|
2020-01-15 15:09:23, 1594 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან თბილისის მოსახლეობას სასწრაფო დახმარების 80 ახალი ავტომობილი მოემსახურება
დედაქალაქის მერიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომანქანა გადასცა. თავისუფლების მოედანზე გამართულ ცერემონიას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ თალაკვაძე და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. კახა კალაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. „დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა. მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი ავტომობილი შემოვიდა, რომელიც დღეიდან თბილისის მოსახლეობას მოემსახურება. მინდა, ცოტა უკან დავბრუნდე და ყურადღება გავამახვილო იმ მნიშვნელოვან რეფორმაზე, რომელიც ჩვენ 2012 წლის შემდეგ განვახორცილეთ ჯანდაცვის მიმართულებით. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ჯანდაცვა, რომელიც პრივილეგია იყო, დღეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ჩვენ არ ვჩერდებით იმ განხორციელებულ რეფორმებზე, რომელიც წლების განმავლობაში გაკეთდა და ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა იქნა მიწოდებული საზოგადოებისთვის, ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ჯანდაცვის პროგრამებით და ძალიან ბევრ ადამიანს შეუნარჩუნდა სიცოცხლე, თუმცა, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ ის, რომ ჯანდაცვა, ზოგადად, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის ყველანაირი პრობლემის გარეშე და ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. თქვენ იცით, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ექვემდებარებოდა ქალაქის მერიას, თუმცა დღეიდან ეს მიმართულება გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს და ვფიქრობ, ეს მართლაც ასე უნდა ყოფილიყო, რადგან ერთიან სისტემაში მოექცევა ეს მიმართულება, ერთი მენეჯმენტის ქვეშ იქნება, რაც უფრო ეფექტიანი იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა თანამშრომელს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდნენ. ეხმარებოდნენ დედაქალაქის მოსახლეობას. ჩვენს სტუმრებს. უამრავი ისტორია შემიძლია მოვყვე ამ ადამიანებზე, თუმცა ახლა ამის შესაძლებლობა არ არის. მინდა მათ წარმატებები ვუსურვო. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი უწყების ქვეშ ვიქნებით. ჩვენ ყველა ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ხალხს, სადაც არ უნდა ვიყოთ. ყველაზე მთავარია ის, რომ ეს ავტომობილები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და საჭიროების შემთხვევაში არის მაქსიმალური მზადყოფნა, რომ მოემსახურონ ქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა წარმატება უსურვა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და კომპეტენციის ფარგლებში თანადგომა აღუთქვა. მიმდინარე წელს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები გაერთიანდა. ქვეყანაში დაინერგა ერთიანი, თანამედროვე სისტემა, რომელიც მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისს გააუმჯობესებს და პაციენტის ინტერესებს მაქსიმალურად მოერგება.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)