|
2019-08-09 11:44:11, 1458 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო - საქართველოს მხრიდან ცხინვალის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია დაგეგმილი იყო
„საქართველოს მხრიდან ცხინვალის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია დაგეგმილი იყო, რაც ოფიციალურად ტალიავინის დასკვნით დადასტურდა“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, ოფიციალურმა თბილისმა სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო და ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებები უხეშად დაარღვია. „ჩვენ გვახსოვს 11 წლის წინ მომხდარი ტრაგიკული მოვლენები. 2008 წლის 7-8 აგვისტოს, ღამით, მ. სააკაშვილის მთავრობამ, ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებები უხეშად დაარღვია და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ქართულმა სამხედრო ძალებმა, საომარი ობიექტებისა და საცხოვრებელი უბნების განურჩევლად, ცხინვალში მასიური საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ისინი თავს დაესხნენ რუს სამშვიდობო ძალებს, რის შედეგადაც 10 მათგანი გარდაიცვალა. შედეგად, ჯამში 48 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, 162 კი დაშავდა. ცხინვალის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია სრულიად არაპროვოცირებული იყო. ეს აშკარა ფაქტი, მოგვიანებით, ოფიციალურად დადასტურდა, კერძოდ, კავკასიის კონფლიქტის მიზეზების გამოძიების საერთაშორისო კომისიის დასკვნაში, რომელიც შეიქმნა ევროკავშირის ეგიდით, შვეიცარიის წარმომადგენლის ჰ. ტალიავინის ხელმძღვანელობით და რომელიც 2009 წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდა“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში საქართველოს მხრიდან განხორციელებულმა აგრესიამ ოს და აფხაზ ხალხს თვითგამორკვევის გარდა სხვა გზა არ დაუტოვა. „სამხრეთ ოსეთზე თავდასხმამ, აფხაზეთის წინააღმდეგ მსგავსი მოქმედების მომზადებამ, რომელიც ამ ხალხის მიმართ წლების განმავლობაში განხორციელებული ძალადობრივი პოლიტიკის კულმინაცია იყო, მათ სხვა არჩევანი, გარდა თვითგამორკვევისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოყოფისა, არ დაუტოვა“, - ნათქვამია განცხადებაში. საგარეოში ასევე აცხადებენ, რომ 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებისას გაერო-ს წესდების დებულებებით და სხვა საერთაშორისო ფუნდამენტური დოკუმენტებით იხელმძღვანელა. „შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ როგორც აფხაზეთი, ისე სამხრეთ ოსეთი შედგა როგორც სუვერენული სახელმწიფო. ორივე რესპუბლიკა ფლობს სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტს, მათ შორის, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ეფექტურად მუშაობის სისტემებს, აკონტროლებს საკუთარ ტერიტორიას, ავითარებს ეროვნულ ეკონომიკას, კულტურას და აქტიურად არის დაკავებული სამართლებრივი საზოგადოების მშენებლობაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
ტრამპმა უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამოაცხადა და ევროპის მონაწილეობით მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა დაანონსა
გუდაურსა და კობს შორის, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)