|
2020-01-11 16:30:13, 3014 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - ფრენების საერთაშორისო ნორმების დანერგვის გაგრძელება საქართველოს ავიაბაზარზე უფრო მეტ წარმატებულ საერთაშორისო ავიაკომპანიას მოიზიდავს
„ფრენების უსაფრთხოებისა და უშიშროების საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მხრივ საქართველოს სამოქალაქო ავიაცია რეგიონში პირველია, ხოლო ევროპაში საუკეთესო ქვეყნების ათეულში შედის“, - ამის შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ 2019 წლის შედეგებისა და 2020 წლის სამომავლო პროექტების განხილვაზე განაცხადა, რომელსაც მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობდა. ლევან კარანაძის განცხადებით, 2019 წლის ბოლოს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე 32 სამგზავრო, მათ შორის, 30 უცხოური და 3 სატვირთო ავიაკომპანია იყო წარმოდგენილი. ამავე პერიოდში, საქართველოდან სრულდებოდა ფრენები მსოფლიოს 36 ქვეყანაში 74 საერთაშორისო მიმართულებით, მათ შორის, ევროპის 20 ქვეყანაში, ხოლო ყოველკვირეულად საშუალოდ 340 რეისი ხორციელდებოდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე წარადგინა საქართველოს აეროპორტების მიერ გადაყვანილ მგზავრთა პოზიტიური დინამიკა, რომელიც ზრდადია და 2019 წელს, რუსეთიდან ავიაფრენების შეჩერების მიუხედავად, საქართველოს აეროპორტებში იმაზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ, ვიდრე 2018 წელს. კარანაძის განცხადებით, ზრდამ 3,5 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის შედეგების მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის ზრდამ 41 პროცენტზე მეტი, ხოლო ბათუმში - 4 პროცენტი შეადგინა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის განცხადებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ფრენების უსაფრთხოებისა და ზედამხედველობის ხარისხი. მისი თქმით, ბოლო წლებში მსოფლოს საავიაციო უსაფრთხოების ზედამხედველობის მაჩვენებლების მიმართ საქართველოს შესაბამისობის ხარისხი მნიშვნელოვნად (32 პროცენტიდან 88 პროცენტამდე) გაუმჯობესდა. ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის კუთხით გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმებისა და მიღწეული მაღალი შედეგებისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდა. ლევან კარანაძის განცხადებით, რეფორმები საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში გაგრძელდება, მათ შორის, სააგენტო გეგმავს საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნების დანერგვას. წესის მიზანია საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების ექსპლუატირების დროს ხომალდის მიერ წარმოქმნილი ხმაურის მინიმუმამდე შემცირება. ასევე შესაბამისი ევროპული რეგულაციის შესაბამისად, იგეგმება საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა სერტიფიცირების წესის მიღება, რაც უზრუნველყოფს ქართული მოწმობების სრულ შესატყვისობას ევროკავშირის სტანდარტებთან. დადგინდება ახალი მოთხოვნები როგორც მეთვალყურის კვალიფიკაციის, ისე მათი სამუშაო პროცესის მიმართ. „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და გამართული მუშაობა უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, პირველ რიგში კი, ტურიზმის წარმატებული ფუნქციონირებისთვის. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს რეფორმებს, რომლებიც ამ მიმართულებით მიმდინარეობს. ფრენების საერთაშორისო ნორმების დანერგვის პროცესის გაგრძელება საქართველოს ავიაბაზარზე უფრო მეტ წარმატებულ საერთაშორისო ავიაკომპანიას მოიზიდავს, რაც თავის მხრივ, აისახება ფრენების გეოგრაფიის გაზრდილ დინამიკაში. ჩვენი მიზანია, საქართველოს გავხადოთ ტრანზიტული ქვეყანა სამოქალაქო ავიაციის სექტორშიც, რისი პოტენციალიც ძალიან მაღალია. ასევე მიგვაჩნია, რომ გვაქვს კარგი შესაძლებლობა, გავზარდოთ კარგო გადაზიდვების მაჩვენებლებიც, რის შესახებაც არსებობს მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია ეფექტიან გადაწყვეტილებებს იღებს ქვეყანაში მცირე ავიაციის და მცირე აეროდრომების ქსელის განვითარებისთვის. პრეზენტაციას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილიც დაესწრო.
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პირობები გაამკაცრა
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)