12:30 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-21 17:00:57, 583 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ტუსკს: ხურვალეთში, 21–ე საუკუნეში, თქვენ გქონდათ შესაძლებლობა ბერლინის კედელი გენახათ

„თქვენ იყავით ხურვალეთში და შესაძლებლობა გქონდათ, 21–ე საუკუნეში ახალი ბერლინის კედელი გენახათ“, – ასე მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ევროსაბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს. 

ხიდაშელის შეფასებით, დღეს, ცივილიზებულ სამყაროს იგივე გამოწვევები აქვს, რაც საბჭოთა ცივი ომის დროს ჰქონდა. 

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ევროსაბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს ევროკავშირისთვის  ამ ძალიან მძიმე კვირებში, რომ გამონახა დრო და ჩვენთან ერთად არის. საქართველოსთვისაც ბოლო რამდენიმე დღე ძალიან მძიმე იყო. თქვენ გქონდათ შესაძლებლობა ამ ორი დღის განმავლობაში გენახათ საქართველო, ისეთი როგორც ის სინამდვილეში არის, ყველა თავისი პრობლემით , ოკუპაციით გამოწვეული პრობლემებით, ყოველდღიური გასაჭირით, მაგრამ იმ სიმხნევით, რომლითაც ყოველი ქართველი დგას და ებრძვის ამ გამოწვევებს, რომელსაც  დღევანდელი სამყარო გვთავაზობს. თქვენ იყავით ხურვალეთში, თქვენ გქონდათ შესაძლებლობა 21–ე საუკუნეში გენახათ ახალი ბერლინის კედელი. დღეს, საქართველოში ბევრს საუბრობენ გამყოფ კედლებზე. პრეზიდენტმაც ახსენა წეღან და ეს არის სამწუხარო რეალობა. აქედან , სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ , სულ რამოდენიმე ათეულ კილომეტრში , 21–ე საუკუნის მსოფლიოში, ევროპაში,  აღმართულია მორიგი კედელი, როგორც ნიშანი იმისი, რომ ცივილიზებული სამყარო ჯერ კიდევ შორს არის ყველა პრობლემის მოგვარებისგან. ცივილიზებულ სამყაროს ისევ იგივე გამოწვევები აქვს, რაც საბჭოთა ცივი ომის დროს ჰქონდა. დღეს,  ჩვენ ისე ვართ იმ რეალობის წინაშე, რომ ევროპის შუა გულში, საქართველოდან რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით ომია. უკრაინაში ომის ცხელი ფაზაა. ეს გამოწვევები ზუსტად იგივეა, რაც იყო რამდენიმე ათწლეულის წინ და ყველას გვეგონა, რომ ისტორიის ეს ფურცელი დავხურეთ. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოველი ჩვენგანისთვის, საქართველო იყოს ნაწილი, ყველა იმ ოპერაციის, სადაც კეთილი ნების ადამიანებთან ერთად, ცივილიზებული სამყაროს მხარდამხარ ვიბრძოლებთ, ვიშრომებთ.  ვიბრძოლებთ ისეთი სამყაროსთვის, სადაც აღარ იქნება ადგილი მავრთულხლართების, ომის, ბრძოლის, ტერორიზმის“, – აღნიშნა ხიდაშელმა.

მინისტრმა ქართული ჯარის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველები „სადაც ვიცავთ მშვიდობას, ვიცავთ საქართველოს.

 „ქართველები, ამ ბოლო ათწლეულებში, იბრძოდნენ ყველგან –  ერაყში, ავღანეთში, კოსოვოში, ცენტრალური ავფრიკის რესპუბლიკაში, მალიში. საქართველომ გამოხატა მზადყოფნა დადგეს გვერდზე ევროკავშირის, გაეროს ძალების, ნატოს ძალების, ყველგან სადაც უჭირს მსოფლიოს. გვჯერა, რომ ყველგან სადაც ვიცავთ მშვიდობას, ვიცავთ საქართველოს. ყველა ბრძოლა, რომელიც არის ტერორიზმის წინააღმდეგ, დესპოტიის წინააღმდეგ, ჩვენ ამ ბრძოლაში ვიცავთ საქართველოს, ჩვენი შვილების უსაფრთხოებას და ვიბრძვით ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის. ამიტომ მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ბიჭებს, ყველა ქართველ ჯარისკაცს, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ იბრძოდა მსოფლიოს მშვიდობისთვის და ამით იცავდა საკუთარ სამშობლოს. მინდა ქედი მოვიხარო ყველა იმ დედის წინაშე, ვისაც ქონდა მსხვერპლი.  ჩვენს თვალწინ იბადებოდნენ , იზრდებიან გმირები, რომლითაც ამაყობს საქართველო. სამწუხაროდ ჩვენი თაობისთვის ეს აღარ არის ისტორიის წიგნები, ეს ყოველდღიური რეალობაა, ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ჩვენს გვერდით იზრდებიან და იბრძვიან გმირები. სამწუხაროდ მათთან გამოთხოვებაც გვიწევს ხშირად. ამიტომ, დიდი მადლობა ყველა იმ ჯარისკაცს, რომელიც დგას საკუთარი სამშობლოს სადარაჯოზე –  საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.  უნდა სჯეროდეს მსოფლიოს, რომ საქართველოს სახით მას ჰყავს ერთგული, საიმედო პარტნიორი, რომელიც მზად არის თქვენთან ერთად იდგეს ყველგან, იბრძოლოს ყველა იმ ომში, რომელიც მსოფლიოს მშვიდობას და თავისუფლებას მოუტანს“, – განაცხადა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics