|
2019-06-26 12:52:34, 1689 ნახვა
სამართალი
ნიკა მელიას თავისუფლების აღკვეთა ხანგძლივი ვადით ემუქრება - პროკურორი დეპუტატის დაკავების მიზეზებზე საუბრობს
„ნიკანორ მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, რაც სასჯელის სახით უალტერნატივოდ ხანგძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტაზე მსჯელობენ. გულუაშვილმა იმ საფუძვლებზე ისაუბრა, რომლითაც პროკურატურა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნას ასაბუთებს. „ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რომელიც გამოტანილია პარლამენტის დეპუტატის ნიკანორ მელიას მიმართ, 2019 წლის 20 ივნისს, ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ მიმდინარეობდა მიტინგი პროტესტის გამოხატვის მიზნით. მიტინგის მონაწილეთა მოთხოვნა იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების გადადგომა. მიტინგის მონაწილეთა შეკრება პარლამენტის სასახლის წინ დაიწყო დაახლოებით 17 საათზე და 21საათსა და 50 წუთამდე ატარებდა მშვიდობიან ხასიათს. დაახლოებით 21 საათზე მოქალაქეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა ნიკანორ მელიამ და განაცხადა, რომ თუ 1 საათში არ დაკმაყოფილდებოდა მათი მოთხოვნები, ყველას ერთად უნდა გადაენაცვლათ უშუალოდ პარლამენტის შენობაში. ვინაიდან ხსენებული მოთხოვნა არ შესრულდა, უშუალოდ პარლამენტის სასახლეში შეჭრის მიზნით მიტინგზე შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობითა და მისი უშუალო მონაწილეობით დაიწყეს პარლამენტის შენობის წინ პერიმეტრზე განლაგებული სამართალდამცავების მიმართ ძალადობა, იარაღად სხვადასხვა ნივთების გამოყენებით მათზე თავდასხმა, ასევე, სამართალდამცავთა კუთვნილი ნივთების დაზიანება და განადგურება. ზემოაღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს როგორც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა, ასევე პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის მიზნით იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა. ნიკანორ მელიას მიმართ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები. აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გამოიყენება იმ დროს, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება , ჩაიდენს ახალ დანაშაულს და ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებასა და საქმეზე მტკიცებულების განადგურებას. გამოძიება ნიკანორ მელიასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე ეყრდნობა არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას, არამედ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციითა და სასამართლო პრაქტიკით დადგენილ სტანდარტებს. ევროკონვენციის მეხუთე მუხლი პირდაპირ ადგენს აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების საფუძვლებს, როდესაც სახეზეა საფუძვლიანი ეჭვი დანაშაულის ჩადენის შესახებ , მტკიცებულებების მოპოვების ხელის შეშლის საფრთხე , მოწმეებზე ზემოქმედებისა და მათთან საიდუმლო გაგებაში შესვლის საფრთხე. განსახილველ საქმეზე შეკრებილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია ვარაუდისათვის, რომ სწორედ ნიკანორ მელიამ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება. საქართველოს შსს-ს ოფიციალური მონაცემების მიხედვით ნიკანორ მელიას 2015-2019 წლებში საქართველოს საზრვარი გადაკვეთილი აქვს 24-ჯერ. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს დიპლომატიური პასპორტით 2017-2019 წლებში 6-ჯერ აქვს გადაკვეთილი სახელმწიფოს საზღვარი. მხედველობაში ვიღებთ რა ბრალდებულის საზღვარგარეთ ვიზიტებს, მისი მხრიდან დიპლომატიური პრივილეგიებით სარგებლობას და საზღვარგარეთ გამარტივებული პროცედურებით გადაადგილების ფაქტს, მის ფინანსურ შესაძლებლობებს, გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნიკანორ მელია თავისუფლად შეძლებს საზღვარგარეთ სათანადო პირობების შექმნას საიმისოდ, რომ სამომავლოდ თავი აარიდოს მართლმსაჯულებას.გასათვალისწინებელია, რომ ნიკანორ მელიას ბრალი ედება იმაში, რომ მან შეძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში. რაც მიუთითებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა გარკვეულ ადამიანებზე მოახდინოს ზეგავლენა და დაიყოლიოს ისინი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. შესაბამისად, არსებობს ვარაუდი რომ ნიკანორ მელიამ უკვე გამოკითხულ და მომავალში გამოსაკითხ მოწმეებზე მოახდინოს ზეგავლენა და შევიდეს მათთან ფარულ გარიგებაში, რათა არ მისცენ მისი მამხილებელი ჩვენებები. აღსანიშნავია, რომ მოწმეებს შორის მისი მხარდამჭერებიც არიან, რაც იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ნიკანორ მელიას მათთან მჭიდრო კავშირი აქვს და შესაძლოა, მათან მოლაპარაკებაში შევიდეს“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)