08:07 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-19 15:57:12, 1315 ნახვა

სამართალი
NGO-ები - იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციას არ გასცემს

„უკიდურესად შეშფოთებული ვართ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებას არ მიაწოდოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული ინფორმაცია“, - ამის შესახებ კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში 2019 წლის 1 მაისს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ეს ინფორმაცია (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა) არის საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი, საბჭო კი მისი დახურვით კანონს არღვევს.

კოალიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს კანდიდატების შესახებ საბჭოში წარდგენილი და საბჭოს მიერ მოძიებული ინფორმაცია  (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა), მანამდე კი კონკურსის პროცედურები არ გააგრძელოს.

„იუსტიციის საბჭომ 13 ივნისის წერილით უარი განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში მონაწილე  კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის გასაჯაროებაზე პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივზე მითითებით, მაშინ როდესაც ეს ინფორმაცია კანონის თანახმად საჯაროა. საბჭოს მიერ კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საბჭო გარკვეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის დამალვას ცდილობს.

საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია ითვალისწინებდა დებულებას, რომლის თანახმადაც კანდიდატების შესახებ მიღებული მონაცემები უნდა ყოფილიყო კონფიდენციალური.  მას შემდეგ, რაც ამ დებულებამ მწვავე კრიტიკა გამოიწვია, კანონპროექტის მომხსენებელმა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს ჩანაწერი შეიცვლებოდა და საბოლოოდ, ის ამოღებულიც იქნა კანონპროექტიდან. პარლამენტს  კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მაქსიმალური ღიაობისკენ მოუწოდებდა ვენეციის კომისიამაც.   მოცემულ შემთხვევაში, იუსტიციის საბჭოს მხრიდან კანონის სხვაგვარი განმარტება არის თვითნებობა და შეუქცევადად აზიანებს კონკურსის მიმართ სანდოობას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები კანონპროექტის განხილვისას მუდმივად აცხადებდნენ, რომ მათი ვერსია ითვალისწინებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის „უპრეცედენტოდ გამჭვირვალე” პროცესს. დღესდღეობით კი, საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესარჩევი კონკურსი არის ნაკლებად გამჭვირვალე, ვიდრე  ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირის შესარჩევი კონკურსი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად თანამდებობის პირის კანდიდატის შესახებ ინფორმაცია საჯაროა და არ შეიძლება მისი დახურვა პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით.

კოალიცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, კანდიდატების შესახებ არსებული დოკუმენტების დახურვის შესახებ, კონკურსისადმი საზოგადოების ნდობის პერსპექტივას გამორიცხავს. დღესდღეობით, საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია მხოლოდ კანდიდატების მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები, ხოლო საზოგადოებას არ აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს რა დოკუმენტაციას ეყრდნობა და რამდენად სიმართლეს შეესაბამება ისინი. დაინტერესებულ პირებს არ აქვს საშუალება გაეცნონ კანდიდატების მიერ წარდგენილ მასალებს, მათ შორის, კვლევებს, სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც კანდიდატების კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების შესაფასებლად უნდა გამოიყენებოდეს“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics