19:46 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-02 12:43:16, 1557 ნახვა

სამართალი
იურისტების ჯგუფი პრეზიდენტს სასამართლოების შესახებ კანონზე ვეტოს დადების მოთხოვნით მიმართავს

„დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი“ მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და არ მოაწეროს ხელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის თაობაზე საერთო სასამართლოების კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს.

„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი პრეზიდენტმა პარლამენტს უკან უნდა დაუბრუნოს მოტივირებული შენიშვნებით, რომელშიც სრულად იქნება გათვალისწინებული სასამართლოში არსებული კრიზისი, მისი რეალური მიზეზები და შესაბამისად - აისახება საერთაშორისო საზოგადოების და სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციები.

შეზღუდული უფლებამოსილებების მიუხედავად, პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, ვერ იქნება დისტანცირებული უმნიშვნელოვანესი პროცესებიდან, რომლებიც განსაზღვრავენ თუ როგორ სახელმწიფოში იცხოვრებენ ამ ქვეყნის მოქალაქეები, როგორც დღევანდელი, ასევე მომავალი თაობები.

მისასალმებელია, რომ პრეზიდენტის განცხადების თანახმად, მისი ჩართულობით კანონპროექტის შემუშავების ბოლო ეტაპზე კანონპროექტში აისახა ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაცია. თუმცა, ავღნიშნავთ, რომ არ მოხდა ყველაზე უფრო არსებითი ხასიათის რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც ნიშნავს იმას, რომ კანონპროექტში ბოლო ეტაპზე შეტანილი ცვლილებები არსებითად ვერ ცვლის სიტუაციას და სამწუხაროდ, კვლავ ტოვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თვითნებობის პრაქტიკულად შეუზღუდავ საშუალებას. მაგალითად, ვენეციის კომისიის უმნიშვნელოვანესი რეკომენდაცია, შერჩევის პროცესში კენჭისყრის ღიაობის და გადაწყვეტილების დასაბუთების შესახებ, სამწუხაროდ დაუსაბუთებლად არ იქნა გათვალისწინებული. წარმოდგენილი კანონპროექტი საშუალებას აძლევს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ყოველგვარი არგუმენტის და კრიტერიუმის გარეშე, გაუმჭვირვალედ და ბუნდოვანი პროცედურით, კონკურსს მიღმა დატოვოს ღირსეული კანდიდატები. იუსტიციის საბჭოსთვის მოქმედების მკაცრად განსაზღვრული წესების დადგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ვითარებაში, როდესაც არ არის შესრულებული ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, იუსტიციის საბჭოს საქმიანობის საკანონმდებლო ბაზის რეფორმირების თაობაზე, რომელიც კომისიამ ჯერ კიდევ 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მისცა საქართველოს ხელისუფლებას.

ამ კრიტიკულ ვითარებაში, სახელმწიფოს მეთაურის სწორ და გააზრებულ პოზიციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, პრეზიდენტის როლი ვერ შემოიფარგლება მხოლოდ საპარლამენტო განხილვებში მისი ჩართულობით და არსებითად მნიშვნელოვანია, რომ მან გამოიყენოს ყველა კონსტიტუციური ბერკეტი კრიზისული ვითარების დასაძლევად.

დღეს საქართველოს სასამართლო სისტემა არაორდინარულ ვითარებაში იმყოფება. სასამართლოს მართავს მოსამართლეთა ჯგუფი - კლანი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ორგანიზებას უწევდა პოლიტიკური დაკვეთების შესრულებას და რომლის მთავარ ფუნქციას მოსამართლეთა ტოტალური კონტროლი და ურჩი მოსამართლეების დასჯა წარმოადგენდა. მოსამართლეთა ეს ჯგუფი კვლავ მოექცა სასამართლო სისტემის მართვის სადავეებთან (იუსტიციის უმაღლეს საბჭოში) და კვლავ მორჩილების ნიშნით, ნეპოტიზმის და ქრონიზმის საფუძველზე არჩევს მოსამართლეობის კანდიდატებს, რისი თვალსაჩინო მაგალითია დეკემბრის ბოლოს პარლამენტისთის წარდგენილი სია. საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტი კლანის ზეგავლენას კიდევ უფრო აძლიერებს, კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევს თავისუფლებას, ფარული კენჭისყრით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მხოლოდ საკუთარი შეხედულებით შეადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია. მოსამართლეთა ამ ჯგუფისთვის უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევაში ფაქტიურად შეუზღუდავი ძალაუფლების მიცემით, მოხდება სასამართლო სისტემის უზურპაცია კლანის მიერ, ათწლეულების ვადით, რაც რეალურ საფრთხეს უქმნის თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვას, ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ უჭერს სამოქალაქო საზოგადოების არც ერთი წარმომადგენელი. ის ასევე უარყოფით შეფასებებს იმსახურებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებში, რომლებიც წლებია, დახმარებას უწევენ საქართველოს არაერთი მიმართულებით, მათ შორის სასამართლოს რეფორმირების საკითხებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გმაომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და ვეტო დაადოს აღნიშნულ კანონპროექტს. ასევე, ავღნიშნავთ, რომ ჩვენ შევიმუშავეთ და უახლოეს ხანებში საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ რეზოლუციის პროექტს „სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე". გამოვთქვავთ სრულ მზადყოფნას ჩავერთოთ კონსულტაციებში, როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტთან სასამართლო სისტემის არსებული კრიზისული ვითარებიდან გამოსაყვანად და დამოუკიდებლობის რეალური გარანტიების შესაქმნელად“,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

ანა ნაცვლიშვილი, მაია ბაქრაძე, კახა კოჟორიძე, კახა წიქარიშვილი, ბესიკ სისვაძე, უჩა ნანუაშვილი, დავით ჯანდიერი, თამარ ლალიაშვილი, ლია მუხაშავრია, ირაკლი კორძახია, ზაზა ხატიაშვილი, მამუკა ნოზაძე, დიმიტრი ხაჩიძე, ირაკლი გაბრიჩიძე, თამარ გეგელია, ბესიკ ლოლაძე.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics