|
2018-10-08 16:35:29, 1339 ნახვა
სამხედრო
იზორია ტყვია-წამლის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე - ინფორმაცია, რომ ეს ვაზნები „შავ ბაზარზე“ იყიდებოდა, არ დასტურდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საბრძოლო ვაზნების უკანონო რეალიზაციის ფაქტზე 3 პირის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მიმდინარე წლის იანვარში უწყებაში ჩატარდა ინვენტარიზაცია, რაც ფაქტობრივი ტყვია-წამლის რაოდენობის დოკუმენტურად აღრიცხულთან შედარებას გულისხმობს. მისი თქმით, იმ დროის მონაცემებით დარღვევა არ გამოვლენილა, თუმცა 9 აგვისტოდან ჩატარებულმა მონიტორინგმა კონკრეტული დანაშაული გამოავლინა. ამასთან, მინისტრმა განმარტა, რომ აღნიშნულ დანაშაულს სახელმწიფოსთვის საფრთხე არ შეუქმნია. „არასწორად იქნა საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიწოდებული, თითქოს საბრძოლო მასალებზეა საუბარი. აქ საუბარია, მხოლოდ და მხოლოდ ტყვია წამალზე, კონტროლის მექანიზმები მართლაც, რომ არის უპრეცედენტოდ კარგი. მინდა მადლობა გადავუხადო სამხედრო პოლიციას ეფექტიანი მუშაობისთვის. სწორედ, ჩვენი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი ამ დანაშაულის გამოვლენა. კერძოდ, კონტროლის მექანიზმზე, როცა ვსაუბრობ, იანვრის თვეში ჩვენ ჩავატარეთ ინვენტარიზაცია, რაც ნიშნავს ფაქტობრივი ტყვია-წამლის რაოდენობის შედარებას, დოკუმენტურად აღრიცხულ ტყვია-წამლის რაოდენობასთან, აქ დარღვევა არ გამოვლენილა. შემდგომში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შედეგად, ჩვენ განვახორციელეთ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები, საუბარია 9 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე და სწორედ ამ პერიოდში მოხდა კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე დამნაშავეთა გამოვლენა. მე მოვისმინე ექსპერტების შეფასებები, თითქოს ეს იყიდებოდა „შავ ბაზარზე“, თითქოს სახელმწიფოს უსაფრთხოებას დაემუქრა ამით საფრთხე, ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ასეთი საფრთხე გამოირიცხება, იმიტომ რომ პიროვნებას, რომელსაც ეს ტყვია-წამალი ჰქონდა დანაშაულებრივი გზით, ჰქონდა მონადირის იარაღები და ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ ეს M4-ის ტიპის ვაზნები ადეკვატურია იმ სანადირო იარაღების, რომლებიც მათ ჰქონდათ და ასევე იმ პიროვნებას, რომელსაც ეს ტყვია-წამალი გადასცა. ასე რომ ამ ეტაპზე, ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ეს არის სწორედ, ჩვენი ოპერატიული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, კონკრეტული მტკიცებულების საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით ჩხრეკა ჩავატარეთ და ამოვიღეთ 6750-მდე ტყვია-წამალი", - განაცხადა იზორიამ. რაც შეეხება ფაქტის გაშუქებას, მინისტრმა განმარტა, რომ ინფორმაცია თავდაპირველად გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ გასაჯაროვდა. "მოგეხსენებათ, ასეთი ტიპის დანაშაულის გამოძიება, მით უფრო როდესაც არსებობს კითხვები სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ითხოვს რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოპოვებას. საგამოძიებო ორგანოებს ჰქონდათ სურვილი, რომ ეს ინფორმაცია ჯერ არ გასაჯაროებულიყო, ჩვენ ეს სურვილი გავითვალისწინეთ, ხოლო როდესაც კვირის დასაწყისში გამოიკვეთა, რომ არ არსებობდა სხვა მტკიცებულება, რომელიც ამ ეტაპზე თვალსაჩინოს ხდიდა სახელმწიფოსთვის საფრთხეს, მივიღეთ გადაწყვეტილება მისი გასაჯაროების. 2-3 კვირაში დაიწყება ამ საქმის არსებითი განხილვები სასამართლოში, ასე რომ ჩვენ ვიმოქმედეთ სწორედ საგამოძიებო ინტერესებიდან გამომდინარე, რათა მაქსიმალურად მიგვეღო ობიექტური ინფორმაცია, მაქსიმალურად თავიდან აგვეცილებინა საფრთხე“, - განაცხადა ლევან იზორიამ. შეგახსენებთ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით სამი პირი დააკავეს. „საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის, შენახვის განყოფილების საბრძოლო მასალის შენახვის სპეციალისტი გ. გ. დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებოდა ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის საშტაბო ასეულის მეთაურის მოადგილე ზ. მ.-სთან, რომლებიც შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ საბრძოლო მასალას კონკრეტულად (საბრძოლო ვაზნებს), მოქალაქე ს. ბ.-ს. დახმარებით ახდენდნენ რეალიზაციას. საქმეზე ჩატარებული საგამოძებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულების ბინიდან, დამხმარე სათავსოდან და ავტომანქანიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით საბრძოლო ვაზნები. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა, რომელთაც ბრალის დადასტურების შემთხვევაში ემუქრებათ 9-13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა“, - განაცხადა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ირაკლი ბაზერაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)