|
2018-11-23 13:08:20, 1313 ნახვა
სამართალი
კომისიამ „რუსთავი 2“ წერილობით გააფრთხილა, „ობიექტივს“ კი, ფინანსური ჯარიმა დააკისრა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2" წერილობით გააფრთხილა, ხოლო ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს" ფინანსური ჯარიმა დააკისრა. კომისიის ცნობით, სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2"-მა ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე და საპრეზიდენტო არჩევნების მერე ტურის დანიშვნამდე ეთერში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა განათავსა. „მაუწყებელს კანონით პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება არ ჰქონდა, ვინაიდან ცესკოს მიერ ჯერ არ იყო დადგენილი მეორე ტურში რომელი საარჩევნო სუბიექტები გადავიდნენ და როდის ჩატარდებოდა არჩევნები“, - აცხადებენ კომისიაში. რაც შეეხება „მედია -კავშირ ობიექტივს", კომისიის ინფორმაციით, მაუწყებელმა ეთერში სოციალური რეკლამის სტატუსით პოლიტიკური შინაარსის რეკლამა განათავსა, რითაც მაუწყებლობის შესახებ კანონი დაარღვია. „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 105-ე მუხლის თანახმად, თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური, რომელსაც განკარგულებით ნიშნავს ცესკო. მაუწყებლებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე და მერე ტურის დანიშვნამდე პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება არ ჰქონდათ 2018 წლის 30 ოქტომბერს კომისიის მიერ გაგზავნილი წერილით ეცნობათ. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი ვერ იღებს ხმების საჭირო რაოდენობას, კომისია მაუწყებლებს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებს ახსენებს და წერილს უგზავნის. მიუხედავად აღნიშნული წერილის გაგზავნისა, ,,რუსთავი 2"-მა პოლიტიკური რეკლამა ეთერში მაინც განათავსა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებულმა მედია მონიტორინგმა გამოავლინა, რომ 2018 წლის 10 და 11 ნოემბერს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-მა ეთერში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამები განათავსა, რომლებიც საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის არჩევნებისთვის მხარდაჭერას და პრეზიდენტობის ერთ -ერთი კანდიდატის არჩევნისთვის ხელის შეშლას ემსახურებოდა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამების განთავსების უფლება-მოვალეობა მაუწყებელს 14 ნოემბერს ცესკოს მიერ არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის განკარგულების გამოცემის შემდეგ წარმოეშვა. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის მიერ არასათანადო რეკლამის განთავსებითა და პოლიტიკური პარტიის მხრიდან დაფინანსების მიღებით დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, 661 მუხლის პირველი პუნქტი და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი. გამომდინარე იქიდან, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავს სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია, კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებულმა მედია მონიტორინგმა ასევე გამოავლინა, რომ 2018 წლის 7 ნოემბერს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის" ეთერში სოციალური რეკლამის სახით განთავსდა პოლიტიკური შინაარსის რეკლამა, სარეკლამო რგოლებში ისმოდა მოწოდება დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შესახებ, ხოლო ერთ-ერთი რგოლი მიმართული იყო სხვა საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევის ხელის შეშლისკენ. ვინაიდან მაუწყებელმა სოციალური რეკლამის სტატუსით ეთერში გაავრცელა პოლიტიკური შინაარსის რეკლამა, რითაც მან დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი. გამომდინარე იქედან, რომ „მედია -კავშირ ობიექტივს" ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევა უკვე ჰქონდა დაფიქსირებული მას ამჯერად ფინანსური ჯარიმა დაეკისრა“, - ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მეუფე ნიკოლოზი - კანდიდატი კი იქნება მოსაყდრე, მაგრამ რამდენ ხმას მოაგროვებს, ამ წუთას არავინ არ იცის
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)