|
2019-02-21 17:26:25, 1039 ნახვა
კომენტარი
გოგიჩაიშვილი თანაგუნდელებს - მომეცით გარანტია, რომ სასამართლოს ამ ჯგუფს ხელში არ ჩაუგდებთ და დღესვე დავტოვებ პარლამენტს
„იმედი მაქვს, დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას იმ პასუხისმგებლობით, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი გრძნობს საკუთარი თავის, სინდისის და იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ჩვენი აქ ყოფნის მთავარი გარანტორები არიან“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა თანაგუნდელებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების შესახებ კანონპროექტზე მსჯელობენ. გოგიჩაიშვილმა გაიხსენა, თუ როგორ განვითარდა პროცესები მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით და კოლეგებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „ვფიქრობ, ძლიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. ყველაფერში უნდა გავერკვეთ - ფასეულობების ხაზში, სახელმწიფოებრივ ხედვაში, სად ვართ როგორ ვართ, აქამდე როგორ მოვედით და ხვალ და ზეგ რას ვაპირებთ. ეს დღე ჩემთვის მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბევრმა ადამიანმა არჩევანი უნდა გავაკეთოთ, სად ვიდექით, სად ვდგავართ და სად დავდგებით ხვალ. მე მინდა ვისაუბრო პარლამენტის როლზე და იმ ფასეულობებზე, რა ფასეულობითაც დღევანდელი მემკვიდრეობაა ეს პარლამენტი, უმრავლესობას ვგულისხმობ. ეს არის პირველი ოქტომბრის მონაპოვარი. რომ გავყვეთ, რა პროცესები იყო და რა პროცესები შემოგვთავაზა სასამართლომ და როგორი შეურაცხყოფა აყენა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს, როგორ დააკნინა მისი როლი. დავიწყებ იმ დღით, როდესაც იუსტიციის საბჭომ გადაწყვიტა 10 უვადო მოსამართლე გამოეგზავნა. ჯერ თვითონ უცნაურად წარმოადგინეს საკუთარი თავები, ერთ-ერთი გამომსვლელი იყო, თუ არ ვცდები იუსტიციის საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელი, ჯერ ხალხს მოუწოდებდა, რომ სასამართლოში პრობლემებია და მე ვარ მხსნელიო. შემდეგ შემოვიდა ეს სია. 3 საათზე უნდა დანიშნულიყო ბიურო, დაველოდეთ წერილს და დავნიშნეთ 6 საათზე. შემოვიდა ადმინისტრაციულ ორგანოში ფარატინა ქაღალდი, დამტკიცების, დასაბუთების გარეშე და ეს ბიურომ მიიღო. მერე სამდღიანი ვადის განმავლობაში, ითხოვდნენ რომ ჩატარებულიყო იურიდიული კომიტეტის სხდომა და დარწმუნებულები იყვნენ, რომ გახდებოდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. იურიდიული კომიტეტი რომ არ ჩატარდა, ეს იმიტომ მოხდა რომ ეკა ბესელია გადადგა თავმჯდომარეობიდან მაგრამ არ ვარ დღეს დარწმუნებული, რომ ეს საკითხი რომ პლენარულ სესიაზე არ გასულიყო, ეს მოსამართლეები დღეს არ იქნებოდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. მერე რა მოხდა მეგობრებო, მოსამართლეებმა გაიხადეს მანტიები და თქვენს კოლეგებს დაუწყეს პირდაპირ ეთერში ლანძღვა. არცერთხელ არ დაუჭერია პარლამენტს მხარი საკუთარი კოლეგებისთვის. მერე მივიღეთ ის პროცესი, როდესაც ჩვენ შევთავაზეთ იუსტიციის საბჭოს, რომ თუ გინდათ ნდობა გაიზარდოს თქვენს მიმართ, შეაჩერეთ უვადოდ დანიშვნის პროცესი, მათ არ შეაჩერეს“, - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა. დეპუტატის თქმით, ამის შემდეგ უმრავლესობა შეთანხმდა, რომ თუ ამ პროცესს საბჭო არ შეაჩერებდა, ახალი ინიციატივით წარდგებოდნენ და წინააღმდეგი არავინ ყოფილა. „არც ერთ თქვენთაგანს, ვინც დღეს ანტიკონსტიტუციურობაზე საუბრობთ, არ გამოგითქვამთ იმის პრეტენზია, რომ ეს არ არის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან, უფრო მეტიც, თანხმობა იყო რომ ამაზე გვემსჯელა. ჩვენ შემდეგ დავწერეთ ეს კანონპროექტი და შემოგთავაზეთ განხილვა, რაც არ მომხდარა. დღეს ჩვენ ეს გამოვიტანეთ პარლამენტის სესიაზე და ვფიქრობთ, ეს არის ერთადერთი გამოსავალი იმ ჩიხური სიტუაციიდან, რომელშიც ჩვენ ნებსით თუ უნებლიედ სასამართლოს ვაგდებთ. ვინ სვამს კითხვის ნიშანს, რომ ჩვენ არ გვინდა სასამართლოს დამოუკიდებლობა. ჩვენ გვინდა ეს უბრალოდ ვერ წარმოგვიდგენია ჩინჩალაძეთი და გვრიტიშვილით. არ მუშაობს არც პოლიტიკურად, არც მორალურად, არც ზნეობრივ ეს აქსიომა, რომ „ცუდები იყვნენ და კარგები გახდნენ“, ასე არ შენდება სახელმწიფოები. სახელმწიფოები შენდება მორალზე და სიძლიერეზე, ადამიანების გამბედაობაზე, სიქველეზე, ერთმანეთის პატივისცემაზე. მშიშარი, დამონებული ადამიანები ვერ აშენებენ სახელმწიფოებს და დამოუკიდებელი სასამართლო გინდათ შექმნან ადამიანებმა, რომელიც შეარჩია ადეიშვილმა სპეციალურად საუკეთესო უნამუსოებში, რომელიც ყავდა იმ რეჟიმს. ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე ხელს აწერდნენ, ადამიანები გააუბედურეს, გახრწნეს, ცხოვრება დაუქციეს, ოჯახები დაუნგრიეს, ზოგი დაცოხეს, ხოგი ციხეში 30 წლით გაუშვეს. თქვენ დღეს მე მეუბნებით, რომ რაც ამათმა აკეთეს, იმის გამო რომ დღეს მე ხელისუფლებაში ვარ მისაღებია?! ეს არ არის ჩემთვის მისაღები, მე ამ პრინციპით არ მოვსულვარ ხელისუფლებაში. მე როცა ამომრჩევლებს ვარწმუნებდი, ჩემთვის ხმა მოეცათ, არ ყოფილა ფუნდამენტური პრინციპი, რომ ოღონდ ეხლა ხმა მომეცით და შევირგებ ამ მანდატს. მე მწამს ამ ქვეყნის, დემოკრატიის, ამ ფასეულობების მწამს, ესეთი შევიქმენი, ამით ვიცოცხლე და ამის გამო ბევრი რამე გადავდე. დღეს რომ მეუბნებით, ეს არ არის ის რაც შენ გგონიაო, ეს ჩემთვის წყალგამყოფია. დღევანდელი კენჭისყრა რა თქმა უნდა წყალგამყოფია“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მარტო დარჩა, რადგან ამომრჩეველი მის გადაწყვეტილებებს აღარ ეთანხმება. „კანონებს ვიღებთ, სადაც არავინ აღარ გვეთანხმება, აღარავინ ჩვენსკენ აღარ არის და მარტონი ვართ პირდაპირი მნიშვნელობით. ამ იდეას მხოლოდ მხარს უჭერს იუსტიციის საბჭოს წევრი და რამოდენიმე ჩვენი კოლეგა. არ არის ეს კარგი. ამომრჩეველმა იმიტომ ამირჩია რომ მათი პოლიტიკა ვაწარმოო. ძალიან მაინტერესებს სად მოისმინეთ ჩვენს ამომრჩეველში ის, რომ „ის კაცი ცუდი იყო ახლა კარგი გახდა“ , ვინმე ეთანხმება ჩვენ ამომრჩეველში ამ ფრაზას? არავინ. ამიტომ პრინციპული გადაწყვეტილება არის მისაღები და ძალიან გთხოვთ, ეს არ არის პირადული საკითხი, ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოს საქმეზე, მის მომავალზე. უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომლის ირგვლივაც არის საერთო სახალხო კონსენსუსი. დიდი იმედი მაქვს, რომ დეპუტატები დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას იმ პასუხისმგებლობით, რომელსაც დარწმუნებული ვარ თითოეული ჩვენთაგანი გრძნობს საკუთარი თავის, სინდისის და იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც არიან მთავარი გარანტორები ჩვენი აქ ყოფნის. გარანტია მივცეთ ერთმანეთს, რომ იქნება სასამართლო დამოუკიდებელი და ამ ჯგუფს ხელში არ ჩაუგდებთ და დღესვე დავტოვებ პარლამენტს, ოღონდ ეს გარანტია არსებობდეს. თუმცა, ეს გარანტია არ არის იმიტომ, რომ ტესტია დღევანდელი გადაწყვეტილება და ძალიან გთხოვთ, სწორად შევაფასოთ შექმნილი რეალობა და გადავდგათ ნაბიჯი ჩიხიდან გამოსასვლელად“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)