|
2019-03-28 11:41:38, 1452 ნახვა
სამართალი
სუს-ი - 2018 წელს საქართველოში გავლენის გაძლიერებით დაინტერესებული ქვეყნები „ჰიბრიდული ომის“ მეთოდებს იყენებდნენ
2018 წელს საქართველოში გავლენის გაძლიერებით დაინტერესებული ქვეყნები საკუთარი მიზნების მისაღწევად აქტიურად იყენებდნენ „ჰიბრიდული ომის“ მეთოდებს“, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშში, კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ საუბრისას არის აღნიშნული. სუს-ის ინფორმაციით, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტივობების განხორციელებისას მიზნად ისახავდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას; მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას; საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებას რეგიონის ქვეყნებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან; საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნის იმიჯის შელახვას; ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების მოპოვებას; მუდმივი შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ხელშეწყობას; საზოგადოებაში გაურკვევლობისა და ნიჰილიზმის დანერგვას. „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში დაინტერესებული მხარეების მიერ ხდებოდა დესტრუქციული პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების, ასევე მედია-საშუალებებისა და სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება. საანგარიშო პერიოდში „ჰიბრიდული ომის“ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენდა დეზინფორმაციული კამპანია. ყალბი ახალი ამბებით, ფაქტების დამახინჯებითა და ისტორიის გაყალბებით მიზანმიმართულად ხდებოდა მოსახლეობის პოლარიზაცია, მცდარი შეხედულებებისა და შიშის გავრცელება, საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებით მნიშვნელოვან პროცესებზე გავლენის მოხდენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნები და მათი სპეცსამსახურები, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სულ უფრო აქტიურად იყენებენ კიბერსაშუალებებს. ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან რისკს ასევე წარმოადგენს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისა და მათ მიერ კონტროლირებადი ჰაკერული ჯგუფების მიერ სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე კიბერშეტევებისა და კიბერსადაზვერვო ოპერაციების განხორციელება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა ვითარების მონიტორინგს და შესაბამის ღონისძიებებს ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების, აღკვეთის, ასევე მათგან მომდინარე უარყოფითი შედეგების შემცირება-განეიტრალების მიმართულებით. გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად აღკვეთილ იქნა „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება. 2018 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდებოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაწესებული იყო მუდმივი მონიტორინგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დამრღვევ პირთა გამოვლენისა და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. აღნიშნული მიმართულებებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 9 საქმეზე. საანგარიშო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ძალების მხრიდან განხორციელებული სხვა არაკანონიერი ქმედებების გარდა, ადგილი ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების ფარული ოპერაციების ჩასატარებლად გამოყენების მცდელობებს. აღნიშნული რეგიონებიდან მომდინარეობდა პროვოკაციული და დესტრუქციული ხასიათის ქმედებების ინსპირირებისა და დესტაბილიზაციის კერების შექმნის საფრთხე. გასულ წელს გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გარკვეული ქმედებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიმართულებით. უცხო ქვეყნებზე ორიენტირებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების გამოყენებით მიმდინარეობდა სამოქალაქო საზოგადოებას, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს შორის ნდობისა და ურთიერთთანამშრომლობის შემცირების პროცესის ხელშეწყობა. მუდმივი დაპირისპირების პროვოცირების მცდელობის ფონზე საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებით ხდებოდა ჯანსაღი გეოპოლიტიკური ხედვის მიმართ ნეგატიური განწყობების შექმნა. საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა უცხო ქვეყნების მიერ საქართველოში არსებული ეკონომიკური ბერკეტების საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საფრთხე. უცხო ქვეყნების კომერციული ორგანიზაციები ცდილობდნენ, მათ ხელთ არსებული ეკონომიკური შესაძლებლობები ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარებით მანიპულირებისთვის გამოეყენებინათ. 2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის მიმართულებით. ქვეყნის თავდაცვის სისტემის ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოების პროცესში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტიურ ინტერესს იჩენდნენ თავდაცვის სფეროში არსებული ვითარების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების მიმართ. აღნიშნული მიმართულებით სამსახურის მიერ ტარდებოდა შესაბამისი კონტრდაზვერვითი ღონისძიებები. საანგარიშო პერიოდში კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სახელმწიფო ორგანოებში საიდუმლოებისა და უსაფრთხოების რეჟიმის დაცვას. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით, მისი ქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული მოთხოვნების საფუძველზე, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვისა და კონტროლის, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მხრიდან ობიექტებზე აგენტურის ჩანერგვის, ტექნიკური შეღწევისა და სხვა ნეგატიური ქმედებების გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით სარეჟიმო ობიექტებზე აქტიურად ხორციელდებოდა კონტრდაზვერვითი ღონისძიებები, პერმანენტულად ხდებოდა უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა და პერსონალის ცნობიერების ამაღლება. აღნიშნული მიმართულებით 2018 წელს 77 ორგანიზაცია-დაწესებულებაზე გაიცა სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება, ხოლო ოთხს უარი ეთქვა გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის გათვალისწინებით. სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების მსურველ 3200-მდე ფიზიკურ პირზე განხორციელდა შემოწმების პროცედურა. 600-მდე პირზე განისაზღვრა ნატო-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების მიზანშეწონილობის საკითხი. 300-მდე პირს სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებულებიდან გაეწია მეთოდურ-ორგანიზაციული დახმარება საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლო რეჟიმის დაცვის კუთხით. ზემოაღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით საანგარიშო პერიოდში სამსახურის მხრიდან მუდმივად მიმდინარეობდა ოპერატიული ვითარების მონიტორინგი და წინმსწრები ინფორმაციის მოპოვება. განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა საფრთხეების დროულად გამოვლენაზე და მათი განეიტრალების მიზნით ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებები. მუდმივად ხდებოდა შესაბამისი უწყებებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების დროული ინფორმირება. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიგრაციის არხების მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ კვლავ მაღალია საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოში სხვადასხვა სტატუსით დაფუძნების მსურველთა რიცხვი. ხშირ შემთხვევაში თანამემამულეების ან საქართველოს მოქალაქეების დახმარებით უცხოელები ახერხებენ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და ითხოვენ სხვადასხვა სამართლებრივი ფორმით საქართველოში დარჩენის ნებართვის გაცემას. სამსახურის მიერ გამოვლენილ იქნა 1200-მდე პირი, რომლებიც ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე ცდილობდნენ საქართველოში ლეგალური ცხოვრების უფლების მოპოვებას. აღნიშნული პირების ქვეყნიდან გაძევების, ასევე ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით უსაფრთხოების სამსახური აქტიურად და კოორდინირებულად მოქმედებდა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ერთად. სამსახური 24-საათიან რეჟიმში ახორციელებდა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადაადგილების მონიტორინგს. ქვეყანაში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე არ იქნა შემოშვებული უცხო ქვეყნის 139 მოქალაქე. 2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 21 საქმეზე. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 48 პირი“, - ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)