23:20 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 11:19:55, 1062 ნახვა

საზოგადოება
ზოოპარკის პრესსამსახური: ყველა მომვლელს ვესაუბრეთ და არც ერთს არ უთქვამს ის, რასაც "The Guardian" აქვეყნებს

თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მზია შარაშიძე არ ადასტურებს   "The Guardian"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მომვლელები პოლიციის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებს გადაჭარბებულ რეაქციაში და ცხოველების არასაჭირო დაცხრილვაში ადანაშაულებენ.

როგორც შარაშიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ცხოველების ლიკვიდირებასთან დაკავშირებით ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება. მისივე განმარტებით, ექსპერტიზა დაადგენს, თუ რა პირობებში მოხდა მტაცებელი ცხოველების მოკვდინება.   მანამდე კი, მზია შარაშიძეს რაიმე შეფასების გაკეთება სწორად არ მიაჩნია. ამასთან, ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ როდესაც ღამით რამდენიმე მტაცებელი ცხოველი დახოცეს, ნამდვილად ემუქრებოდა საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობას, ვინაიდან ცხოველები მაგისტრალზე ასვლას სცდილობდნენ, სადაც საცობის გამო, უამრავი ადამიანი იმყოფებოდა.

"ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში. ძალიან ძნელია რაღაც შეფასების გაკეთება იმიტომ, რომ ამას გაარკვევს სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამ საქმეზე იმუშავებს, თითოეული ცხოველის გარადცვალების მიზეზი გაირკვევა მას შემდეგ, რაც ვეტექიმები მას შეამოწმებენ და ნახავენ, თუ რა პირობებში მოხდა მათი ლიკვიდაცია. ვერ გეტყვით, რომ პოლიციელების მხრიდან ცხოველების არასაჭირო დაცხრილვა მოხდა, რადგან ღამე იყო აქ, ნამდვილად მოხდა რამდენიმე ცხოველის ლიკვიდაცია, რომელიც მაგისტრალზე სცდილობდა ასვლას და მაგისტრალზე იყო  საცობი, იმყოფებოდნენ ადამიანები და რამდენიმე ვეფხვი და ლომი ღამის განმავლობაში იქნა ლიკვიდირებული, იქვე იქნენ ეს ცხოველები ნაპოვნი, ანუ მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც ნამდვილად ასე იყო და ამის აუცილებლობა არსებობდა, რადგან საფრთხე ემუქრებოდა ადამიანების  ჯანმრთელობას. რაც შეეხება სხვა ცხოველებს, მათი გამოტანის პარალელურად ხდება ცხოველების დათვალიერება-შემოწმება, სპეციალური ექსპერტიზა შემდეგ დაადგენს, რა პირობებში მოხდა თითოეული მათგანის დაღუპვა",-განუცხადა მზია შარაშიძემ "ექსპრესნიუსს".

შარაშიძე ასევე არ ადასტურებს თბილისის ზოოპარკის მომვლელებზე დაყრდნობით, გაზეთის მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ინფორმაციას, თითქოს  რამდენიმე პოლიციელი დახოცილ მტაცებლებთან იარაღით პოზირებდა, სურათებსა და სელფებს იღებდა.

შარაშიძის თქმით, მსგავსი ფოტოები მას არ უნახავს და შესაბამისად, მტკიცებულების გარეშე ვერავის ვერაფერს დააბრალებენ.

ამასთან, შარაშიძე აღნიშნავს, რომ მომვლელებს ყველას ესაუბრა და მათაც იგივე პოზიცია აქვთ, რაც მას.

"ექსპრესნიუსის" კითხვაზე-რომელიმე მომვლელმა გითხრათ თუ არა იგივე, რაც განუცხადეს "The Guardian"-ს, შარაშენიძემ აღნიშნა, რომ "არა"

"ამ ჟურნალისტს გუშინ მეც ვესაუბრე, დაგვისვა მან იგივე შეკითხვა, მე ვუთხარი, რომ  ფოტოები ნანახი არ მაქვს. ამიტომ, ვერც დავადასტურებ ამ ინფორმაციას ნამდვილად.კიდევ ერთხელ ვამბობ, ფიზიკურად არ მინახავს ეს ფოტოები და არც პროცესს შევსწრებივარ.  ჩვენ მომვლელებთან ყველასთან გასაუბრებული ვართ და ყველას ეს პოზიცია აქვს, რაზეც ვსაუბრობ, რადგან ყველანი აქ ვიმყოფებოდით. თქვენ ვერც წარმოიდგენთ იმ ღამეს რა ხდებოდა, როცა ტბა იდგა ზოოპარკის ტერიტორიაზე, მიტომ, დაზუსტებით რაიმეს თქმა შეუძლებელია, ბრალს ვერავის ვერ დავდებთ, სანამ მტკიცებულება არ იქნება რაღაცის. ჩვენთვის რომელიმე მომვლელს არ უთქვამს ის, რასაც გაზეთი წერს",-განაცხადა მზია შარაშიძემ.

ქართულ პოლიციას თბილისის ზოოპარკიდან წყალდიდობის დროს გაქცეული ცხოველების არასაჭირო დაცხრილვაში ადანაშაულებენ, - მასალას ასეთი სათაურით "The Guardian" აქვეყნებს

გაზეთის ინფორმაციით, პოლიციის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებს გადაჭარბებულ რეაქციაში და ცხოველების დაცხრილვაში ადანაშაულებენ, მაშინ როდესაც ამის საჭიროება არ იყო.

როგორც თბილისის ზოოპარკის მომვლელებმა გაზეთს განუცხადეს, რამდენიმე პოლიციელი დახოცილ მტაცებლებთან იარაღით პოზირებდა, სურათებსა და სელფებს იღებდა.

"ჩემ თვალებს ვერ ვუჯერებდი. ეს მათთვის ტროფეი იყო", - განაცხადა ერთ-ერთმა ატირებულმა მომვლელმა, რომელმაც "გარდიანს" მისი ანონიმურობის დაცვა სთხოვა.

მისივე თქმით, მათ ერთ-ერთი მგლის ტრანკვილიზატორებით დაძინება მოახერხეს, თუმცა შემდეგ პოლიციელი მოვიდა და მოკლა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, ზოოპარკში ბინადრების 50%-ზე მეტია დახოცილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics