15:13 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-18 13:57:34, 1087 ნახვა

საზოგადოება
რუსეთმა დეპორტირებულ მოქალაქეებს ინდივიდუალური საქმის ფარგლებში დაკისრებული კომპენსაცია გადაუხადა

რუსეთის ფედერაციამ კომპენსაცია გადაუხადა 2006 წელს რუსეთიდან კოლექტიური გამოძევების შედეგად დაზარალებულ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ინდივიდუალური საჩივრები ჰქონდათ წარდგენილი.

ინდივიდუალურ საქმეებზე ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2019 წლის 26 მარტს გამოიტანა. გადაწყვეტილებით, რუსეთს დაზარალებული მოქალაქეებისთვის, მათ შორის საიას დაცვის ქვეშ მყოფი 8 პირის, სასარგებლოდ სხვადასხვა ოდენობის კომპენსაცია (2000 ევრო ან/და 10,000-დან 15,000 ევროს ფარგლებში) უნდა გადაეხადა. კომპენსაციის ოდენობა თითოეულ მომჩივანთან მიმართებით ინდივიდუალურად განისაზღვრა მათ მიმართ დარღვეული უფლებების სიმძიმის, ინტენსივობისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით.

წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოო 2019 წლის 26 ივნისს გახდა. რუსეთის ფედერაციას მისთვის დაკისრებული თანხა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში უნდა გადაეხადა. აღნიშნული ვადა 2019 წლის 26 სექტემბერს გავიდა. თუმცა, დადგენილ ვადაში რუსეთს საიას დაცვის ქვეშ მყოფი პირებისთვის თანხა არ გადაუხდია.

2019 წლის ივლისიდან 2020 წლის იანვრამდე საია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებდა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან. კომუნიკაციის ფარგლებში საიამ რუსეთის ფედერაციას წარუდგინა მომჩივანთა საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და პირადობის დამადასტურებელი საბუთები და ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად აღსრულებისკენ მოუწოდა.

პარალელურად, 2019 წლის 19 ნოემბერს საიამ წერილობითი კომუნიკაცია წარადგინა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, რომელიც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს ზედამხედველობს. წარდგენილ კომუნიკაციაში საია აღნიშნავდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ამ დრომდე არ ჩარიცხვიათ მიკუთვნებული კომპენსაცია მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნებმა რუსეთის შესაბამის ორგანოებს მათი მონაცემები მიაწოდეს. დამატებით საია ასაბუთებდა, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და მომჩივნებისთვის კომპენსაციის გადახდა რუსეთის ფედერაციის უპირობო ვალდებულებას წარმოადგენდა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის შესაბამისად.

2019 წლის 29 ნოემბერს საიას რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსგან ეცნობა, რომ ერთ მომჩივანს უახლოეს პერიოდში ჩაერიცხებოდა თანხა, დანარჩენ 7 მომჩივანთან მიმართებით კი რუსეთმა დამატებითი საბუთების წარდგენა მოითხოვა. საიამ მოთხოვნილი დოკუმენტაცია ხელახლა წარუდგინა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს, რის შემდეგაც 2020 წლის 21 იანვარს სამინისტროსგან გვეცნობა, რომ 6 მომჩივანს თანხა ჩაერიცხებოდა, ხოლო მე-7 მომჩივანთან მიმართებით კვლავ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა გახდა საჭირო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics