07:26 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-08 15:38:16, 1861 ნახვა

საზოგადოება
კორონავირუსი სურსათის უვნებლობის დღის მთავარი თემაა

7-8 ივნისს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე აღინიშნება. წელს ამ დღის ლოზუნგია - “სურსათის უვნებლობა ყველას საქმეა” - რომელიც ნათლად გამოხატავს ფაქტს, რომ სურსათის უვნებლობა თანაბარ გავლენას ახდენს ნებისმიერ ადამიანზე. COV-19-გან გამოწვეული გლობალური პანდემია კიდევ ერთხელ აფიქრებს ადამიანებს იმაზე, თუ რამხელა როლს ასრულებს უსაფრთხო, ცხოველური თუ მცენარეული წარმოშობის სურსათი ადამიანის ჯანმრთელობაზე. პანდემიის კვალდაკვალ, წელს, როგორც არასდროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცნობიერების ამაღლებას სურსათის უვნებლობის თემაზე.

მიუხედავად სურსათის უვნებლობის უდიდესი მნიშვნელობისა, ხშირად ეს საკითხი იგნორირებული და მივიწყებულია. ადამიანები უგულებელყოფენ  იმ გარემოებას, რომ არაჯანსაღ სურსათს (დაბინძურებული მავნებელი ბაქტერიებით, ვირუსებით, პარაზიტებითა და ქიმიური ნარჩენებით) ადამიანში 200-ზე მეტი დაავადების გამოწვევა შეუძლია. აღნიშნულიდან გამომდინარე გთავაზობთ სასარგებლო ინფორმაცის თუ რა უნდა ვიცოდეთ სურსათის უვნებლობის შესახებ. 

  1. დარწმუნდით, რომ ქვეყანაში არებობს კანონმდებლობა და სისტემები, რომელიც უზრუნველყოფენ სურსათის უვნებლობას.

სურსათის უვნებლობის დაცვის მიზნით, საქართველოში არაერთი რეგულაცია და კანონი არსებობს. უკვე სრულად ფუნქციურია ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემა (NAITS), რომელსაც გადამწყვეტი როლი ენიჭება ცხოველური წარმოშობის სასურსათო პროდუქციის ყველა რგოლის კონტროლში ფერმიდან - სუფრამდე. NAITS სისტემის ფარგლებში, სრულიად საქართველოს მასშტაბით, ვეტერინარები აღრიცხავენ წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვს, რომელთა შესახებ ინფორმაცია შეყავთ იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონულ ბაზაში, რაც უზრუნველყოფს ცხოველისა და მისგან წარმოებული ცხოველური ნაწარმის მომენტალურ მიკვლევადობას. ბაქტერიებით, ვირუსებით თუ სხვა პათოგენური ორგანიზმებით დაბინძურებული ცხოველური პროდუქტები: ხორცი, სოსისი თუ ძეხვეული, განსაკუთრებული საფრთხის მატარებელია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. 

უვნებელი სურსათის წარმოებისათვის მნიშვნელოვანია  სისტემა “ჰასპი” Hazard Analyss and Critical Control Points System (HACCP) ანუ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა. „ჰასპი“, უზრუნველყოფს საწარმოებში იმ „წერტილების“ გამოვლენას, სადაც შეცდომით ან გაუფრთხილებლობით ისეთი ზემოქმედება მოხდა, რომელმაც შესაძლოა საბოლოო პროდუქტის დეფექტი (დაბინძურება, გაფუჭება) გამოიწვიოს. ყველა ასეთი ეტაპი წარმოადგენს (საბოლოო პროდუქტის უვნებლობისთვის) „კრიტიკულ წერტილს“, რომელზეც მუდმივად უნდა განხორციელდეს კონტროლი. საქართველოში დარეგისტრირებული ყველა სასაკლაოზე, 2018 წლიდან დანერგილია „ჰასპის“ სიტემა, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სურსათის უვნებლობაში.

