2015-06-18 19:31:52, 354 ნახვა
პოლიტიკა
ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თაობაზე ორმხრივ ქარტიას მოეწერა ხელი
საქართველოსა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, თამარ ბერუჩაშვილმა და ლინას ლინკევიჩუსმა, ბათუმში, ყოველწლიური კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ქარტიას მოაწერეს ხელი.
ქარტია მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაში ინტეგრაციის მიზნით ლიტვის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის გაძლიერებას.
ქარტიაში აღნიშნულია, რომ მხარეები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის „აღმოსავლეთ პარტნიორობის” განვითარება, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაცია, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება და ა.შ.
ქარტიის მიხედვით მხარეები თანხმდებიან ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ მთელ რიგ საკითხებში, მათ შორის ლიტვა მზად არის გამოყოს ექსპერტული დახმარება ასოციაციის შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, იმპლემენტაციის მიზნით, ასევე დახმარება გაუწიოს საქართველოს ადმინისტრაციული და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარებაში.
ქარტიის მიხედვით მხარეები თანხმდებიან მჭიდროდ ითანამშრომლონ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიზნის მისაღწევად. კერძოდ, ლიტვა მზადყოფნას გამოთქვამს გაზრდოს საქართველოსთვის ორმხრივი პრაქტიკული დახმარება, განსაკუთრებით წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავების, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის რეალიზაციასა და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
ქარტიის საფუძველზე საქართველოსა და ლიტვას შორის რეგულარულად გაიმართება ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის სხდომები.
ბათუმის კონფერენციის ფარგლებში მინისტრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს.
ასევე, გაიმართა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს თავდაცვის მინისტრთან თინათინ ხიდაშელთან და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან დავით ბაქრაძესთან. განსახილველ საკითხებს შორის იყო ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და უსაფრთხოების მდგომარეობა რეგიონში. ბუნებრივია, განხილულ იქნა რიგის „აღმოსავლეთ პატნიორობის" სამიტის შედეგები და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური დღის წესრიგი.
გარდა ოფიციალური შეხვედრებისა, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ქუთაისში, სადაც მან ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და კადეტთა ლიცეუმის მსმენელთათვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზა - მიღწევები და გამოწვევები". მინისტრმა ბათუმში მოინახულა ლიტვური ინვესტიციებით განხორციელებული პროექტები და გახსნა ლიტვის საპატიო საკონსულო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან