|
2020-12-03 18:11:00, 576 ნახვა
საზოგადოება
მინისტრთა კომიტეტმა „ცინცაბაძის ჯგუფის“ ფარგლებში პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2020 წლის 1-3 დეკემბრის სხდომაზე საქართველოს მიმართ „ცინცაბაძის ჯგუფის" საქმეები განიხილა და პოზიტიურად შეაფასა არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები. გადაწყვეტილებაში კომიტეტმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ 2014-2020 წლებში უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის, მიერ ხმიანდება მკაფიო გზავნილები არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც სახელმწიფოს დამოკიდებულების მკაფიო დემონსტრირებაა. კომიტეტმა, აგრეთვე, ინტერესით აღნიშნა წამების წინააღმდეგ კომიტეტის (CPT) 2018 წლის ვიზიტის ანგარიშში მითითებული დასკვნები, რომელთა თანახმად, პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე პრეტენზიები თითქმის არ გამოთქმულა, აგრეთვე, პრეტენზიები არ დაფიქსირებულა დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომლების მიმართ, ხოლო მთლიანობაში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გარემო იყო მშვიდი და თანამშრომლებს პატიმრების მიმართ ჰქონდათ კარგი დამოკიდებულება. მინისტრთა კომიტეტი მიესალმა ახლად შექმნილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირების განმტკიცების მიზნით მიღებულ დამატებით ინსტიტუციურ ზომებს; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2019 წლის ცვლილებებს, რომლებიც ითვალისწინებს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე პროკურორის დადგენილების სასამართლოში გასაჩივრებას ყველა კატეგორიის დანაშაულის შემთხვევაში; სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების, პროკურორებისა და მოსამართლეების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ჩატარებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებს. მინისტრთა კომიტეტმა, აგრეთვე, ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტს, რომ, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალი არასათანადო მოპყრობის შემთხვევების თაობაზე პირდაპირ ატყობინებს სახელმწიფო ინსპექტორს. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანებით დამტკიცებული ახალი წესის თანახმად, თუ ბრალდებული/მსჯავრდებული ექიმს განუცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადგილი ჰქონდა მის მიმართ წამებას ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, ან სხვა ძალადობრივ ქმედებას (მათ შორის, სექსუალური ხასიათის ძალადობას), ან სამედიცინო შემოწმების შედეგად ექიმს წარმოეშობა ეჭვი აღნიშნულის თაობაზე, იგი დაუყოვნებლივ სატელეფონო გზით, ხოლო პირველივე შესაძლებლობისთანავე – ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით აცნობებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რის თაობაზეც, ასევე, ეცნობება ბრალდებულს/მსჯავრდებულს. ამდენად, პენიტენციური სისტემის შიდა რეგულაციებიც სრულ შესაბამისობაშია მინისტრთა კომიტეტის მიერ მოწონებულ კანონმდებლობის მოთხოვნასა და ჩამოყალიბებულ პრაქტიკასთან. რაც შეეხება ცალკეული საქმის გამოძიებას, კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა გამოძიების ხანგრძლივობაზე, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასა და საქმეების კვალიფიკაციის საკითხებზე. ამასთან, მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა, რომ მიქიაშვილის საქმეში უკვე არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო მანუკიანის საქმეში პასუხისმგებელ პირს წარედგინა ბრალი. ამასთან 2 საქმეზე („დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" და „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ") კომიტეტმა აღსრულების ზედამხედველობა დაასრულა. მინისტრთა კომიტეტი „ცინცაბაძის ჯგუფის" საქმეთა განხილვას 2022 წლის მარტის სხომამდე აღარ დაუბრუნდება.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)