|
2020-05-23 13:46:43, 1404 ნახვა
საზოგადოება
საია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
საია საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს. მათი განმარტებით, კანონში შესული ცვლილებები არაკონსტიტუციურია საკუთრების უფლებასთან მიმართებით და მთავრობას საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით მხოლოდ ტექნიკური ხასიათის რეგულაციების დაწესება შეუძლია. „სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა არაერთი ორგანიზაციის, მათ შორის, საიას მოწოდება, არ შეეტანა ინიცირებული ცვლილებები ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში და დღეს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა წარდგენილ კანონპროექტს. შესაბამისად, საიამ მიიღო გადაწყვეტილება, შესული ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს. სადავო ნორმების მიხედვით, საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობაზე უფლებამოსილების დელეგირებას ახდენს. დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე, საქართველოს მთავრობას ან მთავრობის მიერ დადგენილ სამინისტროს, საკარანტინო ღონისძიებების განსაზღვრის უფლებამოსილება ეძლევა. თავის მხრივ, საკარანტინო ღონისძიებები მოიცავს მიმოსვლის თავისუფლების, საკუთრების უფლების, შრომის უფლების, მეწარმეობის უფლების ნორმატიული აქტებით დადგენილისგან განსხვავებულ მოწესრიგებას. შესაბამისად, საქართველოს მთავრობას ეძლევა უფლებამოსილება, მის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე აქტით შეზღუდოს ზემოთ დასახელებული უფლებები“, - ნათქვამია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე განმარტებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, უფლებაშემზღუდველი ნორმა საქართველოს კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს როგორც შინაარსობრივი, ასევე ფორმალური თვალსაზრისით. „ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პარლამენტის მიერ უფლებამოსილების დელეგირებამ შეიძლება კონსტიტუციის დარღვევა გამოიწვიოს იმ შემთხვევებში, როდესაც მას საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ კრძალავს [...] ან/და, როდესაც დადგინდება, რომ გარკვეული უფლებამოსილების დელეგირებით საქართველოს პარლამენტი თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილების განხორციელებაზე უარს ამბობს . საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით (მიმოსვლის თავისუფლება), „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად“, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის (შრომის თავისუფლება) შესაბამისად, „შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით“. ამდენად, კონსტიტუცია გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ კანონით უშვებს, შესაბამისად, ამ უფლების მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეზღუდვა დაუშვებელია. ასევე, შრომითი უფლებების შეზღუდვა მხოლოდ ორგანული კანონითაა დასაშვები. როგორც საია მიიჩნევს, შესული ცვლილებები არაკონსტიტუციურია საკუთრების უფლებასთან მიმართებითაც“, - აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათი შეფასებით, მთავრობას საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით მხოლოდ ტექნიკური ხასიათის რეგულაციების დაწესება შეუძლია. „ტექნიკურ რეგულაციად ვერ იქნება მიჩნეული შესული ცვლილებებით განსაზღვრული ისეთი აკრძალვა, როგორიცაა მაგალითად, სასტუმროს მესაკუთრისათვის ნომრების გაქირავების შეზღუდვა. ეს არის საკუთრების უფლებით სარგებლობის სრული აკრძალვა და არა ტექნიკური ხასიათის რეგულაცია. საკუთრების უფლებით ტოტალურ აკრძალვას, როგორიცაა სასტუმროებისა და ტანსაცმლის მაღაზიების დახურვა ან მუშაობის განახლების აკრძალვა, სჭირდება პარლამენტის მხრიდან ლეგიტიმაცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი მკაცრი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა მთლიანად მთავრობის ხელში გადადის, რაც არღვევს საკუთრების უფლებას“, - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)