|
2015-06-10 18:42:46, 338 ნახვა
პოლიტიკა
IDFI უკანასკნელ წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ IDFI უკანასკნელ წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებისათვის გაწეული ხარჯების თაობაზე მონაცემებს აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2014 წელს შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ყველაზე მაღალი ნიშნული ფიქსირდება 1 296 186 185 ლარი, რაც დაახლოებით 109 მილიონი ლარით აღემატება 2013 წლის შრომის ანაზღაურებაზე დახარჯულ თანხებს, ხოლო 247 მილიონი ლარით 2012 წლის მაჩვენებელს. "მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით გარკვეულწილად შემცირებულია როგორც გაცემული სარგოების ასევე პრემიების ოდენობა, შრომის ანაზღაურების საერთო ზრდა, განპირობებულია სახელფასო დანამატებისა და წოდებრივი სარგოების მნიშვნელოვანი მატებით. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელთან შედარებით 2014 წელს გაცემულია დაახლოებით 20 მილიონი ლარით ნაკლები პრემია, მკვეთრად იმატა სახელფასო დანამატის გაცემის საერთო ოდენობამ და 2014 წელს აღნიშნული მუხლით საჯარო სამსახურში გაიცა დაახლოებით 57 მილიონი ლარით მეტი დანამატი ვიდრე 2013 წელს. ამავე დროს, უკანასკნელ წლებში შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს ფიქსირდება - 127 609 429 ლარი, რაც 2013 წელს შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემულ ანაზღაურებაზე 37 მილიონი ლარით მეტია",-ნათქვამია IDFI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 2014 წლის მიწურულს საქართველოში არსებული სავალუტო კრიზისის ფონზე, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებით ქამრების შემოჭერის პოლიტიკის წარმოება. IDFI დაინტერესდა, რამდენად აისახა 2015 წლის პირველ კვარტალში სამინისტროების თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებაზე ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკა. იმ სამინისტროების მიხედვით, რომლებსაც საკუთარ ვებ-გვერდზე პრაქტიულად უზრუნველყოფილი აქვთ თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების შესახებ კვარტალური ინფორმაციის განთავსება, ირკვევა რომ ხშირ შემთხვევაში 2015 წლის პირველ კვარტალში თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურება გაზრდილია 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. " მაგალითად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამდებობის პირებზე გაცემული შრომის ანაზღაურება 2015 წლის პირველ კვარტალში 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 222 573 ლარით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში - 129 203 ლარით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში - 33 478 ლარით, ხოლო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში - 30 358 ლარით. კვლევაში წარმოდგენილმა საქართველოს სამინისტროების, მათი დაქვემდებარებული უწყებების და დამოუკიდებელი საჯარო დაწესებულებების სახელფასო პოლიტიკის შესახებ ანალიზმა, ნათლად აჩვენა რომ საქართველოს საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების სისტემა კვლავაც საჭიროებს მნიშვნელოვან დარეგულირებას. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის 15 ივლისს საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა საჯარო დაწესებულებებში პრემიების გაცემის წესი, როგორც კვლევაში წარმოდგენილი IDFI-ის მიერ შესწავლილი პრაქტიკა, ისე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებები, ცხადჰყოფს იმ ფაქტს, რომ მთავრობის აღნიშნული დადგენილება ვერ უზრუნველყოფს პრობლემის სრულად მოგვარებას. აღნიშნული დადგენილებით, რეგულაციები დაწესდა მხოლოდ საჯარო სამსახურში არსებულ პრემიებზე, რამაც განაპირობა მთელ რიგ დაწესებულებებში პრემიების სახელფასო დანამატით ჩანაცვლების ტენდენცია. შედეგად, მთავრობის რეგულაციების ფონზე, სხვადასხვა დაწესებულებების მაგალითზე, სახეზე გვაქვს შემდეგი პრაქტიკა: სახელფასო დანამატების დაწესების ხარჯზე მთელი რიგი თანამდებობის პირების საშუალო ყოველთვიური შრომის ანაზღაურება უცვლელი დარჩა ან გაიზარდა. ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტული თანამდებობის პირის შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად აღემატება მისი ხელმძღვანელი თანამდებობის პირის შრომის ანაზღაურებას. სხვადასხვა უწყების ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებული თანამდებობის პირის შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან",-ნათქვამია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ საჯარო დაწესებულებების შრომის ანაზღაურების ფონდში პრემიებისა თუ სახელფასო დანამატების წილი იმ ნიშნულამდე უნდა იქნას დაყვანილი, რომ შესაძლებელი იქნას აღნიშნული ფონდიდან მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში განხორციელდეს თანამშრომელთა წახალისება. ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ: თანამშრომელთა წახალისება პრემიის სახით უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული დამსახურებებისათვის და საპასუხისმგებლო ფუნქციის შესრულებისათვის - მიღებული შედეგების გათვალისწინებით. ამასთან ინსტიტუტს ყოვლად გაუმართლებლად მიაჩნია თანამშრომელთა წახალისება კვარტალის დასრულებასთან თუ რომელიმე კონკრეტულ დღესასწაულთან დაკავშირებით. თანამშრომლებზე სახელფასო დანამატის გაცემა კონკრეტული მოხელის შემთხევაში უნდა უკავშირდებოდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებას, რომელიც გამოიანგარიშება თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემების დანერგვით. ამასთან, პრემიისა და სახელფასო დანამატის წილის შემცირებით წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე, სამართლიანობის პრინციპით, უნდა გაიზარდოს დასაქმებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები, რაც ხელს შეუწყობს დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნებას და მოზიდვას.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)