2015-06-10 11:07:56, 450 ნახვა
სამართალი
ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის არჩევა დღეიდან იწყება
სასამართლო ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის არჩევას იწყებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეისთვისაა ჩანიშნული.
როგორ ხდება ნაფიცი მსაჯულის კანდიდატთა სიის შედგენა-თითოეული სისხლის სამართლის საქმისათვის ამ საქმის განმხილველი მოსამართლე სამოქალაქო რეეტრის მონაცემთა ბაზიდან, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, მის მიერვე განსაზღვრული ბიჯის გამოყენებით, ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას 50 პირის შემადგენლობით.
როგორც აღვნიშნე, ნაფიცი მსჯაულების შესარჩევად, სასამართლოში ტარდება ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა, სადაც მსაჯულობის კანდიდატს შეუძლია მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა თვითაცილების შესახებ და მიუთითოს იმ გარემოებაზე, რაც მას ხელს შეუშლის ნაფიცი მსაჯულის უფლებამოსილების განხორციელებაში. თვითაცილება დასაბუთებული უნდა იყოს.
გარდა თვითაცილებისა, მხარეებსაც აქვთ უფლება იშუამდგომლონ მსაჯულობის კანდიდატის აცილების შესახებ.
ამასთან, მოსამართლე ყველა იმ გარემოებას ამოწმებს, რომელიც შეიძლება მსაჯულობის კანდიდატის აცილების საფუძველი გახდეს და მხარეებს საშუალებას აძლევს, შეკითხვები დაუსვან მსაჯულობის კანდიდატებს და წარადგინონ დამატებითი მასალები აცილების თაობაზე.
მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია სწორი და ამომწურავი პასუხი გასცეს მისთვის დასმულ შეკითხვებს, წარმოადგინოს სხვა აუცილებელი ინფორმაცია მისი პიროვნებისა და განსახილველი საქმის მონაწილეებთან მისი ურთიერთობის შესახებ, აგრეთვე ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას საქმის ობიექტურად და მიუკერძოებლად განხილვაში ხელი შეუშალოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, საქმეში მონაწილე მხარეებს უფლება აქვთ მოსამართლეს სთხოვონ ნაფიცი მსაჯულობის რამდენიმე კანდიდატის აცილება დასაბუთებული მიზეზით, რაც დაკავშირებულია მოსაზრებასთან, რომ მას არ შეუძლია იყოს კომპეტენტური, ყურადღებიანი, ან იმოქმედოს ნაფიცი მსაჯულის ფიცის (ციტირებულია ქვემოთ) შესაბამისად. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის აცილების თაობაზე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ან უკუგდება მოსამართლეზეა დამოკიდებული. დასაბუთებული მიზეზით ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის აცილების გარდა, მხარეებს უფლება აქვთ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი აიცილონ კონკრეტული მიზეზის დასახელების გარეშე. აცილების შემდეგ დარჩენილი 12 კანდიდატს სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს ნაფიც მსაჯულად, ხოლო ორი საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს, როგორც სათადარიგო მსაჯული.
ნაფიცი მსაჯულების შერჩევის შემდეგ, ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმის განხილვა თავიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, 5 ივნისის სხდომაზე, ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. 12 საათიანი ფიქრის შემდეგ მოსამართლემ მათ გონივრულ ვადად კიდევ ერთი საათი განუსაზღვრა, თუმცა გადაწყვეტილება მაინც ვერ მიიღეს.
ინფორმაციისთვის, გამოძიების ცნობით, გიორგი ოქროპირიძემ 2 სექტემბერს, ღამით, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ლაშა მახარაძეს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა, ბრალდებული კი, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გიორგი ოქროპირიძე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო წარმომადგენლებმა დააკავეს და 12 სექტემბერს სოფელ ერგნეთში ქართულ მხარეს გადმოსცეს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან