კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს „ექსკურსია თეატრებში“ იწყებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გაუძღვნენ.
როგორც პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, პროეტის ფარგლებში, 13–დან–15 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებს, საშუალება ექნებათ სასურველ თეატრს ესტუმრონ, დაათვალიერონ სცენა, საგრიმიორო, კულისები, რადისტრის (ხმის რეჟისორი) და გამნათლებლის ოთახები. აგრეთვე დეკორაცია და თეატრალური კოსტიუმები. სკოლის მოსწავლეები გაეცნობიან თეატრის არქივს და ისტორიას, დაესწრებიან რეპეტიციას, პირადად შეხვდებიან თეატრის რეჟისორებსა და ისტორიას, სპექტაკლებზე კი 50%–იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
პროექტის პირველ ეტაპზე ერთვება სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი (სსიპ) 11 თეატრი: მესხეთის დრამატული თეატრი, რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი, თბილისის გ. მიქელაძის თოჯინების თეატრი, გრიბოედოვის თეატრი, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, რუსთაველის თეატრი, ასევე ჩრდილების სახელმწიფო თეატრი, ჰეიდარ ალიევის აზერბაიჯანული პროფესიული დრამატული თეატრი, პეტროს ადამიანის სომხური დრამატული თეატრი, ვასო აბაშიძის სახელობის მუსკომედიისა და დრამის თეატრი.
„თეატრებს ცხადია უზარმაზარი ისტორია აქვთ, საჩვენებელიც ბევრია. სპექტაკლების გარდა, თვითონ შენობებიც ძალიან საინტერესოა, კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ნიმუშებია. პროექტის მიზანი კი ის არის, რომ ახალგაზრდებში თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია მოხდეს. პატარა ასაკიდან თეატრის მიმართ ინტერესი გაღვივდეს. პროგრამაში 11 თეატრია ჩართული, თუმცა წლის განმავლობაში პროგრამა ყველა თეატრს მოიცავს“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
ამასთან, თამარ სანიკიძის თქმით, სკოლებში თეატრის კომპონენტი არსებობდა, თუმცა ის, მხოლოდ სპექტაკლებზე დასწრებით შემოიფარგლებოდა.
„ახლა ჩვენ ვცვლით მიდგომებს. ჩვენ მათ თეატრალური, მსახიობის, ტექნიკური ჯგუფების ცხოვრებით ვაინტერესებთ“, – აღნიშნა სანიკიძემ.
მისივე შეფასებით, აღნიშნული პროექტი სკოლის მოსწავლეებს პროფესიის არჩევის კუთხითაც დაეხმარება.
„ჩვენ სკოლაში პროფესიული კარიერის დამკვიდრებას ვახორციელებთ. შესაბამისად თუ ინტერესი გაიღვიძებს ასეთი სპეციალობებისა და ასეთი მიმართულებების მხრივ, ეს იქნება ძალიან მისასალმებელი, რადგან სახელმწიფოს შემდეგ უკვე შეუძლია შესთავაზოს პოტენციურ სტუდენტებს და აბიტურიენტებს განათლება, როგორც პროფესიული, ასევე უმაღლესი განათლების დონეზე“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
გარდა ამისა, როგორც პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, 2014 წელს კულტურისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი პროექტი „კინო სკოლაში“ წარმატებით განხორციელდა და მოთხოვნადი გახდა.
მიხეილ გიორგაძეს თქმით, „კინო სახლში“ საპილოტე პროექტი იყო, რომელიც 40 სკოლაში განხორციელდა.
„წელს კი, ამ პროექტში ჩართვა 400–ზე მეტმა სკოლამ მოითხოვა. ცხადია ეს ყველაფერი, როგორც ფინანსურ, ასევე ადამიანურ რესურსებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროექტში, 200 სკოლას დავამატებთ, საიდანა 40 მაღალმთიანი რეგიონებიდან იქნება“, – აღნიშნა გიორგაძემ.
ცნობისთვის, თეატრში ექსკურსიის დასაგეგმად დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება აქვთ, ვებ გვერდზე – http://www.culture.gov.ge აირჩიონ სასურველი დანიშნულება, გაეცნონ შემოთავაზებულ სერვისებს, შეავსონ განაცხადი და დაგეგმონ ექსკურსია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან