|
2019-04-01 11:57:44, 1483 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი: კვლავ პასუხგაუცემელია კითხვა, რამდენად პროპორციული იყო თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ძალა
საქართველოს სახალხო დამცველი ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიშს აქვეყნებს. როგორც ომბუდსმენის ანგარიშშია აღნიშნული, საგამოძიებო ორგანოების საქმიანობაში 2018 წელსაც სერიოზული გამოწვევები გამოვლინდა სიცოცხლის უფლების დაცვის პროცესში. ანგარიშის მიხედვით, კვლავ პასუხგაუცემელია კითხვა, რამდენად პროპორციული იყო პანკისის სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ძალა. ამასთან, 2017 წლიდან ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ სახალხო დამცველის აპარატისთვის უცნობია მისი დეტალების შესახებ. „თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი 2018 წლის განმავლობაში რამდენიმე მიმართულებით სწავლობდა. ამ საქმეში ცენტრალური საკითხია თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ძალის პროპორციულობის საკითხი. 2017 წლიდან ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის უცნობია მისი დეტალების შესახებ. მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მიმდინარე საქმის მასალებს მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს თანხმობით ეცნობა. ჩვენი არაერთგზისი საჯარო და წერილობითი მიმართვის მიუხედავად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, სისხლის სამართლის საქმის მასალები ამ საქმეზე, არ გაგვაცნო. სახალხო დამცველის აპარატს მთავარი პროკურატურიდან მხოლოდ მშრალი და შაბლონური პასუხები მიეწოდება, საიდანაც შეუძლებელი ხდება იმის შეფასება, თუ რამდენად აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი, ან რა დამატებითი მოქმედებების ჩატარებაა აუცილებელი“, - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში ნათქვამია, რომ მაჩალიკაშვილის ოჯახის არც ერთ წევრს არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი, რაც მათ საქმის სრულად გაცნობის შესაძლებლობას არ აძლევს. „შესაბამისად, ის საკითხი, თუ რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს გამოძიება, რამდენად დაცულია ის სტანდარტები, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ადგენს ამ კატეგორიის საქმეების გამოძიებისას, სამწუხაროდ, საქართველოს სახალხო დამცველის შეფასების მიღმა რჩება. ასევე აღსანიშნავია, რომ მაჩალიკაშვილის ოჯახის არცერთ წევრს არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი, რაც მათ საქმის სრულად გაცნობის შესაძლებლობას არ აძლევს. გამოძიების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების, ასევე სიცოცხლის უფლების პოზიტიური ვალდებულების შესასრულებლად, აუცილებელია ამ პროცესში ახლო ნათესავის ცნობა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ. გამომდინარე იქიდან, რომ ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს გამოძიება და საზოგადოებისთვის და გარდაცვლილის ოჯახისთვის უცნობია მისი შედეგები, მიგვაჩნია, რომ გენერალურმა პროკურორმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი ანგარიშის ფარგლებში, სიცოცხლის უფლების პოზიტიური ვალდებულების შესრულების ჭრილში, საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების ეფექტიანობის თაობაზე, მის ხელშემშლელ გარემოებებსა და სხვა რელევანტურ საკითხებზე. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში კი, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო საზედამხედველო ბერკეტი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოების გარშემო ჭეშმარიტების დროულად დასადგენად. ამავე საქმეზე სახალხო დამცველის აპარატმა 2018 წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანხმობით26 შეისწავლა სუს-ის წარმოებაში არსებული გამოძიებისა და სასამართლოში არსებული საქმის მასალები. ასევე, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ჩატარებული სამედიცინო მკურნალობის ადეკვატურობის საკითხის შესაფასებლად სახალხო დამცველმა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართა და შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შესწავლის მიზნით წარუდგინა. მასალების შესწავლის შედეგებით და სააგენტოს პასუხით, არ გამოიკვეთა უფლებების დარღვევების ნიშნები ამ მიმართებით“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)