|
2018-11-14 12:09:56, 1544 ნახვა
კომენტარი
კალაძე: რომელი ოპონენტის გონებაში მომწიფდა აზრი, ტოლობის ნიშანი დაესვა ნაძვის ხესა და შვილმკვდარი მამის პროტესტს შორის
დედაქალაქის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე აქციის ჩატარების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიას ზაზა სარალიძისთვის კარვის დადგმა არ აუკრძალავს. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიამ კანონის ფარგლებში იმოქმედა და შემდგომში ყველა დოკუმენტი გაასაჯაროვა, რათა საზოგადოება სწორად ინფორმირებული ყოფილიყო. „მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო, უკანასკნელ დღეებში თბილისის მუნიციპალიტეტის, მისი თანამშრომლებისა და პირადად ჩემს წინააღმდეგ წარმოებულ სრულიად უტიფარ, ცილისმწამებლურ პროპაგანდას, თითქოს თბილისის მერიამ, ზაზა სარალიძეს რუსთაველის გამზირზე პროტესტის გამოხატვის უფლება შეუზღუდა. ვიმეორებ, რომ ეს ძალიან დიდი ტყუილია. ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ ყველა მიმოწერა გავასაჯაროვეთ. პირველი - ნოემბრის დასაწყისში, ზაზა სარალიძემ მოგვმართა წერილით, რომ ჰქონდა სურვილი, აქციები 31 დეკემბრამდე გაეგრძელებინა. მუნიციპალიტეტის მხრიდან წერილს შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. ჩვენი კანონიერი ვალდებულება იყო, რომ პასუხი სამი დღის განმავლობაში გაგვეცა. რადგანაც, დედაქალაქის მერიას 15 დეკემბრიდან თვის ბოლომდე საახალწლო ღონისძიებები აქვს დაგეგმილი, ამის გამო, ვალდებული ვიყავით, პასუხი გაგვეცა, რაც წერილობით ასახული იყო და მოსახლეობას ესეც გავაცანით“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სიცრუის პროპაგანდას ოპონენტები და გარკვეული მედიასაშუალებები მიზანმიმართულად აწარმოებენ. „ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ჩემთვის ნამდვილად წარმოუდგენელია, რომელი ოპონენტის გონებაში მომწიფდა ეს აზრი, რომ შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშანი დაესვა საახალწლო ნაძვის ხესა და შვილმკვდარი მამის პროტესტს შორის და შემდეგ ეს ყველაფერი მერიისთვის გადმოებრალებინა. არ ვიცი სად იზრდებიან ეს ადამიანები, ან ოჯახი არ ჰყავთ, ან დედა, ან მამა?! რამდენიმე დღის წინ, პირდაპირ ეთერში საუბრობდნენ, რომ ნაძვის ხის დადგმის გამო, ზაზა სარალიძეს კარვების გაშლისა და პროტესტის გამოხატვის უფლებას არ აძლევენ. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი, პარტიული ტელევიზია. კონკრეტულად ამ ტელევიზიის ხელმძღვანელი საუბრობდა პირდაპირ ეთერში, რომ თითქოს, ჩვენ ვიყავით ამ ყველაფრის თავი და ბოლო. ეს კატეგორულად მიუღებელია, თუმცა პროპაგანდა, რომელსაც ისინი აწარმოებენ და მთელი მათი სარედაქციო პოლიტიკა დაფუძნებულია სიცრუეზე, შუღლზე. ეს მათი არჩევანია. ჩვენ არ გადავუხვევთ ჩვენ მიერ არჩეული გზიდან, რომელიც ადამიანის ღირსებაზე, საკუთარი ხალხის პატივისცემასა და ქვეყნის განვითარებაზე არის ორიენტირებული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე შესაბამის რეაგირებას ყოველთვის მოახდენს. „პირადად ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის და მთლიანად ჩვენი გუნდისთვის, ადამიანის ღირსება, მისი უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, არის უმთავრესი ფასეულობა, რომლის დაცვის გარანტიც, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ყოველთვის ვიქნებით. არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ და ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ. ჩვენ ყოველთვის მოვახდენთ ამაზე რეაგირებას და მოსახლეობას ყოველთვის სრულყოფილ ინფორმაციას მივაწოდებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
(NS)
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)