11:58 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 12:34:00, 1549 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი - უმეტეს შემთხვევებში, პოლიცია დაკავებულ პირებს საკუთარ უფლებებს არ განუმარტავს

სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ საანგარიშო პერიოდში ჩატარებული შემოწმების შედეგად, გაირკვა, რომ წინა წლების მსგავსად, პოლიციის მიერ პირის ინფორმირება საკუთარი უფლებების შესახებ, კვლავ პრობლემაა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო  დამცველის ანაგრიშშია აღნიშნული.

ომბუდმსენის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე, დამკავებელ მოხელეს ევალება, დაკავებულ პირს გასაგები ფორმით აცნობოს დამცველის ყოლის, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება და რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მის წინააღმდეგ სასამართლოში, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა დაკავებულ პირთა გამოკითხვით დაადგინა, რომ უმეტეს შემთხვევებში, დაკავებისას და პოლიციის დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგაც, პოლიცია დაკავებულ პირებს აღნიშნულ უფლებებს ან საერთოდ არ განუმარტავს სიტყვიერად, ან ინფორმაციას არასრულყოფილად აწვდის.

„დაკავებულებს მათი უფლებები, ძირითადად, დროებითი მოთავსების იზოლატორებში განემარტებათ, სადაც მათ წერილობით გადასცემენ უფლებებისა და მოვალეობების, მათ შორის, საპროცესო უფლებების შესახებ ნუსხას, რასაც დაკავებული პირები ხელმოწერით ადასტურებენ. უნდა აღინიშნოს, რომ დუმილის, დანაშაულის აუღიარებლობის, ასევე, დამცველის მოწვევის უფლების თაობაზე განმარტება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაკავების ადრეულ ეტაპზე - პირის დაკავებისას ან/და პოლიციის დაწესებულებაში მიყვანისთანავე.

დროებითი მოთავსების იზოლატორში კი, დაკავებულები გადაჰყავთ პოლიციის დაწესებულებიდან, რიგ შემთხვევებში, ხანგრძლივი დროით დაყოვნების შემდეგ. დროებითი მოთავსების იზოლატორებისაგან განსხვავებით, პოლიციის სამმართველოები არ არის უზრუნველყოფილი დაკავებულ პირთა საპროცესო უფლებების შესახებ წერილობითი ბუკლეტებით და დაკავებულთა ინფორმირების მიზნით, პოლიციის დაწესებულებებში არც რაიმე სახის პოსტერებია გამოკრული“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ომბუდსმენის ცნობით, პრაქტიკაში პრობლემურია ადვოკატის დაუყოვნებლივი ხელმისაწვდომობის უფლებით სარგებლობა, მაშინ როდესაც დაკავებული პირი სწორედ დაკავების პირველ საათებშია ყველაზე მოწყვლადი პოლიციის მხრიდან ზეწოლისა და არასათანადო მოპყრობის მიმართ.

„სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ სტატისტიკური პროგრამის (SPSS) გამოყენებით დამუშავებული მონაცემების მიხედვით, წინა წლის მსგავსად, 2018 წელს სისხლის სამართლის საქმეებში ადვოკატის ჩართვის დაბალი მაჩვენებელი პირველი 24 საათის განმავლობაში არსებითად არ შეცვლილა. ამასთან, გრძელდება ტენდენცია, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები იშვიათად სარგებლობენ ადვოკატის დახმარებით. სპეციალური პრევენციის ჯგუფის წევრებთან რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე ადგილობრივმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ხშირად პოლიციის თანამშრომლები დაკავებულ პირებს არწმუნებენ, რომ უარი თქვან ადვოკატის დახმარებაზე; ეუბნებიან, რომ ადვოკატის გარეშე უფრო კარგ პირობებზე შეთანხმდებიან.

ადვოკატების განცხადებით, რიგ შემთხვევებში, მათ დაკავებულებთან მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ შეხვედრის უფლებას არ აძლევდნენ, ამას კი, აღნიშნულ პერიოდში პოლიციის მიერ დაკავებულზე ზეწოლითა და მათი ე.წ. „დამუშავებით“ ხსნიდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია კონკრეტულ საქმეებში ადვოკატთა ჩართულობის შესახებ, კერძოდ, გამოვლენადია, თუ რა ეტაპიდან ჩაერთო საქმეში ადვოკატი, სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს არ აქვს წვდომა ისეთ მნიშვნელოვან მონაცემზე, როგორიცაა დაკავებული პირის მიერ ადვოკატის მოთხოვნის დრო, კერძოდ, როდის, რა ეტაპზე მოითხოვა დაკავებულმა პირმა ადვოკატთან დაკავშირება და მოთხოვნიდან რა ვადაში ჩაერთო საქმეში ადვოკატი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პრევენციის მიზნებისთვის ადვოკატის ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია დაკავების პირველი საათების განმავლობაში. სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში არ აღირიცხება დაკავებული პირების მიერ ადვოკატთან დაკავშირების უფლებით სარგებლობის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისად, მონიტორინგის ფარგლებში ვერ ვაფასებთ, რამდენ შემთხვევაში და როდის მოითხოვა დაკავებულმა პირმა ადვოკატთან დაკავშირება და პოლიციის თანამშრომლებმა კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ უგულებელყვეს თუ არა დაკავებულის მოთხოვნა.

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი წევრ სახელწიფოებს მოუწოდებს, მიიღონ ზომები, რათა პოლიციის მიერ თავისუფლებააღკვეთილ ნებისმიერ პირს ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისი მდგომარეობის შესახებ, სურვილისამებრ, შეატყობინოს ახლო ნათესავს ან მესამე პირს, მისთვის თავისუფლების აღკვეთის საწყისი ეტაპიდან (იმ მომენტიდან, როდესაც პირი პოლიციის კონტროლის ქვეშ მოექცევა). მეტიც, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი მიუთითებს, რომ შესაბამის ჟურნალებში პოლიციამ უნდა აწარმოოს წერილობითი ჩანაწერები დაკავების შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებით, შეტყობინების ზუსტი დროის და იმ პირის ვინაობის მითითებით, რომელთანაც შეტყობინება განხორციელდა.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ჩანაწერი დაკავებულმა პირმა დაადასტუროს ხელმოწერით, რათა გამოირიცხოს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან თვითნებურად ცრუ ინფორმაციის აღრიცხვა.

ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლოს, მის ქვემდებარე სისტემაში რამდენად არის დაცული დაკავებული პირების ოჯახთან/საკონსულოსთან და ადვოკატთან დაკავშირების უფლება და შესწავლის შედეგების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს; ცხადია, მონიტორინგის ორგანოებს, როგორც სამინისტროს შიდა მონიტორინგის ორგანოებს, ასევე, გარე მონიტორინგის ორგანოს - სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის სახით, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, სისტემური მონიტორინგის ფარგლებში შეამოწმონ დაკავებულ პირთათვის გარანტირებული ზემოაღნიშნული უფლებები მხოლოდ თეორიულია, თუ პრაქტიკული და ეფექტიანი. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს კონკრეტული მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდის იმის შემოწმებას, პრაქტიკაში რამდენად ხორციელდება ოჯახის წევრთან/ახლობლებთან/ადვოკატთან დაკავშირების და დაკავების შესახებ ინფორმაციის შეტყობინების უფლება“, - ნათქვამია დოკუმენტში.

რაც შეეხება ოჯახის ინფორმირებას პირის დაკავების შესახებ, სახლახო დამცველის განცხადებით, სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ დამუშავებული მონაცემების მიხედვით, 2018 წელს გაუმჯობესებულია ოჯახის წევრებისთვის დაკავების შესახებ ინფორმაციის მიწოდების დინამიკა. კერძოდ, 2018 წელს ჩვენს მიერ შესწავლილი საქმეების 86,8%-ში, ხოლო 2017 წელს 71%-ში, შეატყობინეს ოჯახს დაკავებიდან 3 საათის ვადაში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics