07:53 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 09:06:43, 478 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარმა ახალი წონასწორობის კორიდორი იპოვა

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარმა იპოვა ის ახალი წონასწორობის კორიდორი და სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ გაუფასურებას აღარ ველოდებით, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ "რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

ქადაგიძემ ლარის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა.

"შარშან აგვისტოს თვიდან მოყოლებული მნიშვნელოვნად შემცირდა მთავარი სავალუტო შემოდინებები, როგორიც არის ექსპორტი, გზავნილები და სხვა. ჯამურად ამ თანხამ შეადგინა თითქმის მილიარდი დოლარი წლიურად. მოგეხსენებათ ეს არის უზარმაზარი თანხა ქართული ეკონომიკისთვის, შესაბამისად, ამან გამოიწვია ლარის კურსის გაუფასურება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეების განკარგვადი შემოსავალი შემცირდა. შესაბამისად, შემცირდა მათი ხარჯვა-მოხმარება, რამაც თავის მხრივ შეამცირა იმპორტი. ამ პროცესში რეზერვების გამოყენება იქნებოდა მცდარი გადაწყვეტილება, ვინაიდან შეუძლებელია სავალუტო შემოდინებები დააკომპენსირო სავალუტო რეზერვით. ეს ვერ შეძლეს ჩვენზე გაცილებით უფრო ძლიერმა ქვეყნებმა", - აღნიშნა ქადაგიძემ.

მისივე თქმით, სავალუტო შემოდინებები შემცირდა, რადგან მისი მთავარი წყაროები, როგორიც არის ექსპორტი, გზავნილები, შემცირდა.

"აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გაუფასურების პროცესში რეზერვების დახარჯვას აზრი არ ექნებოდა და ამ პროცესში ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას დადებითად აფასებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ჩვენი პარტნიორი ქვეყანა. ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ლარის გამყარებას ჰქონდეს შეუქცევადი პროცესი გრძელვადიან პერიოდში და დაუბრუნდეს თავის პირველად ნიშნულს, რა თქმა უნდა არის აღდგეს ის შემოსავლები, იქნება ეს ინვესტიციების, ექსპორტის თუ ტურიზმის ზრდით და ასე შემდეგ. დღეს ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, არის სხვა საკითხი, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ლარის გაუფასურება და ველოდებით თუ არა ჩვენ ამ პროცესს. დღეს სიტუაცია არის განსხვავებული, ვიდრე იყო წინა თვეებში, რადგან ის დაკლებული მილიარდი დოლარი უკვე ასახულია ამ კურსში, შესაბამისად, შემცირებულია იმპორტი და რა თქმა უნდა ამ პირობებში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარმა იპოვა ის ახალი წონასწორობის კორიდორი და სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ გაუფასურებას აღარ ველოდებით", - განაცხადა ქადაგიძემ.

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ლარის კიდევ უფრო გაუფასურება მოსალოდნელი არ არის.

"ჩვენ აღარ ველოდებით კიდევ უფრო მეტ ზეწოლას ლარზე და ლარის გაუფასურებას. ეს არის ის შეთანხმება, რა შეთანხმებაც გვაქვს ჩვენ მთავრობასთან. ჩვენ ვთანხმდებით მთავარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს მილიარდი დოლარი, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვა ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით მათ, ვისაც სესხი აქვთ დოლარში, უკვე ასახულია გაუფასურებაში, შესაბამისად, თუ მაინც გაგრძელდა ზეწოლა ლარზე, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი ერთის მხრივ განახორციელებს უფრო აგრესიულ მონეტარულ პოლიტიკას, მეორეს მხრივ მთავრობა გამოხატავს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში შეამციროს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და მესამე - ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ გვჭირდება სავალუტო ფონდის მიმოხილვის დასრულება, რადგან ეს არის მწვანე შუქი სხვა დონორებისთვის და ეს არის ძალიან პოზიტიური მესიჯი ინვესტორებისთვის. ამ ღონისძიების გატარების შედეგად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდგომ გაუფასურებას არ ველოდებით და ამ ეტაპისთვის სხვა თანაბარ პირობებში კურსი არის ახალი წონასწორობის კორიდორში", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ქადაგიძის განცხადებით, თუ შემოდინებები გაიზრდება, ლარის კურსს გამყარების ტენდენცია ექნება.

"იმპორტი არის მილიარდი დოლარით შემცირებული, სამწუხაროდ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლების მოხმარება არის შემცირებული და ამაში კარგი არაფერია, თუმცა, ლარის კურსზე გავლენის თვალსაზრისით ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს ის კლება, რომელიც ჩვენ მივიღეთ უკვე აისახა, ამიტომ თუ შემოდინებები გაიზარდა, ლარის კურსს ექნება გამყარების ტენდენცია და რეალური შემოსავლები ჩვენი მოსახლეობისა გაიზრდება", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics