14:30 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-20 21:38:51, 1220 ნახვა

საზოგადოება
კორონავირუსის გამო, წმინდა სინოდმა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მრევლისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა

ახალი კორონავირუსის გამო, წმინდა სინოდმა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მრევლისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

მეუფე ანდრია გვაზავას განცხადებით, საქართველოს საპატრიარქო მზაობას გამოთქვამს, ითნამშრომლოს სახელმწიფოსთან და მის დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტები მიიღოს.

„წმინდა სინოდის სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რომელმაც ისაუბრა მსოფლიოშიკორონავირუსის პოანდემიასთან დაკავშირებით. მან ბრძანა, რომ ღმერთის გარეშე არაფერი ხდება. რომ შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლებამ მიიღო სათანადო ზომები, რითაც ვირუსულ ინფექციას სწრაფად გავრცელების საშუალება არ მიეცა და დასძინა, ჩვენზე არის დიდი პასუხიმგებლობა, რათა ჩვენი მხრიდან მივიროთ სწორი გადაწყვეტილება.

წმინდა სინოდის სხდომის მდივნად აირჩიეს გორისა და ათენის მიტროპოლიტი ანდრეა. კათოლიკოს-პატრიარქმა საკუთრივ განხილვაში აქტიური მონაწილეობისაკენ მოუწოდა მღვდელმთავრებს და სიტყვა გადასცა კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს. მიტროპოლიტმა შიომ ისაუბრა არსებული ვითარების შესახებ და განსახილველად წარმოადგინა ტექსტი. მან რამდენიმე მღვდელმთავრის მიერ შემოთავაზებული სხვა ტექსტების მიერაც მოახსენა წმინდა სინოდს. მეორე ტექსტი წარმოადგინა ახალქალაქის კუბორდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა. მესამე ტექსტი წაიკითხა ფოთისა და ხობის მიტრპოლიტმა გრიგოლმა. მეოთხე - გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრეამ. ტექსტების მოსმენის შემდეგ გაიმართა მსჯელობა. მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა.

წმინდა სინოდმა განაჩინა, დღევანდელი მსოფლიო მრავალი სირთულისა და გამოწვევის წინაშე დგას. ახალმა ვირუსმა ადამიანები მორიგი დიდი გამოცდის წინაშე დააყენა, რაც პასუხის გაცემას მოითხოვს. პირველ რიგში, გვმართებს გავაცნობიეროთ ამ მოვლენის სულიერი მიზეზები. მთავარი მიზეზი კი თანამედროვე ადამიანის ღვთისგან დაშორებაა. განსაცდელები არ არის შემთხვევითი, არამედ ღმერთის დაშვებით მოევლინება ადამიანს, რათა უფრო მეტად შეიცნოს საკუთარი თავი. სინანულისა და ეკლესიური ცხოვრების საშუალებით აღმოფხვრას ცოდვები, რომლებიც ანადგურებს პიროვნების სულიერ და ფიზიკურ ცხოვრებას. ჩვენ, ეკლესიის წევრები არ ვუშინდებით და არ გავურბივართ განსაცდელს, არამედ ვიღებთ თავმდაბლობით და ვეძიებთ მისი დაძლევის გზებს. ასეთ დროს მორწმუნეები, განსაკუთრებით კი წმინდა და დიდი მარხვის პერიოდში აძლიერებდნენ მარხვას.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, თუ რამდენად საფრთხის შემცველი სეიძლება იყოს ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლე და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. ეკლესიის ყველა საიდუმლოება სულიწმინდის მოქმედების სფეროდან, სადაც აღესრულება ღვთაებრივი სასწაული. ადგილი სულიწმინდის მთავარი მოქმედებისა არის ტაძარი. ევქარისტია არის ქრისტიანული ცხოვრების მთავარი არსი, რომელიც გვაერთიანებს უფალ იესო ქრისტესთან და ერთმანეთთან.

ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით რამის გამოხატვა, მაგალითად საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე ყოვლად მიუღებელია. ამ კრიტიკულ პერიოდში წმინდა სინოდი მიზანშეწონილად მიიჩნევს შემდეგ რეკომენდაციებს:

  1. ყველა ეკლესიასა და მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვისა და ეკლესიის წეს-განგების სრული დაცვით.
  2. სასურველია ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეშიც შეძლოს ლოცვაზე დასწრება.
  3. ზიარების შემდგომ მცირე რაოდენობით დასაყოლებელი სასმელის, წყლიანი ღვინის მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით.
  4. რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, ხანდაზმულებს, ინფექციური დაავადების სიმპტომებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, ასევე თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფ ან ვირუსით დაავადებულებს სურვილის შემთხვევაში სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება. ასევე, სასულიერო პირებს მიეცემათ დამატებითი რეკომენდაციები.
  5. დასაფასებელია საქართველოს მთავრობის ყველა სტრუქტურის, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის მუშაკების თანმიმდევრული ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა მაღალი რეკომენდაციებით. წმინდა სინოდი მორწმუნეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ ექიმებისა და სახელმწიფოს რეკომენდაციები და სიფრთხილით მოეკიდონ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ეს არის მოყვასზე ზრუნვის გამოვლინება. ამით დავიცავთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და მოვერიდებით გავხდეთ სხვათა დასნებოვნების მიზეზი. არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანურ სიკეთეს და ურთიერთმხარდაჭერას. ეს იქნება ჩვენი რწმენისა და ღირსების მაჩვენებელი.
  6. ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, ყველამ წავიკითხოთ თითო თავი სახარებიდან, ყოველდღე ვთქვათ ლოცვები, მამაო ჩვენო, ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ და მოწყალებისა კარი გაგვიღენ, რათა ერთობით შევავედროთ უფალს საქართველო და მტელი მსოფლიო.
  7. საქართველოს ეკლესია მზადაა გასწიოს სულიერი მზრუნველობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე. ასევე საქართველოს საპატრიარქო-სამედიცინო დაწესებულება მზად არის ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან, რათა არსებულ სიტუაციაში მიიღოს შესაბამისი პაციენტები. არაერთი განსაცდელი გადავიტანეთ საუკუნეების მანძილზე. სტიქიური უბედურება, ომები, სხვადასხვა სახის ეპიდემიები. ღრმად გვწამს, რომ ღვთისწყალობით და ყოვლადჭმინდა ღვთისმშობლის შეწევნით ჩვენ ერთად, ერი და ბერი გადავიტანთ ამ განსაცდელსაც და ურთიერთსიყვარულით შევეგებებით ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო“, - განაცხადა მეუფე ანდრია გვაზავამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics