14:46 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-22 12:43:44, 1684 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სააკაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ადვოკატი სააკაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას ითხოვდა.

"თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით და იარაღის გამოყენებით და 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას გულისხმობს. საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მიხეილ სააკაშვილს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით და 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ვალერი გელაშვილის სტატია სათაურით „ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს“. სტატიაში ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილისგან მიიღო უარი. ამის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს. მიღებული დავალების შემდეგ ივანე მერაბიშვილმა მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ერეკლე კოდუას ორგანიზებით უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის დავალების ზედმიწევნით შესრულება, რომელიც განხორციელდა 2005 წლის 15 ივლისს. კერძოდ, სოდ-ის ოპერატიულმა თანამშრომლებმა და შეიარაღებული სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, ქ.თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას, მოახდინეს ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება, რის შემდეგაც თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს და მის თანმხლებ პირებს. ერეკლე კოდუას დავალებითა და სოდ-ის სამმართველოს უფროსის გიორგი სირაძის ხელმძღვანელობით, მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს ვალერი გელაშვილი, იარაღის კონდახებით სასტიკად სცემეს იგი და გაიტაცეს მის კანონიერ მფლობელობაში არსებული „Heckler Koch“-ის მარკის ცეცხლსასროლი იარაღი, ფულადი თანხა - 10 000 აშშ დოლარი და 50 000 ლარად ღირებული ბეჭედი. მიხეილ სააკაშვილის დავალებით განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად საქართველოს პარლამენტის წევრმა ვალერი გელაშვილმა მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის - ივანე მერაბიშვილის, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის - ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსის - გია სირაძის მიმართ", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლემ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ 28 ივნისს ცნო. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პროკურატურა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეს ედავება და მის ექსტრადიციას ითხოვს. აქედან ერთ-ერთ საქმეზე, კერძოდ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულთა შეწყალების საქმეზე 5 იანვარს ქართულმა სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მეუფე ნიკოლოზი - კანდიდატი კი იქნება მოსაყდრე, მაგრამ რამდენ ხმას მოაგროვებს, ამ წუთას არავინ არ იცის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics