|
2015-07-29 19:29:17, 589 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელი დასავლეთ სარდლობის სამხედრო დანაყოფების დათვალიერებას განაგრძობს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დასავლეთ სარდლობის სამხედრო დანაყოფების დათვალიერებას განაგრძობს. უწყების ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელი დღეს ხობში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული მებრძოლების მშობლებს შეხვდა და პრობლემის გადაჭრაში დახმარება აღუთქვა. შემდეგ კი, ხობში არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და დასავლეთ სარდლობის მეთაური, პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადასაც ესტუმრნენ. თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებთან ერთად ბრიგადის ინფრასტრუქტურას გაეცნო და სიმულაციური სწავლების კაბინეტიც დაათვალიერა, სადაც სამხედრო მოსამსახურეების მიერ აწყობილი უნიკალური სასწავლო დანადგარია განთავსებული. მოგვიანებით კი სტუმრები საველე ტაქტიკურ სწავლებას დაესწრნენ. მინისტრმა ბრიგადის ხელმძღვანელობისგან სხვადასხვა საკითხზე ინფორმაცია მოისმინა და დასავლეთ სარდლობის შტაბთან ახლად გახსნილ სასადილოს ესტუმრა. სასადილო შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ თანამედროვე სტანდარტების ტექნიკითაა აღჭურვილი. თინათინ ხიდაშელმა პირობა დადო, რომ 2016 წლის ბოლოსთვის ყველა სამხედრო ქვედანაყოფში ასეთივე სასადილო იქნება. „რადგან პრობლემა რთულია, მის მოგვარებას ბევრი დრო და ფული სჭირდება. ამიტომ პირადად ვთხოვე დახმარება ფონდ „ქართუს“ და ისინი თავდაცვის სამინისტროსთან ერთად რამდენიმე სამზარეულოს მშენებლობას დაიწყებენ. დარწმუნებით ვამბობ, რომ 2016 წელს ეს პრობლემა აღმოიფხვრება. ამ დროისთვის კვების საკითხი მოგვარებულია, კვება მეტნაკლებად სტანდარტულია, თუმცა დამეთანხმებით, რომ თუ თავად სასადილოში ანტისანიტარიაა, სულ რომ „რადისონის“ საკვები შევიტანოთ, პრობლემის შექმნის ალბათობა მაინც რჩება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ორი საკითხი პარალელურ რეჟიმში გამოსწორდეს“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ მისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქართული ჯარის ქართული პროდუქტით კვებაა და ეს საკითხიც მომავალი წლისთვის მოგვარდება. „ყველაფერი, რასაც ჭამს ქართული ჯარი, იქნება ქართული. მთლიანად ჩავანაცვლებთ ქართული პროდუქტით გაყინულ ხორცსა და ქათამს და მხოლოდ იმ პროდუქტს შემოვიტანთ, რაც საქართველოში არ არის“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)