  1. ჰიგიენური ნორმების დაცვა, პესტიციდებისა და სარწყავი წყლის კონტროლი როგორც სურსათის უვნებლობის განუყოფელი ნაწილი

ფერმებში, ჰიგიენური ნორმების დაცვა და ჯანმრთელი (ვაქცინირებული - იდენტიფიცირებული) ცხოველის ყოლა სურსათის უვნებლობის პირველი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია. ამავე რგოლის ნაწილია, ნიადაგზე ზრუნვა იმ ფერმერული მეურნეობებისთვის სადაც ბოსტნეული კულტურები მოჰყავთ. პესტიციდების გონივრული მოხმარება, სარწყავი წყლის სისუფთავე სასარგებლო, უსაფრთხო და კეთილსაიმედო ბოსტნეულის თუ მარცვლეული კულტურების მოყვანის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ სამივე კომპონენტი (წყალი, ნიადაგი, პესტიციდი) სათანადოდ არაა შემოწმებული, ასეთ გარემოში წარმოებული პროდუქტი შესაძლოა საფრთხის მატარებელი იყოს.

  1. ეტიკეტი, როგორც სურსათის უვნებლობის კომპონენტი 

ეტიკეტირება, სურსათის უვნებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეტიკეტი მომხმარებელს ატყობინებს, თუ რისგანაა პროდუქტი წარმოებული (მზა პროდუქციის შემთხვევაში) ასევე, პროდუქტის შენახვის პირობებს (ტემპერატურა და ვადა, წარმოების თარიღი და ვარგისიანობის ვადა) ე.წ ნედლი პროდუქტების შემთხვევაში, როგორიცაა ხორცი, რომელიც მაღალი რისკის პროდუქტია (ხორცი შესაძლოა ისეთი დაავადებების გადამტანი გახდეს, როგორიცაა ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) ეტიკეტი უნდა ასახავდეს შემდეგ ინფორმაციას: ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია 2-დან 6-გრადუსამდე, ხოლო, შენახვის ვადაა 48 საათი. გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ქვეყნის დასახელება (სადაც დაიკლა ცხოველი), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი; ასევე დამზადების თარიღი და დრო; თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი; თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება; სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, ღორი, ფრინველი) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც. სავაჭრო ობიექტებში ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც პროდუქტი ინახება.

ყველა მომხმარებელი საგულდაგულოდ უნდა გაეცნოს ეტიკეტს, იმისათვის, რომ დარწმუნებული იყოს პროდუქტის ვარგისიანობაში, წარმომავლობასა და შენახვის პირობებში. ეტიკეტთან ერთად, ყურადღება უნდა მიექცეს სარეალიზაციო გარემო პირობების ჰიგიენას. 

  1. სასურსათო პროდუქტების სახლში დამუშავება და მომზადება 

სურსათის უვნებლობა სახლში პროდუქტის მოტანით არ სრულდება. მაცივარში მოთავსებამდე ან მომზადებამდე პროდუქტები საგულდაგულოდ უნდა დამუშავდეს (გაირეცხოს). განცალკევებით უნდა განთავსდეს ხორცპროდუქტები და ბოსტნეული. ხორცი თერმულად სათანადოდ უნდა დამუშავდეს, რაც უზრუნველყოფს მასში არსებული პათოგენების განადგურებას. ხორცის მომზადებისას სასურველია თუ მზარეული ერთჯერად ხელთათმანებს გამოიყენებს. სურსათის მომზადების შემდგომ კი, კერძი მაცივარში უნდა ინახებოდეს და ის არ უნდა გაიყინოს თუ მის რამდენჯერმე გაცხელებას გეგმავთ (კერძის ხელახალი შეცხელება 1-ჯერ მეტად არაა რეკომენდირებული) მზადების პროცესთან ერთად ჯეროვნად უნდა გაიწმინდოს ზედაპირი, რომელზეც გაურეცხავი პროდუქტები იყო განთავსებული.

სურსათის უვნებლობა გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, შესაბამისად მნიშვნელოვანია, ამ საკითხისკენ ერთიანი ძალისხმევა იყოს მიმართული, როგორც სახელწიფო უწყებებისა და მწარმოებლების, ასევე თავად მომხმარებლების მხრიდანაც.

FAO-ს სურსათის უვნებლობის ექსპერტების  რჩევები - 6 სასარგებლო ინფორმაცია სურსათის უვნებლობისა და COVID-19-ის შესახებ

  1. ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება COVID-19-ის საკვების გზით გავრცელების შესახებ. ვირუსი ძირითად ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. შესაძლოა, დაინფიცირებული  ადამიანისგან გამოყოფილი ბიოლოგიური მასალა (მაგალითად დაცემინების დროს წარმოქმნილი წვეთები) ნივთებსა და ზედაპირებზე დარჩეს, თუმცა  ჯერჯერობით არ არის ცნობილი, არის თუ არა საკმარისი ინფექციის ეს რაოდენობა სხვა  ადამიანის  დასნებოვნებისათვის.
  2. კორონავირუსი არ მრავლდება საკვებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიებს ხელსაყრელ პირობებში საკვებზე გამრავლება და ზრდა შეუძლიათ, ვირუსს, როგორც COVID-19-ია, სჭირდება ცოცხალი ორგანიზმი სიცოცხლისა და გამრავლებისთვის.  
  3. უმი ხილისა და ბოსტნეულის მირთმევა უსაფრთხოა. ამჟამად არ არსებობს COVID-19-ის საკვებით გავრცელების არანაირი მტკიცებულება. თუმცა, სანამ ხილისა და ბოსტნეულის დაჭრას, გათლას ან მირთმევას  დაიწყებთ, პროდუქტი კარგად გარეცხეთ სუფთა წყლით, საპნის ან სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების გარეშე.
  4. შესაფერის ტემპერატურაზე საკვების მომზადება ავადმყოფობის პრევენციის კარგი ხერხია. საკვების მომზადება ან გაცხელება პათოგენების განადგურების ტემპერატურამდე (70°C ორი წუთის განმავლობაში) ამცირებს საკვებით გადამდები ნებისმიერი დაავადების რისკს, ვირუსების ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ არის შესწავლილი, თუ როგორ რეაგირებს COVID-19 საკვების გაცხელებაზე, დაზუსტებულია, რომ სხვა კორონავირუსები ამ ტემპერატურაზე ნადგურდებიან.
  5. საკვების შეფუთვის შეხებისას ვირუსის გავრცელება ნაკლებად სავარაუდოა. ექსპერიმენტით დამტკიცებულია, რომ COVID-19 ცოცხლობს სხვადასხვა ზედაპირზე, მათ შორის, საკვები პროდუქტების შესაფუთად გამოყენებად პლასტმასაზე და მუყაოზე, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ ვირუსთან ამ გზით კონტაქტი საკმარისი იყოს ადამიანის ინფიცირებისთვის. მუხედავად ამისა, ყოველთვის დაიბანეთ ხელები საკვების ამოლაგების შემდგომ. გაასუფთავეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ ზედაპირს რომელზეც პროდუქტები იდო. ნუ შეეხებით თვალებს, ცხვირს ან პირს, საკვებთან ან საკვების შეფუთვასთან შეხების შემდგომ.
  6. გახსოვდეთ COVID-19-ის თავიდან აცილების საუკეთესო მეთოდია - ჰიგიენის წესების დაცვა. დაემორჩილეთ უსაფრთხოების ადგილობრივ წესებს, საკვების შერჩევისა და რიგში დგომისას დაიცავით ფიზიკური დისტანცია. ხელები მუდმივად სუფთად გქონდეთ და არ წახვიდეთ საყიდლებზე თუკი ავადმყოფობის რაიმე სიმპტომები შენიშნეთ. საყიდლებზე წასვლის შემდეგ, სანამ საკვებს შეეხებით, სანამ რამეს მიირთმევთ ან მას შემდეგ, რაც საპირფარეშოს გამოიყენებთ ყოველთვის დაიბანეთ ხელები მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.

ფერმერებისა და მწარმოებლების შრომასა და  კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული მომხმარებელთა ჯანმრთელობა! მხარი დაუჭირეთ სოფლის მეურნეობისა და სასურსათო წარმოების სფეროში მომუშავე ადამიანებს, გახსოვდეთ, სწორედ ისინი უზრუნველყოფენ ჩვენი სურსათით მომარაგებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics