურმა არაერთხელ დაურეკა როგორც მიშკინს, ისე მის უშუალო უფროსს, გენერალ-მაიორ ანდრეი ავერიონოვს, რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) № 29155 სამხედრო ნაწილის მეთაურს. კომპანია Bellingcat-ისა და რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ერთობლივად ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა მტკიცებულებები, რომლებიც, ორგანიზაციების თქმით, აჩვენებს, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი ახლახან რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ეფესბემ) მოწამლა. „ტელეკომუნიკაციების და მოგზაურობის ბევრი მონაცემის“ შესწავლით, გამოძიება - რომელშიც მონაწილეობდა რუსეთის საგამოძიებო ვებსაიტი Insider-ი, და ასევე ჩართულნი იყვნენ Der Spiegel-ი და CNN-ი - აჩვენებს, რომ 2020 წლის აგვისტოში, ციმბირის ქალაქ ტომსკში ნავალნის მოწამვლის აქტი სულ მცირე 2017 წლის დასაწყისიდან იგეგმებოდა. „2017 წლის დასაწყისიდან 2020 წლის აგვისტომდე, ეფესბეს მომწამვლელ ნივთიერებებთან მომუშავე, გასაიდუმლოებული უწყების მუშაკები ნავალნის უთვალთვალებდნენ მისი მოგზაურობის დროს რუსეთის მასშტაბით. მათ მასთან ერთად იფრინეს 30-ზე მეტ პარალელურ რეისზე და, როგორც ჩანს, ტომსკის ოპერაციამდე მისი მოწამვლის სულ მცირე ორი მცდელობა ჰქონდათ“, - ამბობს საგამოძიებო ჯგუფი განცხადებაში, რომელიც 14 დეკემბერს გავრცელდა, ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა და რუსების ე.წ მშვიდობა
10 ნოემბერს დასრულდა ყარაბაღის მორიგი, უკანასკნელი ერთი საუკუნის განმავლობაში რიგით მესამე ომი, რომელიც თითქმის 1,5 თვე გრძელდებოდა და რომელმაც ორივე მხრიდან ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მეზობელ ქვეყნებს ომის დასრულება მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა. „ვულოცავ ჩვენს მეგობრებს სომხეთსა და აზერბაიჯანს ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ყველა ფასილიტატორს“, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ყარაბაღის ომში ჩართული ყველა მხარე თანაბარი ემოციით ვერ მიიღებდა ამ მილოცვას. 10 ნოემბერს დასრულებულ ომს, გარდა იმისა, რომ ჰყავს აშკარა დამარცხებული და გამარჯვებული, ასევე ჰყავს, მთავარი ფასილიტატორი - რუსეთი, რომელმაც, ისტორიკოსებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტების შეფასებით, ყველაზე მეტი პოლიტიკური სარგებელი მიიღო. მხარეთა მიერ მიღებული ერთობლივი განცხადების საფუძველზე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სრულად შეწყდა ცეცხლი და ყველა სამხედრო მოქმედება და აზერბაიჯანი და სომხეთი ჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე; სამმხრივი შეთანხმებით სომხეთმა ვალდებულება აიღო, რომ 1 დეკემბრამდე აზერბაიჯანს დაუბრუნებს ქელბაჯარის, აღდამისა და ლაჩინის რაიონებს, გარდა სომხეთსა და სეპარატისტულ ანკლავს შორის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნისა, რომელზეც კონტროლი რუს მშვიდობისმყოფელებს დაეკისრათ. ტრამპიზმის დასასრული
საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელმაც წინასწარი მონაცემებით, ამერიკის არჩევნებში გაიმარჯვა, არჩეულ პრეზიდენტს უწოდებენ. ამჟამად ის დემოკრატი ჯო ბაიდენია - ლიდერი, რომელიც პრეზიდენტად დასახელებას და ინაუგურაციას ელოდება იმისთვის, რომ ოვალური კაბინეტი დაიკავოს და ქვეყანა მომდევნო 4 წლის განმავლობაში მართოს. ტერმინი "არჩეული პრეზიდენტი" სწორედ იმ პერიოდში გამოიყენება, როდესაც კანდიდატს ჯერ კიდევ არ აქვს ძალაუფლება, სანამ 2021 წლის 20 იანვარს პრეზიდენტის ფიცს არ დადებს. თუმცა, კაბინეტისა და ადმინისტრაციის შერჩევა-ჩამოყალიბების პროცესი უკვე დაწყებულია. ამასთან, ბაიდენი ამბობს, რომ ის ფიცის დადებიდან უახლოეს დღეებშივე შეცვლის მისი წინამორბედის რამდენიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებასა და პოლიტიკას. თუმცა ქვეყანას ჯერ კიდევ 45-ე პრეზიდენტი - რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი მართავს. კამალა ჰარისის სიტყვაში ძალიან დიდი ადგილი სწორედ ქალებს ეკავათ. თავის სამადლობელ სიტყვაში, ჰარისმა დედამისიც გაიხსენა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. კამალა ჰარისის მშობლები იმიგრანტები იყვნენ. დედა - ინდოეთიდან, მამა კი - იამაკიდან. მათ ერთმანეთი ამერიკაში გაიცნეს და შვილებს, კამალას და მაიასაც იქ ზრდიდნენ.
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|













ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)