17:52 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-08 14:49:07, 1254 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე ევროპარლამენტარს პასუხობს - არც ერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს, ევროპის პარლამენტის წევრ ანდრიუს კუბილიუსს საპასუხო წერილით მიმართავს.

წერილის დასაწყისსში, თალაკვაძე აღნიშნავს, რომ საქართველო წარმატებით უმკლავდება კოვიდ19-ის პანდემიას.

„მთავრობა, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები და წინა ხაზზე მყოფი სხვა პროფესიონალები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაერთიანებული არიან და მუხლჩაუხრელად შრომობენ საქართველოს მოსახლეობის დასაცავად. ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას პანდემიით დაზარალებული ერების მიმართ.

მადლობელი ვართ თქვენი განსაკუთრებული ინტერესისთვის საქართველოში მიმდინარე იმ პოლიტიკური მოვლენების მიმართ, რომლებიც აღნიშნულია თქვენს 2020 წლის 6 მაისის წერილში“, – აღნიშნულია წერილში.

ამასთანავე, თალაკვაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმება პოლიტიკური გარემოს უფრო გამყარებისთვის, თუმცა მისივე თქმით, პარტიები ვერ უბრძანაბენ და ვერ მართავენ საქართველოს სასამართლოებს, არც ერთი სისიხლის სამართლის საქმე არ არის და არ შეიძლება იყოს 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი.

„აღნიშნულ შეთანხმებას „ქართულმა ოცნებამ“ გულწრფელად მოაწერა ხელი იმ მიზნით, რომ ხელი შეეწყო თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნებისთვის. ხელმოწერიდან მალევე, ჩვენ დავაინიცირეთ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ასახავდა ოპოზიციასთან შეთანხმებულ საარჩევნო მოდელს. ამას გარდა, დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების საფუძველზე, ჩვენ მოვამზადეთ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტიც. საქართველოს პარლამენტი მას განიხილავს და მიიღებს მიმდინარე სესიის განმავლობაში. სწორედ ეს ნაბიჯები გამოხატავს ჩვენს მტკიცე ნებას, რომ პოლიტიკური შეთანხმება განხორციელდეს მისი ტექსტის შესაბამისად.

შეშფოთებული ვარ თქვენი წერილის იმ ნაწილით, რომელიც ეხება ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებს. ჩვენი მხრივ ეს გაგებულია, როგორც თქვენი მოწოდება, რომ პარლამენტი და მმართველი პარტია პოლიტიკურად ჩაერიოს მართლმსაჯულებაში. ეს კი ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის ძირითად პრინციპებს. პოლიტიკური პარტიები ვერ უბრძანებენ და ვერ მართავენ საქართველოს სასამართლოებს. ვითარების ამგვარი ხედვა მოულოდნელია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის მხრიდან. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ინსტიტუტების მიერ.

არც ერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის და არ შეიძლება იყოს 2020 წლის 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი (გთხოვთ, დანართის სახით იხილოთ ურთიერთგაგების მემორანდუმი და ერთობლივი განცხადება). როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ჩვენ ვრჩებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და დახვეწის, აგრეთვე, მომავალში ჩვენი მართლმსაჯულებისა და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზების თავიდან არიდების ერთგულნი.

მსურს, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ გამოვხატო მზადყოფნა ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობისა და ევროპაში დემოკრატიისა და საპარლამენტო განზომილების გასაძლიერებლად ერთობლივი ძალისხმევისთვის. ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს ჩართულობასა და მხარდაჭერას. ბატონო თანათავმჯდომარევ, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას“ , – აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის მიერ ანდრიუს კუბილიუსისთვის გაგზავნილ წერილში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
გოცირიძე: ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო
ბიზნესმენი ნიკა ლომია აფხაზეთის სკოლის კურსდამთავრებულების განათლებას დააფინანსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics