|
2020-12-04 11:17:31, 551 ნახვა
სამართალი
პროკურატურა ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს
საქართველოს პროკურატურა მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თ.გ.-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს. უწყების განცხადებით, საქმეზე გამოძიება დასრულდა და სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოში წარიმართა. „აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, ბრალდებულების ა.ხ.-ს და ა.კ.-ს მიმართ არ არსებობს სათანადო მტკიცებულებები, წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას. აღნიშნულიდან და საქმისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გაასაჯაროოს სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ქ.თბილისში, ა.ხ. და ა.კ. შეხვდნენ ქ.თბილისის ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თ.გ.-ს და პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით, ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მედიის თანდასწრებით განცხადების გაკეთება შესთავაზეს, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა, რის შემდეგაც მას დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინა თანამდებობა. ბრალდებულები ისნის კომისიის თავმჯდომარეს უარის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაპატიმრებით და მისი და ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. ასევე, ა.კ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2020 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ინახავდა საბრძოლო მასალას, რომელიც მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული. პროკურატურამ ა.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო ა.ხ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით 2020 წლის 9 ნოემბერს წარუდგინა, ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მოპოვებულია საქმისათვის მნიშვნელოვანი არაერთი მტკიცებულება. ასევე, ვასაჯაროებთ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების სახით ბრალდებულების მიმოწერას, რომლებიც ადასტურებს, რომ ბრალდებულები მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად,თ.გ.-ს ემუქრებოდნენ მათ შორის იმით ,რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თ.გ.-ს დააპატიმრებდნენ. ბრალდებული ა.კ. ბრალდებულ ა.ხ.-ს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას: „ხატიამ ცესკოს დასაჭერ გამყალბებელთა სიაში შეგიყვანაო, ეს მივწერე". ა.კ. გარდაცვლილს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს: „რა ქენი თედო ასეთი, ცესკოს დასაჭერთა სია ვნახე და იქ წერიხარ, ხატიამ ჩაგვაწერინა", ასევე - „არ დაგეკარგება, შენს სახელზე შეინახება", რაშიც ბრალდებული თ.გ.-ს თვის ქრთამის სახით შეთავაზებულ 50.000 აშშ დოლარს გულისხმობს“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|






ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)