01:23 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-01 11:37:41, 1782 ნახვა

სამართალი
ინსპექტორი - სკოლებში არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების კანონის დარღვევით დამუშავების ფაქტები გამოვლინდა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა, 2018 წელს 8 საჯარო სკოლის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება შეისწავლა.

როგორც ინსპექტორის ანგარიშშია აღნიშნული, შესწავლის შედეგად მონაცემთა კანონის დარღვევით დამუშავების არაერთი ფაქტი გამოვლინდა.

„არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაციას განსაკუთრებული დაცვა სჭირდება. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ სკოლებს, სადაც მოსწავლეების შესახებ მოცულობითი და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები ინახება, ვინაიდან ამ მონაცემების კანონის დარღვევით დამუშავებამ, მით უფრო გამჟღავნებამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვნის შემდგომ ცხოვრებაზე, შეზღუდოს მისი პირადი ცხოვრებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებები.

გასულ წელს მოქალაქეთა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მომართვის საფუძველზე ინსპექტორის აპარატმა შეისწავლა 8 საჯარო სკოლის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება და გამოვლინდა მონაცემთა კანონის დარღვევით დამუშავების არაერთი ფაქტი:

ინსპექტორის მიერ შესწავლილი ერთ-ერთი საქმე შეეხებოდა ძალადობის მსხვერპლ ბავშვს, რომლის მშობელსაც დამცავი ორდერის საფუძველზე აეკრძალა ბავშვთან კომუნიკაცია და მიახლოება. ბავშვი ცხოვრობდა თავშესაფარში და მას მზრუნველობას უწევდა სახელმწიფო. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნიეს მისი საცხოვრებელი ადგილის (ქალაქის) და სკოლის შეცვლა. მიუხედავად ამისა, მშობელმა შეიტყო მისამართი და გამოცხადდა სკოლაში. შესწავლის ფარგლებში დადგინდა, რომ სკოლამ, სადაც თავდაპირველად სწავლობდა ბავშვი, ვერ უზრუნველყო მობილობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა. კერძოდ, სკოლამ არაუფლებამოსილ მასწავლებელს, ფოსტის სერვისცენტრში ჩასაბარებლად, დაულუქავი ფორმით გადასცა მოსწავლის დოკუმენტაცია.

მოსწავლის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებამ მნიშვნელოვნად დააზიანა ბავშვის ინტერესები, საფრთხე შეუქმნა მის ფიზიკურ უსაფრთხოებას. სკოლა ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად. ინსპექტორის დავალების საფუძველზე სკოლამ მიიღო სხვადასხვა ორგანიზაციულტექნიკური ზომები, კერძოდ: გამართა შეხვედრა სკოლის ყველა თანამშრომელთან, მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; განამტკიცა კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპი სკოლის შინაგანაწესში; შეიძინა შესაბამისი კონვერტები და დაადგინა კორესპონდენციის კურიერის მეშვეობით და დახურული ფორმით გაგზავნის პროცედურა.

ერთ-ერთმა მშობელმა ინსპექტორს აცნობა, რომ საჯარო სკოლამ ჟურნალისტს გადასცა მისი არასრულწლოვანი შვილის პერსონალური მონაცემების შემცველი განცხადება, რომელიც მოსწავლის თანაკლასელებთან კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას შეიცავდა. დადგინდა, რომ ჟურნალისტს განცხადება გააცნო სკოლის დირექტორმა და ნება დართო, მისთვის ფოტო გადაეღო, ჟურნალისტმა კი მიღებული მასალა სტატიის სახით გამოაქვეყნა. სკოლა ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, დაეკისრა ჯარიმა და მიეცა დავალებები შემდგომში დარღვევების პრევენციისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებით, არასრულწლოვანი პირების პერსონალური მონაცემების დამუშავებისას:

­ორგანიზაციებმა უნდა გაითვალისწინონ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები და მისი აზრი, ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად;

­საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მუდმივად უნდა იზრუნონ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებაზე;

­არასრულწლოვნის მონაცემების დამუშავებისას დარღვევათა პრევენციისა და მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, ორგანიზაციამ აწარმოოს მონაცემთა დამუშავების პროცესის ჯეროვანი მონიტორინგი და მოახდინოს ადეკვატური რეაგირება გამოვლენილ დარღვევებზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics