|
2018-10-16 16:47:56, 1084 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი: არასდროს გამილანძღავს ჩემი ოპონენტები - ჩემი ქარტია არის ჩემი ზრდილობა
ერთი ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ, ხელი მოაწერეს რაღაც ქარტიაზე იმის ნიშნად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, ერთი იდეოლოგიის მატარებლები არიან და თავს ვერ იკავებენ, ერთმანეთსაც ლანძღავენ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კასპში, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი აქტივისტი შეეცადა, სალომე ზურაბიშვილისთვის სიტყვით გამოსვლა შეეწყვეტინებინა, სცენასთან მივიდა და განაცხადა: „ეს არის ჩვენი ქვეყნის მტერი, ქვეყნის ჯაშუში". როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს „ნაციონალური მოძრაობის" წევრების ახალი ხელწერა არ არის. „ეს ადამიანები, რომლებიც დადიან ჩვენ შეხვედრებზე და არღვევენ ყველა წესს, არიან ჩამოყვანილები სხვა ქალაქებიდან. მათ არ აქვთ ბევრი სათქმელი, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა და ამიტომ მაინტერესებდა, როგორ გააგრძელებდა. დღეს, ასევე შემჩნეულია ყოფილი გამგებლის მოადგილე ანუ „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომელიც არღვევდა საარჩევნო წესებს და გარემოს. ეს არ არის ახალი, ეს არის იმ პარტიის ხელწერა, რომელმაც ვერ ისწავლა მოქცევა.თუ ვაცხადებთ, ევროპელობა გვინდა ან თუნდაც ქართველობა, რომელიც ზრდილობით იწყება, გარკვეული წესები დაცული უნდა იყოს. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე შემომთავაზეს, რომ ხელი მომეწერა ქარტიაზე, რომელიც თუ არ ვცდები ერთ-ერთი საელჩოს და ცესკო-ს ერთობლივი ინიციატივა იყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს აგვეღო ვალდებულება, კონკურენტებს ერთმანეთისადმი სიძულვილის ენა არ გამოგვეყენებინა. მე ამ ქარტიაზე ხელი არ მოვაწერე, რადგან არასდროს გამილანძღავს ჩემი ოპონენტები. ჩემი ქარტია არის ჩემი ზრდილობა, ქართველობა და დანარჩენების ხელმოწერები ჰგავს წარსულში საქართველოსადმი ისტორიულ ხელშეკრულებებზე რუსეთის ხელმოწერებს, მერე რომ არასდროს სრულდებოდა. როგორც მე ვუწოდებ, ერთი ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ, ხელი მოაწერეს რაღაც ქარტიაზე იმის ნიშნად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, ერთი იდეოლოგიის მატარებლები არიან, ვერ იკავებენ თავს და ერთმანეთსაც ლანძღავენ", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)