09:47 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 17:35:22, 1475 ნახვა

პოლიტიკა
აშშ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს

 „ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოსა და სხვაგან.

„ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას.

2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა (GTsST, ასევე ცნობილი „ქვედანაყოფი 74455“ და „ჭიაყელას“ სახელით) საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა. ინციდენტმა, რომელმაც პირდაპირ იმოქმედა საქართველოს მოსახლეობაზე, შეაფერხა საქართველოს მთავრობისა და კერძო საკუთრებაში არსებული რამდენიმე ათასი ვებ-გვერდის მუშაობა და სულ მცირე ორი მთავარი სატელევიზიო არხის ტრანსლაცია. ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა.

ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან. კიბერსივრცის სტაბილურობა დამოკიდებულია სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დავიცვათ სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემა კიბერსივრცეში.

ჩვენ, აგრეთვე, პირობას ვდებთ საქართველოსა და მისი ხალხის წინაშე, რომ მხარს დავუჭერთ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში და მავნე კიბერ აქტორებთან ბრძოლაში. საქართველოს საჯარო ინსტიტუტების განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობის გაძლიერებისთვის, ჩვენ [საქართველოს] შევთავაზებთ დამატებითი შესაძლებლობების განვითარებას და ტექნიკურ დახმარებას, მსგავსი ქმედებებისგან თავდასაცავად“, - წერს აშშ-ს საელჩო საქართველოში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა ტრამპს განუცხადა, რომ პუტინმა შესაძლოა „ინანოს“ უკრაინაში შეჭრა - Financial Times
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics