2015-07-15 15:10:18, 364 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ღვთისმშობლის კვართი საქართველოში რომ ინახება, დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს
„ის რომ ღვთისმშობლის კვართი საქართველოში ინახება, გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას. ჩვენ განსაკუთრებულად უნდა მოვეპყროთ ამგვარ სიწმინდეს და მადლობა ვუთხრათ უფალს ყველაფრისთვის“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში ვლაქერობის დღესასწაულთან დაკავშირებით განაცხადა.
„ის რომ ღვთისმშობლის კვართი საქართველოში ინახება, გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას. ჩვენ განსაკუთრებულად უნდა მოვეპყროთ ამგვარ სიწმინდეს და მადლობა ვუთხრათ უფალს ყველაფრისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, გაძლიერებას და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას. როგორც მეუფე გერასიმემ ქადაგებაში ბრძანა, ჩვენ ერთ დღეს შევალთ აფხაზეთში და ჩვენს დებთან და ძმებთან ერთად ვიზეიმებს „ვლაქერნობას“,“–განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა პრემიერს დღესასწაულზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მიესალმება პერმიერის სურვილს, რომ აფხაზური ენა შეისწავლოს.
„თქვენ ერთხელ თქვით, რომ აპირებთ შეისწავლოთ აფხაზური ენა. ამან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რადგან აქედან აფხაზეთი სულ რამდენიმე კილომეტრშია,“–აღნიშნა მეუფე გერასიმემ.
ამასთან, როგორც მეუფე გერასიმემ აღნიშნა, „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი ესწრება ამ დღესასწაულს“.
ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში შეკრებილ მომლოცველებს დღესასწაული მიულოცა ირაკლი ღარიბაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ სულ მალე „ვლაქერნობას“ აფხაზებთან ერთად ვიზეიმებთ.
საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ოჯახი დალოცა და მათ ღვთისმშობლის მფარველობა უსურვა.
„ამ დღის შემდეგ თქვენ იგრძნობთ ღვთისმშობლის დიდ მფარველობას. თქვენი აქ ყოფნა დასტურია იმის, რომ ვართ ერთიანნი. მინდა გითხრათ, რომ ტაძრის შესასვლელში თქვენს სახელზე ქვა დაიდება,“–მიმართა მეუფემ პრემიერ–მინისტრს და მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსის ხატი აჩუქა.
„ვლაქერნობის“ დღესასწაულს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშეკელი დაესწრნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან